ვინ შეცვლის ყოლბაიას – კურტანიძე, თუ აბაშიძე?

ვინ შეცვლის ყოლბაიას – კურტანიძე, თუ აბაშიძე?

აფხაზეთის ა–რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გახდა, რომელმაც 14 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა. გამახარიას მხარი 5 დეპუტატმა არ დაუჭირა. თავმჯდომარის თანამდებობაზე გამახარიას კონკურენტი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, დავით ბაძაღუა იყო, რომელმაც არჩევნებამდე რამდენიმე წუთით ადრე კანდიდატურა მოხსნა. თავმჯდომარეს საბჭოს 19 დეპუტატი ირჩევს, თუმცა კანდიდატს გასამარჯვებლად მინიმუმ 10 ხმის მიღება სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ა–რ უმაღლესი საბჭოს არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ ტარდება, თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში თავმჯდომარის თანამდებობას გია გვაზავა იკავებდა. ახალი თავმჯდომარის განცხადებით 24–საათიან რეჟიმში იმუშავებს, რათა საკუთარი მისია შეასრულოს. გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და იმ კანონსაც შეეხო, რომელის მიხედვითაც აფხაზეთში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაზე სიკვდილით დასჯის შემოღება იგეგმება.

„აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება და განსაკუთრებით უმაღლესი საბჭო ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლება გახლავთ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ამოცანა იქნება ადამიანის უფლებების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც ფეხქვეშ ითელება წლების განმავლობაში. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, დეოკუპაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება.

რაც შეეხება სიკვდილით დასჯის კანონს, რომლის შემოღება იგეგმება, ეს ე.წ კანონი შეიძლება გამოყენებული იყოს სრულიად უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ, პოლიტიკური და ეთნიკური ნიშნით გააგრძელონ ქართული მოსახლეობის ფიზიკური განადგურება სწორედ ამ კანონის საფუძველზე. 21–ე საუკუნეში სიკვდილის დასჯის შემოღება არის ველურობა, თუმცა ველურობასთან ერთად ამ კანონს პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

აღსანიშნავია, რომ ახალი თავმჯდომარის წინააღმდეგ დევნილ საზოგადოებაში პრეტენზიები ნაკლებია, თუმცა იმედი, რომ ახალი თავმჯდომარე დევნილთა მძიმე მდგომარეობაზე იზრუნვებს, ნაკლებია. გამახარიას მოწინააღმდეგები ჰყავს უმაღლეს საბჭოში. დეპუტატი რაისა ქარაია ამტკიცებს, რომ გამახარია წელიწადი და რვა თვე თავმჯდომარეობისთვის ყველანაირი მეთოდით იბრძოდა. ის ერთადერთი დეპუტატი იყო, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და ამ ფორმით გამოხატა პროტესტი წარდგენილი კანდიდატის მიმართ.

„კაცი, რომელიც ამბობს: „შენ წადი მე უნდა მოვიდეო“, ჩემთვის მიუღებელია. წასვლის და ახლის მოსვლის საკითხი უნდა გადაწყვიტოს კოლექტივმა და თან იმ პერიოდში, როდესაც როტაციის დროა და არა წინასწარ, ცილისწამებებისა და არასწორი მოქმედებების ფონზე. ის ვერ შეკრავს გუნდს, ამის უნარი არ აქვს. სხვა რომ არაფერი, მას აფხაზეთში არც კი უბრძოლია.

აფხაზეთში არძიმბას განცხადებებს უწერდა, რომ ქართული პრეზიდიუმი დაშლილიყო და ახალი აერჩიათ ომის დროს. არ მომწონდა მისი ეს ქმედებები. მეგონა, რომ ადამიანურად მოინანია და ახლა სხვა პლატფორმაზე იდგა, მაგრამ ეს წელიწადნახევარი ის თავმჯდომარეობისთვის იბრძოდა ნებისმიერი მეთოდით და ეს ჩემთვის მიუღებელი იყო“, – განაცხადა რაისა ქარაიამ.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შემდეგ, ასევე იცვლება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რომელიც 6 წელია მოვალეობის შემსრულებელია. ყოლბაიას კანდიდატურას ხელი არ მოაწერა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც გია გვაზავასთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა, რომ ყოლბაიას დანიშვნაზე თანხმობის მიცემა მიზანშეუწონელი იმის გამოა, რომ ის ბოლო წლებში აფხაზეთის ოკუპანტ ძალასთან საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ კავშირში მყოფი პოლიტიკური გაერთიანების ერთ–ერთ ლიდერად იქცა, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს 2008 წლის ომის დაწყებაში.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ყოლბაია მოვალეობის შემსრულებელია, ეს არის საქართველოს კანონი „თავისუფლების ქარტია“, რადგან საბჭოთა კავშირის დროს, 1981–1989 წლებში, ვახტანგ ყოლბაია იკავებდა გალის რაიონში, რაიკომის მდივნის თანამდებობას, შესაბამისად, მას არ აქვს ზემოაღნიშნული თანამდებობის დაკავების უფლება. სწორედ ამ მიზეზის გამო ყოლბაიას დანიშვნას ხელი არც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოაწერა.

ყოლბაიას განთავისუფლებაზე დიდი ხანია საუბრობენ. როგორც საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, აფხაზეთის ა–რ ხელისუფლება ცვლილებებს საჭიროებს, რაც მათივე განცხადებით, ნიშნავს იმას, რომ ყოლბაია უნდა წავიდეს. მით უფრო, აუდიტის სამსახურის ხმაურიანი დასკვნის შემდეგ.

კერძოდ, მთავრობა წელიწადში რამდენჯერმე გასცემს სოციალურ დახმარებას ერთსა და იმავე პირებზე მაშინ, როცა მსგავსი პრობლემების მქონე სხვა ათასობით ადამიანს უარს ეუბნება. პირები, ვისზედაც სოციალური დახმარება გაიცა ყოფილი თანამდებობის პირებიც არიან. გარდა ამისა, დასკვნაში საუბარია მივლინების მიმართულებით არსებულ ხარვეზებზეც. საეჭვოა უცხოეთში განხორციელებული მივლინებების მიზნობრიობაც.

რაც შეეხება ყოლბაიას შემცვლელს, ამ დრომდე ორი კანდიდატურა განიხილება, ლუკა კურტანიძე, რომელსაც მმართველი გუნდის მხარდაჭერა აქვს. ასევე განიხილება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის რუსლან აბაშიძის კანდიდატურა, რომელსაც პრეზიდენტის მხარდაჭერა აქვს.