(იბეჭდება შემოკლებით)
ეკა ხოფერიამ ხელისუფლებას „პენალტი“ დაურტყა! რამ შეცვალა ეს ქალი, რამდენიმე დღის წინ არ იყო სააკაშვილთან ინტერვიუში რომ დნებოდაო, ასე ლაპარაკობდნენ ერთმანეთში „ნაციონალები“ შოუს შემდეგ, გვიან ღამით.
ასე არ ფიქრობს სახალხო დამცველი. სააკაშვილის სანაქებო ბიჭიც ალაპარაკდა, თანაც როგორ! ვინა თქვა, სოზარ სუბარი გიგა ბოკერიას ფანკლუბიდანააო. არა, ბატონებო, არ გამოდგა სოზარ სუბარი ინდაური და ჭუკი, როგორც მაია ნიკოლაიშვილმა მიუგოგმანა სახალხო დამცველს ეზოში.
„თავისუფლების ინსტიტუტის“ ბუდეში დაფრთიანებული სოზარ სუბარი რამდენიმე დღეში მწვავე განცხადებებს გააკეთებს. სახალხო დამცველი გირგვლიანის მკვლელობას პროკურატურის პარალელურად იძიებდა და დასკვნები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. სოზარ სუბარი „ალიას“ ექსკლუზიურად უმხელს, რომ ის განსაკუთრებულ აქცენტს სწორედ შარდენ-ბარის სუფრის წევრებზე გააკეთებს. ასე რომ, წინ ეკა ხოფერიას შოუზე მაგარი სანახაობა გველის.
ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული შტაბი მწვავე რევოლუციური ლოზუნგებით გამოდის: ძირს მიშა! მათ განსაკუთრებული პრეტენზიები აქვთ შსს-სთან, სასამართლოსთან და რეფორმებთან. თქვენ არ შეაფასებთ ამ მოვლენებს?
- მე პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ, ვერცერთ შემთხვევაში. რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის პროცესს, მე რამდენიმე დღეა ვაკვირდები გამოძიებას და სასამართლოს. თავის მხრივ, დაწყებული გვაქვს ამ პროცესის გამოძიება და თუ კი რამდენიმე დღეა განცხადება არ გამიკეთებია, მხოლოდ იმიტომ, რომ თავად ვაწარმოებ გამოძიებას და ცოტა ხანში სკანდალური ხასიათის დასკვნებს დავდებთ. სხვათა შორის, სასამართლო პროცესზე ჩვენი წარმომადგენლებიც არ დაუშვეს. ჩვენ დეტალურ ანალიზს გავაკეთებთ და მალე გავახმაურებ. თუმცა პირადად ჩემი პიროვნული დასკვნა უკვე გაკეთებული მაქვს.
რა დაასკვენით?
- ახლა არ გეტყვით. რადგან რამდენიმე დღეში მე გავაკეთებ ჩემს დასაბუთებულ დასკვნებს. არ მინდა, რომ რაიმენაირი პოლიტიკური შეფასება მიეცეს ჩემს ამჟამინდელ მწვავე განცხადებებს.
რა, თქვენზეც ზეწოლებია ბოკერიასგან ან მერაბიშვილისგან?
- არა, პირდაპირ ზეწოლა არ ყოფილა. თუმცა რასაც მე ვაცხადებ ხოლმე, ძალიან ხშირად მიუღებელია ხოლმე არაერთი ადამიანისთვის ხელისუფლებაში. დაწყებული ჯერ კიდევ კეხვის ინციდენტიდან, როცა მიხეილ ქარელი გავაკრიტიკე არაკანონიერი საქციელის გამო. ხელისუფლებიდან ხშირად არ მოსწონთ ხოლმე ჩემი პოზიციები. პირდაპირი ზეწოლა ჩემზე არ ყოფილა და ვერც იქნება, გარწმუნებთ.
ბატონო სოზარ, დღეს ოპოზიცია არ მიუშვეს ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან. რამდენად სამართლებრივად მოიქცა ხელისუფლება, როცა მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვის უფლება არ მისცა?
- ნებისმიერ ადამიანს, საქართველოს მოქალაქეს, კონსტიტუცია ანიჭებს უფლებას, მივიდეს სადაც უნდა და გამოხატოს პროტესტი, როგორც უნდა! ამასთან დაკავშირებით მინდა ისიც ვთქვა, რომ ირაკლი კაკაბაძე და მისი თანამოაზრეები აბსოლუტურად უკანონოდ იმყოფებიან პატიმრობაში, რადგან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ეკა ტყეშელაშვილმა აბსოლუტურად უკანონოდ გამოუტანა მათ ასეთი ერთპიროვნული ვერდიქტი. თანაც რომელი კანონითაც მან ეს გააკეთა, ყველანაირ ჩარჩოებს სცილდება. აქ მანიფესტაციების შესახებ კანონის გამოყენება უფრო შეიძლებოდა, ვიდრე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის გამოყენება ამ „მისიისთვის“. რადგან კაკაბაძე საკუთარ პროტესტს გამოხატავდა სასამართლოს შენობის გარეთ. მიმაჩნია, რომ ასეთი ქმედებები კარგს არაფერს მოგვიტანს და აუცილებელია მისი დროულად აღკვეთა. ჯერჯერობით პრეზიდენტთან შეხვედრის არანაირი სურვილი მაქვს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით არ დამიგეგმავს.“
სოზარ სუბარი გირგვლიანის მკვლელობასა და სასამართლოს რეფორმაზე კიდევ უფრო მწვავედ პარლამენტში გამოვა. თუ კი გამოსვლა მართლაც ისეთი მწვავე იქნება, როგორსაც სუბარი გვპირდება, შესაძლოა, უმრავლესობა ფეხების ბაკუნს მოჰყვეს. გამორიცხული არც ის არის, რომ საჯარო განცხადებებიდან და გამოძიების დასკვნებიდან მალევე სოზარ სუბარი ოპოზიციაში გადაბარგდეს. უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ სოზარის „ნათლობა“ დიდ ოპოზიციაში სწორედ იმ საგამოძიებო დასკვნის მერე მოხდებაო. თუმცა მანამდე სახალხო დამცველისგან გირგვლიანის პროცესის შეფასებებს ოპოზიცია ელოდება. სუბარი კიდევ აცხადებს, მაცალეთ, უფრო მაგარ კომპრომატებს დავდებ ახალაია-სალაყაია-სანოძე-დონაძეზეო!