"ამ ამბავს პირველად ვყვები... კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს"- რას ყვება "ჩაქუჩა" ციხიდან

ავთანდილ ხურციძის ამბავი მთელმა საქართველომ იცის: ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ქართველი მოკრივე რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდებით 2017 წლის 8 ივნისს ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, გასული წლის სექტემბერში კი 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. "ჩაქუჩა" ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ მისი დანაშაულის მტკიცებულება არც ბრალდების მხარეს აქვს და სჯერა, რომ ამერიკულ ციხეში დიდხანს აღარ დარჩება.

- დამნაშავე არა ვარ და არც თავისუფლების იმედი დამიკარგავს. გული იმაზე მწყდება, რომ ჩემს საქმეს "რუსი მაფიოზი" აწერია და ასეც გამასამართლეს, იმის მიუხედავად, რომ პროცესს ოთხი ქართველი თარჯიმანი მითარგმნიდა. მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს, მაგრამ კიდევ უფრო მკაცრი რეჟიმის საპატიმროშიც რომ გადამიყვანონ, ვპირდები ქართველ ხალხს, რომ იქაც პირველი ვიქნები ჩემი პატიოსნებით, დისციპლინითა და რეჟიმით!

არასდროს ვყოფილვარ არც "ძველი" და არც "ქუჩის" ბიჭი, სიმართლის, პატიოსნების და ვაჟკაცობისთვის კი გაქანებულ მატარებელს დავეტაკები და ვარ კიდეც დატაკებული..."- აცხადებს ხურციძე.