ეს ისტორიაა ფეხბურთელისა, რომელიც სსრკ-ს ჩემპიონი და თასის მფლობელი იყო, ცხოვრებაში ყველაფერი დაკარგა და 55 წლის ასაკში ბომჟია.
ბორის დერკაჩი ხარკოვის "მეტალისტში" 17 წლის აიყვანეს, 1986 წელს ამ გუნდის შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის თასი მოიგო და 1990 წელს ცნობილმა მწვრთნელმა ვალერი ლობანოვსკიმ კიევის "დინამოში" წაიყვანა, სადაც სსრკ-ს ჩემპიონი გახდა და კიდევ ერთხელ მოიგო თასი.
შემდეგ კაზინოში თამაში დაიწყო და ცუდ დღეში ჩავარდა. "ერთხელ შევედი კაზინოში - მოვიგე, მეორედაც, მესამედაც, შემდეგ კი 20 ათასი დოლარი წავაგე. მაშინ ეს დიდი ფული იყო, 15 ათასად კრეშატიკზე სამოთახიანი ბინა შეგეძლო გეყიდა. "დინამოში" დაახლოებით ათასი დოლარი მქონდა ხელფასი. რაღაც უნდა მეღონა.
ბულგარეთის "ლევსკიში" გადავედი. გასამრჯელო დიდი არ მქონდა, მაგრამ 25 ათასი "პადიომნი" მომცეს და ვალები გავისტუმრე. კიდევ ერთი წელი რომ დავრჩენილიყავი, კონტრაქტის მიხედვით "დინამო" ახალ "მერსედესს" დამიტოვებდა. მოკლედ, ისიც ჩავაბარე. არადა, ჩემპიონთა ლიგაზე შემეძლო მეთამაშა, მაგრამ იძულებული ვიყავი გუნდი გამომეცვალა", - იხსენებს დერკაჩი.
"ლევსკიში" ბორისმა დამკვიდრება ვერ მოახერხა და უნგრეთის "ნიდერჰაზაში" გადაბარგდა, სადაც თვეში 400-500 დოლარს უხდიდენ, მალე კი კლუბი გაკოტრდა და მან 29 წლის ასაკში ფეხბურთის თამაშს თავი დაანება.
1993 წელს დერკაჩი ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად ბუდაპეშტში დასახლდა, სადაც დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მოხვდა, გააგზავნეს სუტენიორთან საქმის გასარჩევად და სუტენიორს და ორ უკრაინელ მეძავს პისტოლეტიდან ესროლა. ცეცხლი მასაც გაუხსნეს. დაიჭრა, დაიჭირეს და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდა.
"არავინ არ მომიკლავს, თორემ იქ მკაცრი კანონებია და სამუდამო პატიმრობას მომისჯიდნენ. ნერვებმა მიმტყუნა და გაქცევა გადავწყვიტე. უნგრეთის ციხეებში ჩვენებურებს ძალიან ცუდად ექცევიან. გარედან დამეხმარნენ, ხერხი და თოკი შემომიგზავნეს. საკანში მეორე იარუსის საწოლზე ასაძრომად 2 ცალი მეტრონახევრიანი კიბე გვქონდა. მეზობელი საკნებიდანაც დამეხმარნენ, ერთში ქართველები იჯდნენ, მეორეში ჩეჩნები და ბელარუსები. კიბეები მომცეს.
იზოლიატორში 15 ვიყავით, მათგან 6 საბჭოელები. ადგილობრივ პატიმრებს ჩვენი ეშინოდათ. ჩვენი საკანი მესამე სართულზე იყო. კიბე ექვსმეტრიან ღობეზე გადასასვლელად გვჭირდებოდა, რომელსაც მავთულხლართი ჰქონდა შემოვლებული. 1995 წლის 31 დეკემბერს საკნიდან გავაღწიეთ, მაგრამ შეგვამჩნიეს და კოშკურებიდან ცეცხლი გაგვიხსნეს - ამერიკული "რემინგტონიდან". შორს იყვნენ და ვერაფერი ვერ დაგვაკლეს. ღობეზე გადაძრომისას მავთულხლართზე დავზიანდი. ამან დამღუპა. მაგრად ვერ გავიქეცი და ტყეში ძაღლებმა დამიჭირეს. ვინც ჩემთან ერთად გაიქცა, ვერ დაიჭირეს. მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს და მხოლოდ 5 წლის შემდეგ დააპატიმრეს.
ერთი სიტყვით, 5 წელი დამიმატეს და გამომივიდა 16 წელი. ოლგ ლუჟნიმ მიშველა, რომელიც მაშინ ლონდონის "არსენალში" თამაშობდა. მისი აგენტი შანდორ ვარგა შემხვდა, 10 ათასი დოლარი გადმომცა, ახალი ადვოკატები ავიყვანე და უკრაინის ციხეში გადაყვანას მივაღწიე.
გაქცევას არ ვნანობ. ლობანოვსკი ამბობდა:"ყველაფერი იქნება ისე, როგორც უნდა იყოს. თუნდაც რომ არ იყოს ისე". ღმერთმა გამოცდა მომიწყო და თან დამიფარა. ბევრი რამ გადავიტანე. 7 წელი მარტო ვიმყოფებოდი კარცერში. ამას ყველა ვერ გაუძლებს", - ამბობს დერკაჩი.
2005 წლის აპრილში ის გაათავისუფლეს, მეგობრებმა ძველი ავტომობილი უყიდეს და ხარკოვში ტაქსაობა დაიწყო. ხელმეორედ დაქორწინდა, შეეძინა შვილები: არტიომი და ანა. ძველმა მეგობარმა ახრიკ ცვეიბამ სკაუტად დააწყებინა მუშაობა
თუმცა, ჭკუა მაინც ვერ ისწავლა, ისეც დაიწყო კაზინოში თამაში და სმა, ვალებში ჩავარდა და ოჯახი დაენგრა. 2017 წელს ნაცნობებმა მალაიაზიაში სამუშაოდ წაიყვანეს. მშენებლობაზე 700-800 ევროს უხდიდნენ. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ გალოთდა და რუს ტურისტებს დასალევის სანაცვლოდ თავის "გმირულ ისტორიას" მოუთხრობდა.
2019 წლის 23 მარს პატრულმა უგონოდ და უსაბუთოდ მყოფი ბორისი ქუჩაში აღმოაჩინა, ჰოსპიტალში გადაიყვანეს, უმკურნალეს, მაგრამ მძიმედაა ავად, ფსიქიკური პრობლემები აქვს. უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ დერკაჩს სამშობლოში დაბრუნება არ სურს, ვინაიდან არავინ არ ელის, იქ კი ყოფნის უფლება არა აქვს და ჯარიმა (2.5 ათასი დოლარი) უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში ჩასვამენ, რასაც ასეთ მდგომარეობაში მყოფი ვერ გადაიტანს, მოკვდება და უკრაინაში გადამსვენებელიც არავინ არა ჰყავს.
"დინამომ" და "მეტალისტმა" განაცხადეს, რომ ასეთი ადამიანი დახმარებას არ იმსახურებს.