პატრიარქი „იმედის“ ეთერით გასულ „მოდელირებულ ქრონიკას“ გამოეხმაურა

პატრიარქი „იმედის“ ეთერით გასულ „მოდელირებულ ქრონიკას“ გამოეხმაურა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გმობს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გასულ „მოდელირებულ ქრონიკას“ და ხელისუფლებას მიმართავს, ამ მოვლენებს მეტი ყურადღება მიაქციოს.

„ არ შეიძლება, უკონტროლო იყოს ესა თუ ის არხი და ასეთ უმსგავსობებს გადასცემდეს“, - ბრძანა უწმინდესმა გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

ილია მეორის განცხადებით, ამ გადაცემით შეურაცხყოფილია საქართველოში მცხოვრები თითოეული ადამიანი და ქართული ჯარი, რადგან სიუჟეტში ასახულია, თუ როგორ გადადის ჯარის ნაწილი მტრის ბანაკში.

„ეს გადაცემა ხალხმა მიიღო, როგორც სინამდვილე და თუკი ეს მართლაც მოხდა, ხალხი ამას აღარ დაიჯერებს. შევთხოვოთ უფალს, რომ სიმართლისა და ჭეშმარიტების გზაზე დავდგეთ“, - ბრძანა უწმინდესმა.