კრიზისი საკრედიტო ბაზარზე - გაკოტრებულთა რიცხვი მოიმატებს

კრიზისი საკრედიტო ბაზარზე - გაკოტრებულთა რიცხვი მოიმატებს

საფინანსო ბაზარზე ვითარება სულ უფრო რთულდება. გაკოტრების პირას მყოფი ორგანიზაციების რიცხვს „ჯაბა კრედიტი“ შეემატა და ეს არ იქნება ბოლო მიკროსაფინანსო, რომელიც კრიზისში ჩაიძირა. სავარაუდოდ, მის გზას კიდევ არაერთი საკრედიტო ორგანიზაცია გაჰყვება.

„ჯაბა კრედიტის“ წინააღმდეგ 75-მა დაზარალებულმა პროკურატურას საჩივრით მიმართა. მათი ადვოკატის ბექა ხოხობაშვილის განცხადებით, საუბარია 500-მდე ადამიანზე, რომელთათვისაც კომპანია კუთვნილი თანხების დაბრუნებას ვერ ახერხებს.

„თანხები არის კოლოსალური, 14-დან 17 მლნ ლარზეა საუბარი. სავარაუდოდ, იკვეთება თაღლითური ფინანსური პირამიდის ნიშნები, რომელშიც ასევე, შესაძლოა მონაწილეობას იღებდნენ: შპს „გრანდფინანსი“, შპს „ბოა კრედიტი“ და შპს „კრედიტ გროუფი“. აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით მტკიცებულებებსაც წარმოვადგენთ უახლოეს მომავალში.

ამის თქმის საფუძველს კი იძლევა ის ფაქტი, რომ ზოგ მეანაბარეს შეტანილი აქვს „ბოა კრედიტზე“ და შემდეგ გადაკვალიფიცირება მოხდა „ჯაბა კრედიტზე“, „გრანდფინანსმა“ საერთოდ პაკეტი შეიძინა „ჯაბა კრედიტის“, შესაბამისად წარმოიქმნა შესაძლებლობა, რომ ხალხი დარჩებოდა თანხების გარეშე“, - განაცხადა „საქმის კურსის“ ეთერში მეანაბრეების ადვოკატმა ბექა ხოხობაშვილმა.

დაზარალებულების ინფორმაციით, „ჯაბა კრედიტის“ ანგარიშებს 2018 წლის დეკემბრიდან ინკასო ადევს.

სარჩელს და ადვოკატის განცხადებას მალევე გამოეხმაურა თავად პრობლემებში მყოფი კომპანიაც. წერეთლის გამზირზე არსებულ „ჯაბა კრედიტის“ ერთადერთ სერვის ცენტრში „ბიემის“ კითხვებს ოპერატორმა თამარ ბზიშვილმა უპასუხა.

მისი თქმით, მოქალაქეების თანხები, რომლებიც შეტანილია „ჯაბა კრედიტში“, ჩატვირთულია სესხებში, რომელთა ვადიანობაც მინიმუმ სამი წელია. ამიტომ, მეანაბრეები ეტაპობრივად დაკმაყოფილდებიან, როდესაც კომპანიაში პარალელურ რეჟიმში სესხები დაიფარება.

„მსესხებელი ყოველთვიურად იხდის გადასახადს და ვერ დავავალდებულებთ, რომ ერთიანად გადაიხადოს თანხა. შესაბამისად, როგორც კი დაიხურება სესხები, ეტაპობრივად გაიცემა თანხებიც. კომპანიაც მუშაობს იმაზე, რომ დააკმაყოფილოს მეანაბრეები“, - აცხადებს თამარ ბზიშვილი.

მისი თქმით, კომპანიამ თამასუქებს ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ აღარ იღებს, მას შემდეგ, რაც ამ ოპერაციისთვის ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია გახდა საჭირო. შესაბამისად, კომპანიამ თამასუქების მიღება დაახლოებით ერთი წლის წინ შეწყვიტა. სადავო დღეს სწორედ ძველ პერიოდში მიღებული თამასუქებია.

კომპანიაში აღიარებენ იმასაც, რომ სახელმწიფოს მიმართ დავალიანება აქვთ და ამის გამო მათ ანგარიშებს ინკასო ადევს, თუმცა კომპანიის ოპერატორი მეტ დეტალზე ვერ საუბრობს.

რაც შეეხება ფილიალებს, როგორც „ჯაბა კრედიტში“ აცხადებენ, ამჟამად 13-დან მხოლოდ ერთი ფილიალი აქვთ დარჩენილი, დანარჩენი კი კომპანია „გრანდ ფინანსმა“ შეიძინა.

ვითარება რთულია არა მარტო „ჯაბა კრედიტის“ მიმართულებით. ზოგადად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ძალიან მძიმე პერიოდია. ეკონომიკის დოქტორი გოჩა თუთბერიძე მიიჩნევს, რომ ძალიან ბევრი მიკროსაფინანსო და საკრედიტო ორგანიზაცია მიჰყვება „ჯაბა კრედიტს“.

„ეს არის, იმ სამწუხარო პოლიტიკის შედეგი, რასაც ბოლო პერიოდში ახორციელებს ეროვნული ბანკი. პრობლემა დღეს არ დამდგარა, დაახლოებით 8 თვეა, კულუარულად ყველა საუბრობს, რომ ძალიან ავიწროებს რეგულაციები ამ ბიზნესს, თუმცა რატომღაც ჩუმად იყვნენ აქამდე. ეტყობა, ეშინოდათ ხმის ამოღების“, - აცხადებს თუთბერიძე.