„ივანიშვილს პოლიტიკიდან გაქცევაზე უჭირავს თვალი, პოლიტიკა მისთვის ტვირთია და ამ ტვირთის ტარება არ უნდა“

„ივანიშვილს პოლიტიკიდან გაქცევაზე უჭირავს თვალი, პოლიტიკა მისთვის ტვირთია და ამ ტვირთის ტარება არ უნდა“

საქართველოს პრეზიდენტი „შპიგელთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, თუმცა პარტიამ, რომელიც ივანიშვილმა დატოვა, სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო და გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პარტიის ლიდერთა რიგებიდან რჩევის საკითხავად მასთან მიდიოდნენ.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების უკანასკნელი შემთხვევა არის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აშკარა დისტანცირებას მოახდენს პოლიტიკიდან. საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუს პათოსს არ იზარებს უმრავლესობა. დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, „ქართულ ოცნებაში“ იყოს ისეთი ავტორიტეტული ფიგურა, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი.

„მგონია, რომ მთავარ განცხადებას უნდა დავუბრუნდეთ, რაც თქვა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებისას. მან თქვა, რომ პარტიის სტრუქტურების გასაძლიერებლად მოვიდა. ქალბატონი სალომეს განცხადებებიც დაახლოებით ამ შინაარსს ატარებს. მას არაერთხელ უთქვამს, რომ პოლიტიკაში ყოფნის განსაკუთრებული სურვილი არ აქვს, თუმცა გრძნობს პასუხისმგებლობას და აქედან გამომდინარე გადადგმული ნაბიჯია. იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ იყოს კონსოლიდირებული, მნიშვნელოვანია, ისეთი ავტორიტეტული ფიგურა იყოს პარტიის სათავეში, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

უმრავლესობაში აღიარებენ, რომ პარტიაში იყო პრობლემები და სწორედ ამიტომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ სიტუაციის კონტროლზე აყვანა რაღაც მიმართულებით შეძლო, რაღაც მიმართულებით ვერ შეძლო. ამ პათოსს იზიარებს უმარვლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია, რომლის განცხადებით, ივანიშვილმა დაინახა, რომ დაბრალებულ ლიდერებს პარტია ჩიხში შეჰყავდათ.

„ბიძინა ივანიშვილის გარდა, არავინ აღმოჩნდა რაიმე ავტორიტეტისა და სანდოობის, რომელიც პარტიის წევრებთან კომუნიკაციას ეფექტურად შეძლებდა. მან დაინახა, რომ დაბრალებულ ლიდერებს, რომლებსაც გარკვეული პოზიციები ჰქონდათ, თუმცა არა პოლიტიკური გამოცდილება და სანდოობა, რათა პროცესები სწორად წარემართათ, პარტია ჩიხში შეჰყავდათ.

ვნახეთ ძალიან რთული კრიზისული მომენტები, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ როლში იძულებით დაბრუნდა. დღეს ფაქტია, მის გარდა არავინაა, ვინც გარკვეული პროცესის წარმმართველია. ალბათ, ყველაფერს აქვს დასასრული. არჩევნებზე ვნახოთ, ხალხი გადაწყვეტს“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პრეზიდენტის „შპიგელთან“ ინტერვიუსს პათოსს იზიარებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, პარტიის შიგნით არსებული დაპირისპირება დიდი საიდუმლო არ არის და ამ მიზეზებზე თავად ივანიშვილმა ისაუბრა.

„ამ მობრუნებას აქვს თუ არა ხარვეზი, ეს სხვა თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ თვითონ ივანიშვილს პოლიტიკიდან გაქცევაზე უჭირავს თვალი. ერთი სული აქვს როდის დაანებებს თავს და ეს უდავო არის. პოლიტიკა, როგორც ვალდებულება მისთვის ტვირთია, ამ ტვირთის ტარება არ უნდა და ეს ახალი მოვლენა არ არის“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პატრიის დაკომპლექტებას, რაზეც სალომე ზურაბიშვილის განცხადებით დამოკიდებულია ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლა, საყვარელიძე ამბობს, რომ პარლამენტის დაკომპლექტებაში ჩართულია ივანიშვილი და თუ მის მიერ რჩეული ადამიანები ვერ უძღვებიან საქმეს ისე, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ, ეს ივანიშვილის შეცდომა და პრობლემაა.

„ჩვენი, როგორც ამომრჩევლის პრობლემა ის არის, რომ სხვა გზა არ გვაქვს და უნდა მივყვეთ ივანიშვილის შემოთავაზებულ ვარიანტებს. ბიზნესში უზარმაზარი გამოცდილება აქვს და ბუნებრივია, რომ ბიზნესში შემსრულებელი უნდა ბიზნესმენს, მაგრამ პოლიტიკაში გამოუცდელმა ივანიშვილმა უნდა გაითავისოს, რომ პოლიტიკაში ცოტა სხვანაიარდ არის საქმე. შემსრულებლობა პოლიტიკაში უფერულ პიროვნებებს გულისხმობს, უფერული ხდება პიროვნება ასეთ დროს. პოლიტიკა ვერ იტანს უფერულ ადამიანებს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ექსპერტის გია ხუხაშვილის განცხადებით, პარტიის მართვის სისტემა ისე არის აწყობილი, რომ ივანიშვილის რესურსების გარეშე ფუნქციონალური არ არის. „ქართული ოცნება“ არ არის კლასიკური ტიპის პარტია, რომელსაც გამოკვეთილი იდეოლოგია და მსოფლმხედველობა აქვს. შესაბამისად, ხუხაშვილი ამბობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში პარტია სიცოცხლისუნარიანი ვერ იქნება, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ლიდერი, თუ ძალაუფლების წყარო.

„ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, მთლიანად დგას ბიძინა ივანიშვილის მხრებზე. წარმოვიდგინოთ, რომ კონსტრუქციას გამოაცალო საძირკველი რა მოხდება. მესმის სალომე ზურაბიშვილის რიტორიკა, რომელიც მე ძალიან დიდი ხნის წინ მაქვს გავლილი, ეს ძალიან მიამიტი გაგებაა იმ ყველაფრის, რაც ქვეყანაში ხდება, ე.წ. გაპრავების მცდელობაა და მეტი არაფერი“, – ამბობს გია ხუხაშვილი.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლის ფუფუნება დიდი ხანია არ აქვს, რადგან პარტია „ქართული ოცნება“ არის ერთგვარი პარაზიტული წარმონაქმნი, რომელიც მთლიანად პარაზიტირებს და იკვებება ივანიშვილის რესურსებით.

„იდეაში ვეთანხმები იმას, რომ 2020 წლის შემდეგ ივანიშვილი წავა პოლიტიკიდან, მაგრამ წავა არა იმიტომ, რომ ეს მისი ნება იქნება, არამედ იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ვერ მოიგებს არჩევნებს. ამის არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. ეს კონსტრუქცია ისედაც ინგრევა, ენდომება ეს ივანიშვილს თუ არა, ამის მიუხედავად მოუწევს წასვლა - გრძელვადიან პერსპეტივაში ეს პოლიტიკური ძალა განწირულია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.

სოციალისტი ხუხაშვილი არ გამოგრჩეთ როგორმე! ფუ... მაგის ექსპერტობა რა ვთქვი?!
5 წლის უკან
tngh აღარ დაძმარდა ეს "ხუხა"??? კონიაკი ხომ არ არის დაძველებით ფასი, რომ მოემატოს??? დაძმარებას ვინ ჩივის, მე მგონი მსხალივით დალპა...
5 წლის უკან