უმარვლესობამ ბესელია–კვაჭანტირაძეს განაჩენი გამოუტანა

უმარვლესობამ ბესელია–კვაჭანტირაძეს განაჩენი გამოუტანა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის – PACE–ს დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში ზვიად კვაჭანტირაძეს არჩილ თალაკვაძე შეცვლის, ხოლო დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობაში დეპუტატ ეკა ბესელიასსოფო კილაძე ჩაანაცვლებს. ძირითადი შემადგენლობიდან PACE–ს სათადარიგო შემადგენლობაში გადაინაცვლებს ამასთან, დეპუტატი ირინა ფრუიძე.

პარლამენტმა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების განახლებული შემადგენლობის თაობაზე დადგენილების პროექტი დაამტკიცა. განახლდა 10 მუდმივმოქმედი დელეგაცია, რომელთა შორის არის ევროსაბჭოს დელეგაციაც. ევროსაბჭოს დელეგაციაში გადანაწილებული კვოტები გახდა ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრების პროტესტის მიზეზი.

ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან გოგიჩაიშვილი ითხოვდნენ, ამ დელეგაციაში ადგილები დამოუკიდებელ დეპუტატებსაც ჰქონოდათ. მათ საპასუხოდ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტ​ის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განმარტა, რომ დელეგაციების განახლების მიზეზი გახდა საპარლამენტო პროპორციული წარმომადგენლობის ცვლილება.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კვოტები არ შეცვლილა და ის გადანაწილდა იგივე პოლიტიკურ ძალებზე, როგორც არიან მოქმედი წარმომადგენლები. დამოუკიდებელ დეპუტატებს ევროსაბჭოს დელეგაციაში წარმომადგენლობა არასდროს ჰყოლია“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

აღსანიშნავია, რომ PACE-ს დელეგაციაში დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის კვოტა გათვალისწინებული არ არის, ამის მიუხედავად, დელეგაციის ფორმირებაა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ხმაურის მიზეზი. ეკა ბესელია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ზიანს მიაყენებს, რასაც არ იზრებენ უმრავლესობაში და აცხადებენ, რომ დელეგაციების ახალი შემადგენლობა უმრავლესობისა და უმცირესობის შიგნით ცვლილებებს უკავშირდება.

„საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განაახლა დელეგაციების შემადგენლობა. აქ არანაირი პოლიტიკური სპეკულაციები არ შეიძლება იყოს და არაფერი ისეთი არ ხდება, რაც პარლამენტის პოლიტიკურ ტრადიციებს არ შეესაბამება, ვინაიდან დელეგაციების განახლება მოხდა ყველგან, მათ შორის ამ დელეგაციის. შესაბამისად, ცალკე დისკუსია არ შემდგარა“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

დეპუტატი ეკა ბესელია შურისძიებაზე საუბრობს და არ ესმის რას ნიშნავს, როდესაც 10–კაციან დელეგაციაში 11 კაციანი დამოუკიდებელი დეპუტაციისთვის არც ერთ კვოტას არ გამოყოფენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

„რა არის ეს თუ არა სადამსჯელო აქტი. პარლამენტს ნუ დავამსგავსებთ პერსონალური შურისძიების ადგილს. პარლამენტის წევრის საქმიანობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ არის მისი საქმიანობის ერთიანი შემადგენელი ნაწილი და პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვა არის საპარლამენტო საქმიანობის ერთ–ერთი პრინციპი. ეს პროცესი სადამსჯელო ღონისძიებას და პერსონალურ გადაწყვეტილებებს ჰგავს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრს გიგა ბოკერიას აინტერესებს რატომ არ იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში. ბოკერიას განცხადებით, სამარცხვინოა, როდესაც კვოტების გადანაწილება პოლიტიკური პროცესების შესაბამისად ხდება.

„თუ უმრავლესობამ იცის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იანვრამდე არ შეიცვლება, რატომ აქვს პოლიტიკური ხუშტური, რომ ბესელია ამ დელეგაციის შემადგენლობაში აღარ იყოს, გაურკვეველია, რატომ მოამზადა „ოცნებამ“ ისეთი დებულება, რომელიც ევროსაბჭოს პრინციპებს ეწინააღმდეგება.

პოლიტიკურად სამარცხვინო გადაწყვეტილება არის, პერსონალური ნიშნით და პოლიტიკური ნიშნით დარღვევა იმისი, რაც ყველამ ვიცით, რომ ევროსაბჭოში არის კონკრეტული სტანდარტი და სურვილი, რომ დასაჯო სწრაფად ადამიანი იმიტომ, რომ პოლიტიკურად გატკინა შენ, არის სამარცხვინო“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

დელეგაციის დაკომპლექტება მმართველ გუნდში ახალი დაპირისპირების მიზეზი ხდება. უმრავლესობის ყოფილი წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ 2016 წელს დელეგაციაში დარჩენა ბიძინა ივანიშვილს სთხოვა, რომელიც მაშინ პარტიის მმართველობას ოფიციალურად ჩამოცილებული იყო, თუმცა როგორც კვაჭანტირაძის განცხადებიდან ირკვევა, ჩართული იყო დელეგაციის დაკომპლექტებაში.

„2016 წლის მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებისთანავე, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ყველა საპარალამენტო მეგობრობის დელეგაციებიდან გამომიყვანეს ისე, რომ ჩემთვის არ შეუთანხმებიათ. თუმცა ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილს ვესაუბრე, რომელიც მაშინ პარტიის თავმჯდომარე არ იყო და დელეგაციაში დამტოვეს.

დელეგაციიდან ჩემი გამოყვანა მეორედაც უნდოდათ, დახმარებისთვის ისევ ივანიშვილს მივმართე, ის ამ დროისთვის უკვე პარტიის თავმჯდომარე იყო. დელეგაციიდან ჩემი და ეკა ბესელიას გამოყვანა საერთაშორისო სკანდალი იქნება. პარლამენტი ერთი ადამიანის – ირაკლი კობახიძის ხუშტურებით იმართება“, – აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.