მას შემდეგ, რაც გლდანის ციხეში პატიმართა წამების ამსახველი კადრები გავრცელდა, “ქართული სიტყვის” ელექტრონულ ფოსტაზე ადვოკატ ზურაბ ჯორბენაძის წერილი მოვიდა. “ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და ვცდილობდი, პოლიტიკაში არ ჩავრეულიყავი, რადგან ჩემი ძმა, ომარ ჯორბენაძე სააკაშვილის სასამართლოს ყველაზე გამოჩენილი მოსამართლეა... მე თვითონ ვიჯექი იქ, გლდანის მე-8 საპყრობილეში და ჩემი თვალით მაქვს ნანახი ყველაფერი, ძალადობა საკუთარ თავზე გამოცდილი,” _ წერს ბატონი ზურაბი. მისივე თქმით, “საკმარისი არ არის რამდენიმე თანამდებობის პირის, ე.წ. პაიკის დაპატიმრება და პასუხისგებაში მიცემა, საკმარისი არ არის მინისტრების თანამდებობიდან გადადგომა... თუ სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება გვინდა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა ის მაღალი თანამდებობის პირი, ვინც ამ რეჟიმის უშუალო შემოქმედია.” “ქართული სიტყვა” გთავაზობთ გლდანის ციხის ყოფილი ტუსაღის, ადვოკატ ზურაბ ჯორბენაძის შემაძრწუნებელ მონათხრობს, რომელსაც ავტორი “ნაციონალურ ჯოჯოხეთს” უწოდებს. აქვე, აღვნიშნავთ, რომ პატიმართა გვარ-სახელები, ეთიკური მოსაზრებით, შეცვლილია. ციხის უფროსი კი, იმ დროს, როცა ბატონი ზურაბი გლდანის ციხეში სასჯელს იხდიდა, როგორც თვითონ ამბობს, ალექსანდრე მუხაძე იყო. სხვათა შორის, ალექსანდრე მუხაძე ვლადიმერ ბედუკაძის, ანუ იმ ადამიანის მონათხრობშიც ფიგურირებს, ვინც წამების ფაქტებს იღებდა და ვინც ეს კადრები სააშკარაოზე გამოიტანა. აქვე, “ქართული სიტყვა” წერილში გამოყენებული უცენზურო სიტყვებისთვის ბოდიშს გიხდით...
¹8 საპყრობილე
ციხის ე.წ კარანტინის საკნის კარი იღება და საშუალო სიმაღლის, საშუალო ასაკის, ღიპიანი, დიდთავა, ლოყებღაჟღაჟა და მელოტი კაცი მთელი ხმით ყვირის, გამოდით, ხელები ზურგზე, ჩქარა, თქვენი დედა მოვ...ნ. პატიმრები ერთ რიგად გამოდიან და დერეფნის კედელთან ორ რიგად დგებიან. მოწყობილი რიგის წინ ხუთი ზედამხედველი, სამი ოფიცერი და ერთი უფროსი ოფიცერი დგას. ცვლის უფროსს ხელში პატიმრების ანკეტები უჭირავს და გვარებს კითხულობს.
_ ბექაური, _ იყვირა ცვლის უფროსმა.
_ ვარ, _ გასცა პასუხი წინა რიგში მდგომმა საშუალო ტანის პატიმარმა.
_ ხარ კი არა, სახელი და მამის სახელი, _ იყვირა ოფიცერმა და ბექაურს სახეში გაშლილი ხელი გაარტყა.
_ ბაქარ გიორგის ძე, _ უპასუხა ბექაურმა და სახეზე ხელები აიფარა.
_ ხელები ზურგზე, ბიჭო, _ იყვირა უფროსმა ოფიცერმა და ზედამხედველებს უბრძანა, რომ ბექაურისთვის ხელები შეეკრათ. ზედამხედველებმა ბექაურს ხელები ზურგსუკან შეუკრეს.
_ ეგრე არა, _ უთხრა ოფიცერმა, _ ჩაიცუცქე, ხელები მუხლებში გამოატარე და ისე შეუკარით, _ ბექაური ძირს დააგდეს და ფეხებით ცემა დაუწყეს, მერე, ჩაცუცქულს გაუკრეს ხელები და ე.წ. აბეზიანკაში _ ბოქსში შეაგდეს. ამის შემდეგ ცვლის უფროსმა გვარების კითხვა განაგრძო, პატიმრები, გვარის გაგონებაზე სახელით და მამის სახელით პასუხობდნენ.
საღამოს შემოწმება მორჩა... იმ დღეს მეტი არავინ უცემიათ.
_ შეეთრიეთ კამერაში, _ გასცა ბრძანება ცვლის უფროსმა და 32 კაცი 6-საწოლიან საკანში შეყარა.
_ გამოათრიეთ ეგეც, _ უბრძანა ოფიცერმა და ბექაური კამერაში შეაგდეს.
საკანი, სადაც 32 კაცი იყო მოთავსებული, სულ 15კვ.მ. იქნებოდა... ფანჯარასთან ორსაწოლიანი რკინის ე.წ. ტაკჩანები იდგა, რომელზეც არც ერთი ლეიბი არ იდო, ბალიშსა და საბანზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია. არც ჭურჭელი იყო საკანში, არც _ ტანსაცმლის კარადა, არც _ ჰიგიენის საშუალებები. გარდა საწოლებისა, კუთხეში იდგა ძველი დანგრეული რკინის მაგიდა, რომელსაც ხის სახურავი ჰქონდა და ბეტონის იატაკზე იყო დამაგრებული. საკნის კუთხეში ღია ტუალეტი და პირსაბანი იდგა.
საკანს ერთი პატარა ფანჯარა ჰქონდა, რომელიც ნახევრად დახურული იყო.
ბაქარმა საკანს მოავლო თვალი: ვის არ ნახავდით აქ. აი, ის, საკნის ფანჯრის ქვეშ რომ დგას, ასაკიანი, ღაბაბიანი, მელოტი და მაღალი კაცი პროფესორია. თუ გაინტერესებთ, რატომ ზის, გეტყვით, რომ გაბედა და მიშა სააკაშვილსა და “ნაცმოძრაობაზე” წიგნი დაწერა და პეტერბურგში დაბეჭდა. ავტორი “გამოდგა” რუსეთის აგენტი. დაიჭირეს და შეაგდეს ციხეში. აგერ, უკვე ორი კვირაა, “კარანტინში” ჰყავთ გამოკეტილი და არც ადვოკატებს უშვებენ მასთან შესახვედრად.
მეორე საწოლთან რომ დგას ახალგაზრდა კაცი, განუცხადებლობისთვის ზის, ეს “განუცხადებლობა” ის არის, რომ აივნიდან უყურებდა, ორმა ახალგაზრდამ თუ როგორ წაართვა ტაქსის მძღოლს ფული, ან როგორ უნდა გაეგო, როცა ტაქსის მძღოლს არც დაუყვირია? ახლა ზის ეს კაცი და ელოდება, თუ როდის გადაუხდიან ახლობლები საპროცესო შეთახმების ფულს _ ხუთი ათას ლარს, რომ სახლში დაბრუნდეს.
აქ უფრო სასაცილო ამბებსაც მოისმენთ, მაგალითად, ის შავგვრემანი და შუახნის მამაკაცი იმისთვის ზის, რომ მეზობლის 9 წლის ბიჭმა ფანჯრიდან დაინახა, თუ როგორ ეფერებოდა ეს კაცი თავის ცოლს. ეს გარყვნილ ქმედებად ჩაუთვალეს და ცოლთან ერთად დაიჭირეს, მერე, ვიღაცას ჭკუა ეყო და ცოლი გაათავისუფლეს. ახლა ეს კაცი ელოდება, თუ როდის “გაუკეთებს” პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას და საკუთარი ცოლის მოფერებისთვის, როდის გაასამართლებს, ამისათვის სამი ათასი ლარი ჯარიმა უნდა გადაიხადოს.
აქ ყველას ისტორია რომ მოისმინოთ, შეიძლება, გაგიჟდეთ.
ყველა რაღაცას ჰყვება, ყველა რაღაცაზე წუხს. ზოგი ილანძღება, ზოგი იგინება, ზოგი ტირის. ეს არის ამქვეყნიური ჯოჯოხეთი, სადაც განსხვავებულად მოაზროვნე და თავისუფლებისმოყვარე ხალხი ჰყავს შეყრილი ამ ქვეყნის მმართველ “ნაციონალურ” რეჟიმს, ასე იღუპება ახალგაზრდა, ნიჭიერი და მოაზროვნე თაობა.
საკანში სუნთქვა ჭირს. პატიმრები რიგრიგობით ან ფანჯარასთან დგებიან, ან კართან, რომ ცოტა მაინც ისუნთქონ.
ღამე უფრო ძნელია საკანში გაძლება. რკინის საწოლებზე დაწოლა შეუძლებელია, პატიმრებს რიგრიგობით სძინავთ, დაჯდომითაც ვერ დაჯდები, რადგან ხალხი ბევრია და ადგილი არ შეგხვდება, წამებით თენდება ღამეები. პატიმრები მოკუნტული წვებიან მაგიდაზე და სკამზე.
გათენდა. რკინის კარის კარმუშკა გაიღო და, პური აიღეთო, იყვირა ზედამხედველმა. გარედან მოსამსახურე, ე.წ “აბსლუგის” პატიმარმა “კარმუშკაში” პური შემოყარა. შიგნით სამი პატიმარი იდგა და მოწვდილ პურს მაგიდაზე ალაგებდა.
_ ვისაც უნდა, ჭამოს, _ თქვა სქელმა შავგვრემანმა კაცმა, რომელიც ე.წ მამასახლისი იყო. ცოტა ხანში, ჩაი ჩამოატარეს “კარმუშკასთან”. საკანში არც ჭიქა იყო, არც _ თეფში და არც _ კოვზი. “აბსლუგის” პატიმარმა “კარმუშკიდან” იკითხა, რამდენი ხართ? _ 32. _ 32 ჭიქა არ გვაქვს, სამ ცალ პლასტმასის ჭიქას მოგცემთ, ერთ ქვაბში ჩაგისხავთ ჩაის და რიგრიგობით დალიეთ, _ თქვა “აბსლუგის” პატიმარმა და “კარმუშკაში” სამი პლასტმასის ჭიქა შემოაგდო, შემდეგ, ზედამხედველმა რკინის კარი გააღო და “აბსლუგის” პატიმარმა 5-ლიტრიანი ალუმინის ქვაბი მოაწოდა პატიმრებს, რომელშიც სითხე ესხა. ამ სითხეს ჩაი ერქვა, თორემ არაფერი საერთო არ ჰქონდა ჩაისთან, რადგან უშაქრო, აყროლებული იყო და ჭუჭყიან, დიდი ხნის გაურეცხავ ალუმინის ქვაბში ესხა.
პატიმრები წამოიშალნენ, ზოგს არც კი უნდოდა ჩაის დალევა, მაგრამ ხანგრძლივი უძილობითა და შიმშილით ისე იყო დასუსტებული, რომ ამ საზიზღარი სითხის დალევაზე უარი არ თქვა. აფუსფუსდა კამერა: ზოგი ჩაის სვავდა და პურს აყოლებდა, ზოგი რიგს ელოდა, რომ პლასტმასის ჭიქა შეხვედროდა, ზოგი ხმელა პურს ჭამდა და ძალით ყლაპავდა. როგორც იქნა, ჭამა დამთავრდა, რკინის კარზე ორჯერ დაბრახუნდა და კარი გაიღო, ზედამხედველმა გვარები ამოიკითხა და პატიმრები ანაბეჭდების ასაღებად გაიყვანა.
ბაქარი ზედამხედველმა “კარანტინიდან” გრძელი დერეფნით გაიყვანა და პირველ სართულზე, ერთი ოთახის კართან შესძახა: “ჭიპა”, მოგიყვანე პატიმრები. ბაქართან ერთად, კიდევ ორი პატიმარი იყო. ზედამხედველმა პატიმრებს ხელები ზურგზე დააწყობინა და კედლისკენ შეაბრუნა, წინ მდგომ პატიმარს კი, პანღური უთავაზა.
კარი გაიღო და იქიდან დაბალი, შემელოტებული, შავგვრემანი და გრძელცხვირა კაცი გამოვიდა. _ ერთი შემოვიდეს, _ თქვა კაცმა და უკან გავიდა. ბაქარის გვერდით მდგომი პატიმარი ოთახში შევიდა, რამდენიმე წუთის შემდეგ, ოთახიდან გინების ხმა გაისმა და პატიმარი წიხლის კვრით გამოაგდეს გარეთ.
_ შემდეგი, _ დაიძახა გრძელცხვირა კაცმა. შემდეგი ბაქარი იყო. ბაქარი ოთახში შევიდა.
_ შემოეთრიე, _ უყვირა კაცმა, _ ხელები მაგიდაზე დააწყვე, წელში მოიხარე, ნუ გეშინია, არ მოგტყნავთ, ჩვენ კაცებზე არ გვიდგება, თუ გინდა, ვეტყვით და “პიდარასტების” კამერაში შეგაგდებენ.
ბაქარი ითმენდა...
_ ხელი გამოსწიე, _ უთხრა და დიდი შავი ფუნჯი სახეში ატაკა ბაქარს, შემდეგ, წინ გამოშვერილი მარჯვენა ხელის მტევანსა და თითებზე საღებავი წაუსვა და ქაღალდის ფურცელზე ჯერ თითები და შემდეგ, მტევანი დაადებინა. _ ახლა, მეორე ხელი, _ თქვა კაცმა და საღებავიანი ფუნჯი ტარით ჩაარტყა ბაქარს თავში. მეორე ხელიც დაადებინა ქაღალდზე და რომ მორჩა, შეატრიალა ბაქარი კარისკენ, საჯდომზე პანღური ამოარტყა და გააგდო. ანაბეჭდების აღება დამთავრდა, ბაქარი და ორი პატიმარი “კარანტინის” საკანში დააბრუნეს.
_ ორი დღე საჭმელი ამ ხელებით არ ჭამოთ, _ უთხრა ზედამხედველმა პატიმრებს, _ შეიძლება, მოიწამლოთ. ამის დაბანა მხოლოდ ბენზინით, ან “რასტვარიტელით” შეიძლება, აქ კი ვერ მოგართვით, _ თქვა ზედამხედველმა და საკნის კარი ჩაკეტა.
კვირა დღე იყო... დაღამდა. საკანში, აქა-იქ ისმოდა პატიმრების საუბარი, კარზე ორჯერ მოაბრახუნეს და “კარმუშკა” გაიღო.
_ შემოწმება, _ იყვირა ზედამხედველმა და კარი გაიღო, _ ხელები უკან, გამოდით და კედელთან დადექით, _ გასცა ბრძანება ოფიცერმა.
პატიმრები ჩქარი ნაბიჯით გამოვიდნენ და კედელთან ორ რიგად დადგნენ. პატიმრების წინ სამი ოფიცერი და ხუთი ზედამხედველი იდგა.
_ ორ საათში სიას ამოვიკითხავთ და რკინის რიგში გაგატარებთ, ვინც დაიმსახურებს, კამერაში აგიყვანთ, ზემოთ, ვინც _ არა, აქ დარჩება, ან “კარცერში” მოხვდება, _ თქვა უფროსმა ოფიცერმა და გვარების მიხედვით გამოიძახა პატიმრები. პატიმრები გვარის გაგონებაზე სახელით და მამის სახელით პასუხობდნენ. სიის ამოკითხვას რომ მორჩა, ოფიცერმა ზედამხედველებს უთხრა, შეყარეთ კამერაშიო. დრო როდის გავიდა, ვერავინ გაიგო. კარი ისევ დაბრახუნდა და გაიღო. პატიმრები ზურგზე ხელებდაწყობილები გამოვიდნენ და კედელთან დადგნენ. ბაქარმა დაინახა, რომ გრძელი დერეფანი სავსე იყო სხვა საკნებიდან გამოყვანილი პატიმრებით.
_ ხელები ზურგზე და კედლისკენ შეტრიალდით, _ ბრძანა უფროსმა. პატიმრები უსიტყვოდ დაემორჩილნენ. ბაქარმა გრძელ დერეფანს გახედა, დერეფანში ორასამდე პატიმარი იდგა. დერეფნის ბოლოში, კიბესთან საწერი მაგიდა დაედგათ და მის ირგვლივ თხუთმეტამდე ოფიცერი და ზედამხედველი შეგროვილიყო, აშკარა იყო, რომ ვიღაცას ელოდებოდნენ.
_ “კილერა” მოდის, _ დაირხა ხმა პატიმრებში და ყველამ დერეფნის ბოლოში მდგარი მაგიდისაკენ გაიხედა.
_ გასწორდით, _ იღრიალა უფროსმა ოფიცერმა და რეზინის ხელჯოხი ჩაარტყა გვერდით მდგარ პატიმარს, რომელიც მაგიდისკენ იყურებოდა. ჩოჩქოლი შეწყდა, ოფიცრები და ზედამხედველები უფროსის ბრძანებას ელოდნენ.
საშუალოზე მაღალი, სუსტი სახის, შავთმიანი და გრძელცხვირა კაცი _ ეს იყო ციხის უფროსი “კილერა”. ეს მეტსახელი მას ციხის ბუნტის დროს, “რეზბალნიცაზე” პატიმრების მიმართ გამოჩენილი სიმკაცრისთვის შეარქვეს.
_ დავიწყოთ, _ თქვა უფროსმა და სკამის ნაცვლად, მაგიდაზე ჩამოჯდა. მარცხნივ მოადგილე ედგა, მარჯვნივ _ რეჟიმის უფროსი.
_ დავიწყოთ, _ გასცა ბრძანება რეჟიმის უფროსმა და იქვე მდგარმა უფროსმა ოფიცერმა ოფიცრებს და ზედამხედველებს უთხრა, _ პერიმეტრზე გალაგდით, დერეფნის სიგრძეზე. პატიმრებს გვარების მიხედვით გამოვიძახებთ.
დაიწყეს გამოძახება, დერეფანში გამოძახებულ პატიმარს ოფიცრებისა და ზედამხედველების შუაში უნდა გაევლო. ამ დროს ყველა უფროსს უყურებდა, რომელსაც გამოძახებული პატიმრის საქმე ეჭირა. თუ უფროსი ხელს ასწევდა და “ფუ”-ს იტყოდა, პატიმარი უნდა ეცემა ყველა ოფიცერს და ზედამხედველს. თუ პატიმარი ცემას გაუძლებდა და უფროსამდე მიაღწევდა, ახლა უფროსი სცემდა, ან არ სცემდა, იმის მიხედვით, შეეძლო თუ არა პატიმარს ფეხზე დგომა. ამის შემდეგ, უფროსის და მოადგილეების შეხედულებით, პატიმარს ან კამერაში აგზავნიდნენ, ზემოთ, ე.წ კორპუსზე, ან “კარცერში”, ან ისევ კარანტინში აბრუნებდნენ. ეს იმაზე იყო დამოკიდებული, თუ როგორ სცემდნენ პატიმარს: თუ ძალიან ნაცემი იყო, 10 დღით კარცერში აგზავნიდნენ გამოსაშუშებლად. თუ ცოტათი იყო ნაცემი, ან ზემოთ აჰყავდათ, კორპუსების საკნებში, ან ე.წ. კარანტინში აბრუნებდნენ, იმის მიხედვით, თუ რამდენი დღე ჰქონდა პატიმარს კარანტინში გატარებული.
დერეფანში პატიმრები გვარების მიხედვით მიდიოდნენ. ციხის უფროსი მის პირად საქმეს კითხულობდა, ხან _ მოადგილეს, ხან რეჟიმის უფროსს ეკითხებოდა რაღაცას და ამის მიხედვით იტყოდა “ფუ”-ს და პატიმარს დერეფნის კედლის გაყოლებაზე მდგარი ოფიცრები და ზედამხედველები სცემდნენ. თუ პატიმარი წაიქცეოდა, მას რამდენიმე ზედამხედველი ხელს მოჰკიდებდა და უფროსის მაგიდასთან მიათრევდა. პატიმარს თუ ფეხზე დგომა შეეძლო, უფროსი შეკითხვებს აძლევდა, თუ არ შეეძლო ფეხზე ადგომა, მაშინ კარცერში აგზავნიდნენ 5, ან 10 დღით. დერეფანში ისმოდა ყვირილი, გინება და ტყაპა-ტყუპი.
_ ბექაური! _ უყვირა ოფიცერმა. ბექაური დერეფნის ბოლოსაკენ წავიდა, თან წინ უყურებდა და ცდილობდა, დაენახა, რას იტყოდა “კილერა” _ ციხის უფროსი.
_ “ფუ” _ თქვა “კილერამ” და ზედამხედველებმა და ოფიცრებმა რიგრიგობით დაიწყეს მისი ცემა. ბაქარი მიდიოდა, ზოგი თავში ურტყამდა, ზოგი _ გვერდებში, ზოგი “პანღურს” სთავაზობდა. არ წაქცეულა, ისე მიაღწია უფროსის მოადგილემდე.
“კილერამ” მის წინ მდგარ პატიმარს ზემოდან გადმოხედა და იცნო.
_ ბაქარ, _ ირონიით უთხრა “კილერამ”, _ როგორ იყო, რომ “მიტრაკებდი” და არ მასვენებდი. ახლა მოგიტყნავ კარგის ტრაკს, _ თქვა უფროსმა და მის წინ მდგარ ბაქარს ორივე ფეხი გამეტებით დაარტყა მუცელში. ბაქარი წაიქცა, მოადგილე და რეჟიმის უფროსი დაიხარნენ მის წამოსაყენებლად.
_ არ ააყენოთ, _ იყვირა “კილერამ” და წაქცეულ ბაქარს ზურგში რეზინის ხელჯოხი ჩაარტყა. მერე, ფეხი ამოარტყა და იყვირა, _ გაათრიეთ კარცერში, 10 დღე ჭამის და ლეიბის გარეშე.
_ უფროსო, ეს ხომ იმის ძმაა, _ უთხრა “კილერას” ყურში მოადგილემ.
_ ჯანდაბას, აჭამეთ და ლეიბიც მიეცით, ოღონდ ეს ათი დღე ადვოკატს არ შეახვედროთ, _ ბრძანა “კილერამ” და თავისი საქმე განაგრძო.
ბაქარი ორმა ზედამხედველმა წამოაყენა და თრევით წაიყვანა “კარცერის” შენობისკენ. ბაქარი გონზე იყო _ თავი უბრუოდა, ყურები უწუოდა და გუნებაში ერთი სიტყვა უტრიალებდა: “ჯოჯოხეთი!.. ჯოჯოხეთი.. ნაციონალური ჯოჯოხეთი!..”