ბაიდენის აზრით ახალი შეთანხმების რატიფიკაცია გააძლიერებს მედვედევს და შეასუსტებს პუტინს

ბაიდენის აზრით ახალი შეთანხმების რატიფიკაცია გააძლიერებს მედვედევს და შეასუსტებს პუტინს

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი რუსი კოლეგა დიმიტრი მედვედევი აშშ-რუსეთის ურთიერთობების „გადატვირთვაზე“ მუშაობენ, რომლის მიზანიც ყოფილ მეტოქეებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაა. თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ „გადატვირთვა“, ისევე როგორც მისი მთავარი შედეგი New START (სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებათა შემცირების შესახებ ახალი შეთანხმება), რუსეთის სისტემის ფარგლებში მედვედევის (და არა პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის) რეპუტაციის განმტკიცების კამპანიის ნაწილი გახდა. 

20 ნოემბერს, საერთაშორისო ჟუნალისტებთან მრგვალი მაგიდის ირგვლივ შეხვედრის დროს, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი იმაზე საუბრობდა, რომ ახალი ხელშეკრულება ადმინისტრაციის იმ საერთო მისწრაფების ნაწილია, რაც მედვედევის პოზიციების განმტკიცებას ითვალისწინებს.  

„მე მართლაც მიმაჩნია, რომ ერთგვარ თამაშს აქვს ადგილი, – თქვა მან, - მედვედევმა „გადატვირთვაზე“ მაქსიმალურად მაღალი ფსონი დადო. ვინ იცის პუტინი რას გააკეთებდა? ჩემი ვარაუდით ის ასე არ მოიქცეოდა („გადატვირთვისადმი“ ერთგულების ხარისხის თვალსაზრისით), მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია“.

რუსეთის საკითხების ექსპერტები არ არიან დარწმუნებულები, რომ ახალი შეთანხმების მიღება განამტკიცებს მედვედევის პოზიციას პუტინთან მიმართებაში. მათ უმრავლესობას მიაჩნია, რომ პუტინი იყო, არის და, როგორც ჩანს, იქნება უფრო ძლიერი ამ ორ რუს ლიდერს შორის.  

ბაიდენმა აღიარა, რომ ვაშინგტონში, მისი ჩათვლით, არავინ იცის, რა ხდება კრემნლში მედვედევს და პუტინს შორის; მეორე მხრივ, მას გულწრფელად სჯერა, რომ „გადატვირთვის“ კურსის გააქტიურება, კერძოდ კი სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების შესახებ ახალი ხელშეკრულების რატიფიკაცია მედვედევისთვის კარგია, ხოლო მისი გაძლიერება – კარგია რუსულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის.

„მედვედევის პოზიციის ქვაკუთხედი „გადატვირთვაა“, ამ პროცესის ფარგლებში კი სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების შესახებ ახალი შეთანხმება, რადგან მის მიღებას მედვედევი ითხოვს და არა პუტინი, – აღნიშნა ბაიდენმა – არ მინდა იმის თქმა, რომ თუკი ამ ხელშეკრულების მიღება ვერ მოხერხდა, უმალ ცივი ომი განახლდება რუსეთთან. მაგრამ იმის თქმა მსურს, რომ ის ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხები, სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია – შესაძლოა, ახლა ეს უკვე სხვა საკითხებია“.

აშშ-ს ინტერესებისთვის „გადატვირთვის“ მნიშვნელობის მაგალითად, ბაიდენმა ავღანეთის და ირანის საკითხებში თანამშრომლობაზე რუსეთის „უპრეცენდენტო“ მზადყოფნა მოიყვანა და ასევე განაცხადა, რომ სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირებაზე ახალი ხელშეკრულების ჩავარდნის შემთხვევაში, მასაც საფრთხე დაემუქრება. 

თუმცა, პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარის ექსპერტები რუსეთის საკითხებში თანხმდებიან იმაზე, რომ ვაშინგტონში ზედმეტად სერიოზულად აღიქვამენ მედვედევს და პუტინს შორის განხეთქილების არსებობას საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე იმას, რომ მედვედევი პუტინის თანხმობის გარეშე „გადატვირთვით“ დაკავდებოდა. ისინი იმაზეც თანხმდებიან, რომ პუტინი, როგორც ჩანს, 2012 წელს კვლავ პრეზიდენტი გახდება და რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში კვლავ გაჩნდება პრობლემები.

„ჩვენთან – ვაშინგტონში, შეეჩვივნენ იმაზე ფიქრს, რომ მედვედევს და პუტინს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობს რუსეთის სტრატეგიული კურსის განსაზღვრაზე, მაგრამ ეს ბრძოლა არ არსებობს, – მიაჩნია ამერიკული პროგრესის ცენტრის თანამშრომელ სემუელ ჩარაპს – თუმცა, პუტინის პრეზიდენტად დაბრუნებას სერიოზული და მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება, და აშშ-სთვის ეს ცუდი იქნება“.  

სინამდვილეში, პრეზიდენტობის დროს, პუტინი ბუშის ადმინისტრაციასთან აფორმებდა ხელშეკრულებებს შეიარაღების შემცირებაზე, მათ შორის არის 2003 წლის შეთანხმება სტრატეგიული შეტევითი პოტენციალის შემცირების შესახებ (იგივე მოსკოვის შეთანხმება), რომლის ანულირებაც უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც ძალაში შევა სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების შესახებ ახალი შეთანხმება. მაგრამ პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის დროს, პუტინს უსიამოვნო გრძნობა დარჩა, რადგან ბუშის ადმინისტრაციამ ცალმხრივ რეჟიმში გააუქმა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების შეზღუდვის შესახებ 1972 წლის შეთანხმება.

ჩარაპის აზრით, ბაიდენის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სტრატეგიულ საკითხებზე მედვედევს და პუტინს შორის სერიოზული უთანხმოებაა, „ჯანსაღი სკეფსისით“ უნდა აღვიქვათ. „ვერ წარმომიდგენია, რომ მედვედევი ნაციონალური მნიშვნელობის მასშტაბურ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს პუტინთან კონსულტაციის გარეშე იღებს“, – განაცხადა ჩარაპმა.  

დანარჩენი ექსპერტების აზრით, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს პუტინს ამ ახალი შეთანხმების მიმართ, ობამას ადმინისტრაცია არ უნდა ცდილობდეს რუსეთის ამღვრეულ შიდაპოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობას.  

„მედვედევის პუტინთან წაჩხუბების მცდელობა, ძალიან სახიფათოა, – ამბობს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს უფროსი თანამშრომელი ალექსანდროს პიტერსენი – ჩვენ ძალისხმევა მივმართეთ მედვედევისკენ და ამან გარკვეული დივიდენდები მოგვცა, მაგრამ არ უნდა ვიმშვიდებდეთ თავს იმ ილუზიით, რომ მედვედევს გადაწყვეტილბების მთავარ მიმღებად ვაქცევთ, რადგან ვიდრე პუტინი არსებობს, ეს არ მოხდება. ვერ ვხედავ იმის ვერანაირ მტკიცებულებას, რომ ამ საკითხზე მედვედევს და პუტინს შორის განხეთქილებაა. სინამდვილეში ამ საკითხზე ისინი თანხმდებიან, ანუ ახლა თანამშრომლობისთვის მზად არიან, მომავალში კი ნებისმიერ საბაბს მოძებნიან იმისთვის, რომ პასუხისმგებლობას თავი აარიდონ და ამავდროულად აშშ-ს მოსთხოვენ, რომ მის მიერ აღებული ვალდებულებები შეასრულოს“.

Foreign Policy-სთან ინტერვიუში, პუტინის პერიოდის რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ კასიანოვმა განაცხადა, რომ მედვედევი-პუტინის ურთიერთობა ეს არის ურთიერთობა „ბოსს და უფროს თანაშემწეს შორის, რომელსაც დროებით ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი უკავია“.  

კითხვას, შეეცდება თუ არა პუტინი 2012 წელს პრეზიდენტი გახდეს, კასიანოვმა ასე უპასუხა: „ვფიქრობ, კი არ შეეცდება, არამედ გახდება“.
[foreignpress.ge]