ვენეციის კომისია სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებას ითხოვს

ვენეციის კომისია სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებას ითხოვს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე იმსჯელეს პარლამენტის თავმჯდომარემ და ვენეციის კომისიის წევრებმა. ირაკლი კობახიძემ კომისიის წევრებს მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლეები და პროცედურა გააცნო. როგორც კობახიძე აცხადებს, ვენეციის კომისიის ის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული, რომელიც კონსტიტუციასთან შესაბამისი იქნება.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში კომისიის წევრები შეხვდებიან საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს. ასევე, სახალხო დამცველს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. ვენეციის კომისია მოსამართლეთა შერჩევის შესახებ​ კანონპროექტზე მოსაზრებებს, სავარაუდოდ, 19 აპრილამდე მოამზადებს. ცნობილია, რომ ვენეციის კომისიის მიზანია სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესება და მისი პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი ეფუძნება ევროსაბჭოს ძირითად რეკომენდაციებს და შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. მისი თქმით, კომისიის წევრებთან შეხვედრაზე იმ პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრეს, რაც შექმნილია უზენაეს სასამართლოში, სასამართლოს გადატვირთულობის თვალსაზრისით.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, როდესაც ასეულობით საქმეა და მათი განხილვა ყოვნდება იმის გამო, რომ არ გვყავს მოსამართლეების ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია უზენაეს სასამართლოში. დავსვით საკითხი, რომ ეს არის სერიოზული გამოწვევა და ამისთვის აუცილებელია დროული რეაგირება, ამიტომ ჩვენ ვენეციის კომისიას ვთხოვეთ, რომ მეორე მოსმენამდე წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრება, რათა ვიმსჯელოთ ამ მოსაზრებებზე, გავითვალისწინოთ და კანონი მივიღოთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პოზიციას არ იცვლის დეპტატი ეკა ბესელია და აცხადებს, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის პროექტში პარლამენტის როლი დაკნინებულია და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფრთები აქვს გაშლილი. ეკა ბესელიამ ვენეციის კომისიის წევრებს გააცნო საკუთარი კანონპროექტი მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით და ასევე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონპროექტი. ბესელია იმედოვნებს, რომ ვენეციის კომისია საკუთარ დასკვნაში, რომელიც ირაკლი კობახიძის კანონპროექტს შეეხება, საკმაოდ კრიტიკული იქნება.

„ორივე პროექტზე ვისაუბრეთ, ავუხსენი თუ რატომ მიმაჩნია კობახიძის მომზადებული პროექტი საფრთხის შემცველად. ჩვენს ვერსიაზე ძალიან დეტალურად ვესაუბრე, რომ ის გრძელი სიის პრინციპი, რაც ჩვენს მოდელში არის, ემსახურება იმას, რომ პარლამენტს რაც შეიძლება მეტი კარგი კანდიდატურა წარედგინოს და მეტი არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს.

ვისაუბრე, რომ კობახიძის პროექტი დაიწერა ექსკლუზიურად ამ პროცესისთვის, რაც არ არის კარგი. ასეთ საკითხებში კარგი გამოცდილება აქვს ევროპულ ქვეყნებს და ექსპერიმენტის ჩატარება ნიშნავს, რომ საკუთრივ ვიწრო ინტერესებისთვის იწერება პროექტი. ძალიან საინტერესო იყო მათთვის ეს ინფორმაცია. დაველოდოთ რეკომენდაციებს“, – აცხადებს ეკა ბესელია.

უმრავლესობის ყოფილი წევრი იმედოვნებს, რომ განსაკუთრებით კრიტიკული კომისია იმ ნაწილში უნდა იყოს, რომელიც ეხება ჩაკეტილ სისტემას და ხუთდონიან კენჭისყრას.

„ვენეციის კომისიას არაერთხელ აქვს დასკვნა გაცემული ჩვენს პროექტებზე და იმედი მაქვს, რომ ისე ნაჩქარევად არ მოხდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ისევ დეკემბრის თვეში, საიდანაც გამოვაღწიეთ დიდი შიდა დუღილის შემდეგ“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, რომ ვენეციის კომისიის ის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული, რომელიც კონსტიტუციასთან შესაბამისი იქნება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს და თვლის, რომ თუ რეკომენდაციები ამ საკანონდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით შეეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, შესაძლებელია, ასეთი სახის რეკომენდაციები არ იყოს გათვალისწინებული.

„ეს ლოგიკური და ბუნებრივიცაა, იმიტომ, რომ კანონი ვერ იქნება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში. ასეთი რაღაც შეუძლებელია. ვფიქრობ, ამით აქ არაფერი განსაკუთრებული არ იყო ნათქვამი. ხვალ გვექნება შეხვედრა ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან და ვიმსჯელებთ იმ კანონპროექტზე, რომელიც 1 მოსმენითაა მიღებული და რომელიც გადაეგზავნა ვენეციის კომისიას.

სასამართლო რეფორმის ყველა ეტაპზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იყო გათვალისწინებული. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდ ყურადღებას მიაქცევენ ვენეციის კომისიის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი მიქაუტაძემ.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაშია, რადგან მოიწვიეს ვენეციის კომისია საკუთარი კანონპროექტის შესაფასებლად, თუმცა აღნიშნულ პროექტზე გადაწყვეტილება მათ უკვე გამზადებული დაახვედრეს. მისი თქმით, კობახიძის კანონპროექტი არის ნაბიჯი და სურვილი გაკონტროლდეს სასამართლო ხელისუფლება დაახლოებით ისე, როგორც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებდა სასამართლო ხელისუფლებას.

„ჩვენთვის ეს პროცესი, რომელსაც აწარმოებს უმრავლესობა, არასწორია და მიმართულია ხელისუფლების მიერ სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლებისაკენ. ძალიან საშიში და სახიფათო პროცესია და ეს სახიფათო თამაში წამოიწყო „ქართულმა ოცნებამ“. სამწუხაროდ, ვერ შევძელით ამ პროცესის გაჩერება, არაერთი მცდელობისა და საუბრებისა დიდი ხნის განმავლობაში, როგორც პარტიის შიგნით, ასევე, მას შემდეგ, რაც დავტოვეთ უმრავლესობა. რეალურად, ისევ იმ წრეზე ვტრიალებთ და ვერ გამოვედით იმ მოჯადოებული წრიდან, როდესაც ხელისუფლებებს ვერ ავაღებინეთ ხელი სასამართლოზე კონტროლის სურვილისგან“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საკუთარი კანონპროექტი გააცნო ვენეციის კომისიას „ევროპულმა საქართველომ“ და დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, როგორ ცდილობს მმართველი პარტია ჩინჩალაძის კლანს გადაუფორმოს უზენაესი სასამართლო. ოთარ კახიძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, მოკლას პერსპექტივა რეალური სასამართლო რეფორმის ან გაართულოს მაინც ამის გაკეთება მომავალში.

„ჩვენ ავუხსენით, რომ ჩინჩალაძის კლანი მთლიანად აკონტროლებს დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ მესამედს და შესაბამისად, დაუშვებელია მათზე მორგება კანონპროექტების, როგორც ამას აკეთებს მმართველი გუნდი. ვენეციის კომისიის ექსპერტები, რა თქმა უნდა, აუცილებლად მიიღებენ მხედველობაში იმ კონტექსტს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, ადვოკატთა ასოციაცია, სახალხო დამცველი, ყველა ეწინააღმდეგება სასამართლოში კლანისთვის უზენაესი მართლმსაჯულების გადაფორმებას“, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხდებით, პარლამენტის თავმჯდომარემ შეურაცხყოფა მიაყენა ვენეციის კომისიას, თითქოს მას შეუძლია კონსტიტუციის შეუსაბამო დასკვნა დაწეროს.

„ძალიან მინდა გავიცნო ის „გენიოსი“, ვინც დაწერა ახალი მესიჯი, რომლითაც გვეუბნება ირაკლი კობახიძე და მისი ამფსონები, რომ გაითვალისწინებენ ვენეციის კომისიის მხოლოდ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც არ შეეწინააღმდეგება კონსტიტუციას. კობახიძემ პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა სამართლის 40–ზე მეტ ყველაზე გამორჩეულ ექსპერტს ევროსაბჭოს ქვეყნებიდან, რომლებიც არიან მივლენილნი ვენეციის კომისიაში, ანუ შეურაცხყოფა მიაყენა ვენეციის კომისიას, თითქოს მან შეიძლება დაწეროს დასკვნა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.

რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ სილის გაწნა, შეიძლება ითქვას, ჩვენს რეგიონში ევროსაბჭოს ფარგლებში ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული ექსპერტული ორგანოსთვის. სინამდვილეში ეს მესიჯი არის ერთ–ერთი ბოლო გამოსავალი, რომელსაც იყენებს ირაკლი კობახიძე, რომ გაამართლოს საკუთარი დღის წესრიგი. ეს დღის წესრიგი არის ის, რომ ამოიღოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება მის და კლანის დღის წესრიგს. ამიტომ ხდება ამ გზავნილების გამოცემა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.