სიმეონე:

სიმეონე: "ატლეტიკო" გრიზმანის გარეშე არ წარმომიდგენია"

მადრიდის „ატლეტიკო“ ანტუან გრიზმანის გარეშე დიეგო სიმეონესთვის წარმოუდგენელია. ამის შესახებ „ჩოლომ“ „ალავესთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სიმეონე გრიზმანის ირგვლივ გავრცელებულ ხმებს ყურადღებას არ აქცევს და დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ზაფხულში ლიდერების გარეშე არ დარჩება.

„რას ვფიქრობ გრიზმანის ჭორებზე? მომდევნო თამაშებზე ვარ კონცენტრირებული. 10 ტური რჩება სეზონის დასრულებამდე და ლა ლიგაში ბევრი რამ გადასაწყვეტია. ანტუანი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი კაპიტანია და ის ყოველთვის ფაქტებით პასუხობს ასეთ ხმებს. ახლა მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და კიდევ ერთხელ პასუხი უნდა გასცეს. მის გარეშე „ატლეტიკო“ ვერ წარმომიდგენია, მას გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს, ერთ-ერთი კაპიტანია და ძალიან ბევრი გააკეთა აქ მოსვლის პირველივე დღიდან. მის გარშემო მხოლოდ ის წარმომიდგენია, როგორც თამაშობს შესანიშნავად.

გუნდი ლიდერების გარეშე რჩება? პირველ რიგში მინდა ლუკას ერნანდესს მადლობა გადავუხადო ამ წლებისთვის. როგორც ფეხბურთელმა ბევრი გაიღო გუნდისთვის, ჩვენ გვინდოდა მისი შენარჩუნება, მაგრამ მან წასვლა ამჯობინა და საუკეთესოს ვუსურვებთ.

„ატლეტიკო“ ყოველთვის მუშაობს კონკურენციის გასაძლიერებლად და ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ლიდერების გარეშე დავრჩებით. ჩვენი გუნდი ძალიან გაიზარდა, ბევრ ფეხბურთელს აქვს აქ მოსვლის ამბიცია. გოდინმა და ფილიპე ლუისმაც გუნდისთვის ბევრი რამ გააკეთეს და სეზონის შემდეგ გუნდის ხელმძღვანელობა საუკეთესო გამოსავალს მოძებნის, როგორც გუნდისთვის, ისე ფეხბურთელებისთვის“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანს ბოლო დროს „ბარსელონას“ უკავშირებენ და ფრანგული მედიის ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილიცაა. გარდა ამისა, დიეგო გოდინი და ფილიპე ლუისი ზაფხულში „ვანდა მეტროპოლიტანოს“ დიდი ალბათობით, დატოვებენ, ხოლო ლუკას ერნანდესის „ბაიერნში“ ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დადასტურდა.