„ასეთი ბიჭები ბევრი გვყავდა, რომ დახვრიტეს?“

„ასეთი ბიჭები ბევრი გვყავდა, რომ დახვრიტეს?“

გეგა კობახიძე 1961 წლის 7 ივნისს თბილისში, ცნობილი რეჟისორის, მიხეილ კობახიძის ოჯახში დაიბადა.

ყველაფერი „ლაზარეთი“ დაიწყო და „მონანიებით“ დამთავრდა... ამ უკანასკნელის გადაღება უკვე დამთავრებული იყო, როდესაც გეგა კობახიძემ მეგობრებთან ერთად კომუნისტურ წყობას პროტესტი განუცხადა და 1983 წელს თვითმფრინავის ტრაგედიაც დატრიალდა... ამის შემდეგ „მონანიებაში“ გეგა კობახიძის როლი ამოჭრეს და თორნიკე არავიძე მის მაგივრად მერაბ ნინიძემ ითამაშა. გეგა უკვე „ბანდიტი“ იყო.

ცამეტი წლის წინ, 1984 წლის 13 აგვისტოს თვითმფრინავის გამტაცებელ ბიჭებს უზენაესმა სასამართლომ დახვრეტა გამოუტანა. პროცესი სარეკორდო დროში, ცამეტ დღეში დასრულდა, სასამართლო კოლეგია დღეში თორმეტ საათს მუშაობდა. ყველა განსასჯელს თავისი ადვოკატი ჰყავდა. თუმცა, ბრალდებულების გადარჩენა ვერც ერთმა შეძლო.

თემურ გვიშიანი, გეგა კობახიძის ადვოკატი:

- მე რომ საქმეში ჩავერთე, გამოძიება ახალი დაწყებული იყო.

ოჯახმა აგიყვანათ, თუ სახაზინო წესით იცავდით?

- ადვოკატთა კოლეგიაში უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო განყოფილებიდან დამირეკეს და გეგა კობახიძის დამცველად მე დამნიშნეს.

გეგას ოჯახი თქვენი წინააღმდეგი ხომ არ იყო?

- გამოძიება ცხრა თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. ამ ხნის მანძილზე გეგასაც და მის მშობლებსაც დავუახლოვდი. მათ შეეძლოთ, სასამართლოზე სხვა ადვოკატი აეყვანათ, მაგრამ გეგას პროცესზეც მე ვიცავდი.

გამოძიებაში ხელისუფლება ერეოდა?

- კონკრეტულად ვერ გიპასუხებთ. ყოველ შემთხვევაში, ყველანაირად ცდილობდნენ, ეს ბიჭები დამნაშავეებად გამოეყვანათ. შევარდნაძე მეორე დღესვე ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა: ეს რომ თამარ მეფის დროს ჩაედინათ, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდაო. მისმა გამოსვლამ, ცხადია, დიდი გავლენა იქონია.

გეგას კონკრეტულად რაში ედებოდა ბრალი?

- თვითმფრინავში ხელყუმბარა ეჭირა და იმუქრებოდა, თუ ვინმე წინააღმდეგობას გაგვიწევს, აგაფეთქებთო. შემდეგში გაირკვა, რომ ხელყუმბარა „უჩებნი“ იყო.

ეპიზოდი მომხდარი ტრაგედიიდან:

როცა გატაცებული თვითმფრინავი პილოტებმა თბილისში დასვეს, მოიერიშე რაზმთან ერთად აეროპორტში გამტაცებლების მშობლებიც მიიყვანეს. დათო მიქაბერიძის მამა, ბატონი ვაჟა მოსკოვიდან დაპატიმრებული ჩამოიყვანეს. გეგა კობახიძის დედა, ქალბატონი ნათელა კი აეროპორტში „სპეცნაზელებს“ ევედრებოდა, არ ისროლოთ, მიმიშვით, ბიჭებს მე გამოვიყვანო. მაგრამ ქალბატონი ნათელა თვითმფრინავს ახლოსაც არ გააკარეს, მოგკლავენო. თვითონ კი ცეცხლი გახსნეს.

გამოძიების პერიოდში გეგას ხვდებოდით?

- ვხვდებოდი, მაგრამ ჩვენს შეხვედრას ყოველთვის ვიღაც მესამეც ესწრებოდა. ერთხელ გეგას ვუთხარი: ეს სამშობლოს ღალატი კი არა, კონკრეტული დანაშაული - საჰაერო ხომალდის გატაცებაა - მეთქი. შეხვედრიდან ორი წუთიც არ იყო გასული, რომ საგამოძიებო ჯგუფის უფროსმა დამიძახა: ეს ბრალდება მოსკოვში უკვე შევათანხმე და ახლა რა მოთხოვნებს მიყენებო.

სამშობლოს ღალატის ბრალდებით რომ არ გაუსამართლებიათ?

- მერე მუხლი მაინც შეცვალეს და სამშობლოს ღალატის ბრალდება მოუხსნეს. და აი, რატომ: კომუნისტებს არ უნდოდათ, ეღიარებინათ, რომ „სამშობლოს მოღალატეები“ და პოლიტპატიმრები ჰყავდათ. მუხლიც ამიტომ მოუხსნეს.

თქვენზე ზეწოლა იყო?

- ზეწოლა ჰქვია თუ სხვა რამ, არ ვიცი, მაგრამ მილიცია ყოველ ნაბიჯზე გვაკონტროლებდა. ერთი მაიორი (გვარი არ მახსოვს) მოგვამაგრეს: ფეხით დავდიოდით თუ მანქანით, ყველგან დაგვდევდა, სახლშიც მოდიოდა.

ამბობენ, ადვოკატები გააფრთხილეს, მშობლებს ზედმეტი არაფერი უთხრათო...

- მე, პირადად, არავის გავუფრთხილებივარ. ისე, სასამართლო პროცესი შენიღბული დემოკრატიის პრინციპით ჩატარდა. პირველი სამი რიგი ბადრაგს ეკავა. როცა მოსამართლე გერსამიას ვერიკო ანჯაფარიძის, მარიკა ლორთქიფანიძის, ნიკო ჭავჭავაძის და სხვა გამოჩენილი მოღვაწეების შუამდგომლობები წარვუდგინე, მოსამართლე განრისხდა და მისაყვედურა, ასეთი განცხადება თუ გქონდა, ჩემთან წინასწარ რატომ არ შეათანხმეო. ერთი სიტყვით, პროცესი დადგმული სპექტაკლი იყო.

იმ პერიოდში პრესაში დაიწერა, ძმებმა ივერიელებმა სასამართლოზე ქართულად საუბარი არ ისურვეს და ჩვენება რუსულად მისცესო...

- პროკურორი გარუსებული იოსელიანი იყო და მან ითხოვა, თუ ბიჭებს შეუძლიათ, რუსულად ილაპარაკონო. ივერიელებმა მარტო რუსული კი არა, ინგლისურიც ბრწყინვალედ იცოდნენ. რაც შეეხება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ობიექტურობას, სასამართლო პროცესის სხდომები ტელევიზიით ყოველდღიურად გადაიცემოდა, რაღა თქმა უნდა, ტენდენციურად. ეს ბიჭები ისე მოიშორეს თავიდან, რომ ხმამაღლა არავის გაუპროტესტებია. არავის უთქვამს, ვინ იყვნენ ისინი სინამდვილეში. ისეთი საზოგადოებრივი აზრი შექმნეს, რომ ზოგიერთი მეუბნებოდა, ამ მკვლელებს როგორ იცავთო.

სასამართლო ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგებით არ დაინტერესებულა?

- ვინ დაინტერესდებოდა? თვითმფრინავის სურათი რომ ვნახე, გავგიჟდი. გარედან საცერივით იყო დაცხრილული. მიკვირს, როგორ არ აფეთქდა. მერვე პოლკის მიერ დახოცილი ხალხის მკვლელობასაც ბიჭებს აბრალებდნენ.

მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა?

- ისე, ფორმალურად. მერვე პოლკის მეთაურის (ვინც ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა) და სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ცალკე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ დამნაშავე არ დასჯილა.

ეკიპაჟმაც წესი დაარღვია. თუ ამ ბიჭებს ტერორისტებს დავარქმევთ, მაშინ, ინსტრუქციის თანახმად, რასაც ტერორისტები მოითხოვდნენ, ეკიპაჟს ყველაფერი უნდა შეესრულებინა. მათ კი ბიჭებს სროლა აუტეხეს. სამაგიეროდ, ეკიპაჟის წევრებს, ინსტრუქციის შეუსრულებლობისთვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭეს. მერე ერთ-ერთი ორდენოსანი, ქურდობის ბრალდებით, ციხეშიც კი აღმოჩნდა. ეკიპაჟი ბიჭებს ატყუებდა, თურქეთში მივფრინავთ, თქვენი დავალება შევასრულეთო. რომ ნახეს, თვითმფრინავი თბილისში ჯდებოდა, მიქაბერიძეს უთქვამს, მე მაგათ არ ჩავბარდებიო და თავი მოიკლა.

ტრაგედიის შემდეგ:

როცა პილოტებმა თვითმფრინავი აეროპორტში დასვეს, დათო მიქაბერიძემ თავი მოიკლა. მისი ქურთუკი შემთხვევით თინა ფეტვიაშვილის ბარგში აღმოჩნდა. თინიკოს დედამ ქურთუკი მიქაბერიძის მამას მიუტანა, მაგრამ, ბატონმა ვაჟამ არ დაიტოვა, დათოს გამახსენებსო.

წერეთელიც ხომ თვითმფრინავში დაიღუპა?

- სოსო ყელის არეში იყო დაჭრილი. ექიმებს რომ მიეხედათ და პატარა გადახვევა გაეკეთებინათ, სოსო წერეთელი გადარჩებოდა, მაგრამ ექიმები ვერ, თუ არ ჩაერივნენ, მიატოვეს, კაციშვილმა არ მიხედა... სოსო სისხლისგან დაიცალა და საკაცეზე მოკვდა. თუმცა, რა, იქ რომ გადარჩენილიყო, ესენი დახვრეტდნენ. ამბობენ, სოსო აეროპორტში უცემიათ კიდეც.

გეგა რაზე გესაუბრებოდათ ხოლმე?

- ხშირად ხუმრობდა. ყველაზე მეტად დედაზე და თინიკოზე წუხდა. თინა ხომ ორსულად იყო. გეგას სულ იმის ეშინოდა, არაფერი გაუკეთონ და ციხეში მუცელი არ მოუშალონო, მაგრამ მაინც მოუშალეს.

დახვრეტის განაჩენს ელოდა?

- ერთხელ მკითხა: ბატონო თემურ, როგორ ფიქრობთ, დამხვრეტენო? რა უნდა მეთქვა. არც მე ვიყავი დარწმუნებული, რომ დახვრეტის განაჩენს გამოუტანდნენ.

განაჩენის გამოტანისას რა რეაქცია გქონდათ?

- წარმოიდგინეთ, ადამიანს რომ ვერაფრით ეხმარები. პირველად განაჩენი მღვდელს გამოუტანეს. თემურ ჩიხლაძემ მოსამართლე და პროკურორი დაწყევლა. ის ისევე იყო დამნაშავე, როგორც თქვენ, მაგრამ... მოსამართლე განაჩენს ჯალათივით კითხულობდა. როცა დაამთავრა, ბიჭებს ხელები გადაუგრიხეს, ბორკილები დაადეს. თინა ყვიროდა, მეც დამხვრიტეთო. ბადრაგმა  ახლოს არავინ მიუშვა, არც ადვოკატები.

მიგაჩნიათ, რომ ამ ბიჭების გადარჩენა შეიძლებოდა?

- ეს მაშინდელ ხელისუფლებას უნდა ჰკითხოთ. ანალოგიური შემთხვევა ბალტიისპირეთშიც მოხდა და იქ დამნაშავეებს ექვს - ექვსი წელი მიუსაჯეს. რა, ამათი გადარჩენა არ შეიძლებოდა? თუ ასეთი ბიჭები ბევრი გვყავდა, რომ დახვრიტეს?

სასამართლო პროცესი ცამეტ დღეში დასრულდა. 1984 წლის 13 აგვისტოს განაჩენი გამოიტანეს. შეწყალება მაშინ მოსკოვში ხდებოდა. მახსოვს, ზოგიერთი შეწყალების საკითხის განხილვას წელიწადზე მეტ ხანს ანდომებდა.

არ ვიცი, ამ შემთხვევაში ასე რატომ იჩქარეს. 3 ოქტომბერს განაჩენი უკვე სისრულეში მოიყვანეს. ისევ ჩვენმა ხელისუფლებამ იაქტიურა. ალბათ, მოსკოველი კოლეგების წინაშე თავის გამოჩენა სურდათ.