მთავრობაში საბანკო რეგულაციების შერბილებაზე ალაპარაკდნენ, დეველოპერები გვენეტაძის გადადგომაზე  

მთავრობაში საბანკო რეგულაციების შერბილებაზე ალაპარაკდნენ, დეველოპერები გვენეტაძის გადადგომაზე  

დეველოპერები ადასტურებენ, რომ უძრავი ქონების ბაზრის განვითარება გაჩერდა და ინვესტირებას ვერ ახდენენ. უძრავი ქონების ბაზრის ახალი კვლევამ დიდი ვარდნა დაადასტურა. ფაქტობრივად უძრავი ქონების სეგმენტში ბრუნვა განახევრდა. ამიტომ მთვრობაც კი რეგულაციების შერბილებაზე ალაპარაკდა.

კვლევის მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები შარშანდელთან შედარებით 45%-ით არის შემცირებული. სპეციალისტების აზრით, იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით რეგულაციები არ იყო საჭირო.

„საბანკო რეგულაციებმა კატასტროფული შედეგი მოიტანა. ეს იყო ყოვლად გაუაზრებელი და აბსოლუტურად არაპროფესიონალური, არაკოლეგიალური გადაწყვეტილება. მე თუ მკითხავთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს. ასეული თუ არა ათეული მილიონი ლარით აზარალა ისედაც ღატაკი ქვეყნის ბიუჯეტი“, - აცხადებს საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი.

ამის საპასუხოდ ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულია ამბობს, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესში, შესაძლოა, ცვლილება შევიდეს და რეგულაცია გარკვეულწილად შერბილდეს.

„ჩვენ ავირჩიეთ მიმართულება, რომელსაც არ გადავუხვევთ. ამ მიმართულების შიგნით შეიძლება მოხდეს რაღაც განსაზღვრული ციფრების კორექტირება. შეიძლება მოხდეს კოეფიციენტის კორექტირება, სხვადასხვა ელემენტის კორექტირება მიმართულების შიგნით, მაგრამ ვექტორები და მიმართულებები არ შეიცვლება. ეს ბუნებრივი პროცესია, ჩვენ ვაკვირდებით და ამის შედეგად შეიძლება მოხდეს კორექტირება ან არ მოხდეს. როცა შეგროვდება სტატისტიკური ინფორმაცია, მერე მივხვდებით, რისი კორექტირება გვინდა. შეიძლება, სულაც ისე მოხდეს, რომ არაფერიც არ დაგვჭირდეს.

როცა ვიღებდით ამ რეგულაციებს, ზუსტად იმიტომ იყო ეს რეგულაციები მიღებული, რომ ვიღაც განსაზღვრულ პიროვნებებს ეს სესხი ვერ აეღოთ, ვისაც არ ჰქონდა ამის გასტუმრების საშუალება. სრულად ამ რეგულაციების გაუქმება აბსოლუტურად გამორიცხულია. ეს რეგულაციები არის იმისთვის განსაზღვრული, რომ დავიცვათ მოსახლეობა და განსაკუთრებით, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა იმისგან, რომ არ აიღონ უაზრო კრედიტები“, - განაცხადა ქობულიამ.

უფრო მკვეთრი პოზიცია აქვთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. დეპუტატმა ილია წულაიამ, რომელიც სამშენებლო ბიზნესთან მჭიდროდ არის დაკავშირებული აცხადებს, რომ ბანკები უფრო მეტად უნდა აფინანსებდნენ მშენებლებს და ნაკლები უნდა იყოს მათი თანამონაწილეობაც.

„ვისურვებდი, რომ ბანკები უფრო აფინანსებდნენ მშენებლებს და უფრო ნაკლებ თანამონაწილეობას ითხოვდნენ ბიზნესისგან. ეს უფრო განავითარებდა ამ სფეროს და გააჯანსაღებდა. ვფიქრობ, ეროვნული ბანკის რეგულაციები შესარბილებელია. უფრო მეტად ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს“, - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი.

კიდევ უფრო ხისტ პოზიციას აფიქსირებენ ბიზნესმენები. „რედკოს“ გენერალური დირექტორი მალხაზ კუნელაური პირდაპირ ამბობს, რომ ეს რეგულაციები დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს. არ არის სწორი ბიზნესში ხელოვნური ჩარევა, რადგან ეს ქმედება სექტორს საგრძნობლად აზარალებს.

„საბანკო რეგულაციები, რომლებიც უძრავი ქონების იპოთეკურ დაკრედიტებასთან არის დაკავშირებული, არის უსაფუძვლო. რის გამო შეიძლება მსგავსი რეგულაცია შემოღებულიყო? გვაქვს კონკრეტული სტატისტიკური მაჩვენებლები, რომ ასეულობით მილიონი დოლარის გაყიდვები იპოთეკური დაკრედიტებით არის განხორციელებული და დღემდე გაპრობლემებული სესხები არ აღემატება 1%-ს. მაშინ ისმის კითხვა, ვის დასაცავად ან რომელი მხარის დასაცავად ან რისი პრევენციისთვის არის ეს რეგულაცია? ასევე ვიცით, რომ ეს რეგულაცია არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომ სამშენებლო სექტორმა განიცადა ვარდნა და პირველად დაფიქსირდა შემცირება.

სამშენებლო სექტორი არის საქართველოს ეკონომიკის უმთავრესი მიმართულება. ამიტომ აქ ხელოვნური ჩარევა, რეგულაციებით, ვფიქრობ, არის არასწორი. ვფიქრობთ, დაუყონებლივ უნდა გაუქმდეს ეს რეგულაციები, რომლებიც ზღუდავს დაკრედიტებას ბანკების მხრიდან“, - განუცხადა „ბიემს“ კუნელაურმა.

სოციალისტი ეს უკვე მეტისმეტია!!! ახლა ამ ბანკების და ონლაინ გამსესხებლების მხარდამჭერად გამოვდივა. მივმარტავ სესხის აღების სურვილით აღტყინებულებს, თქვე მამაცხონებულებო როცა ის 2000 ლარიანი სესხი ჩამოგაწერეს იმიტომ რომ წლების განმავლობაში არ იხდიდით ან ვერ იხდიდით, მაშინ გეთქვათ უარი და გაგეხადებინათ, არ მინდა სეხს ნუ ჩამომაწერთ, მზად ვარ გადავიხადოო და გადაგეხადთ! ვინ გეცათ მჯაში და ვინ გითხრათ, არა, არ გინდა, ნუ გადაიხდი, ვსიო, ყველაფერი ხახვივით შეგრჩაო?! ახლა ის 2000 არ გადაგიხდით და ახალი სესხი გნებავთ?! ეტყობა გვარიანად გარეკეთ!
5 წლის უკან
ლაზი აი სახელმწიფო! როსტომაშვილი ეროვნულ ბანკს უტევს. წულაია და კუნელაური მთავრობას დირექტივებს აძლევენ. რეაქციამაც არ დააყოვნა - ქობულია უკანდახეხევისათვის მზადაა.
ნორმალურ საზოგადოებაში ადამიანები ჯერ დანაზოგს აკეთებენ და მერე ყიდულობენ უძრავ ქონებას. ეს დეველოპერები კი სესხით ატენიან არ არსებულ ბინებს, რომლებიც რამდენიმე წლის მერე აშენდება (ან არც აშენდება) და მყიდველს, გადახდილი პროცენტის გამო ორმაგი უჯდება. სქემა მარტივი და კაბალურია, მაგრამ უბინაო ადამიანისათვის მიმზიდველი. მართალია ბინას წლობით ელოდება მაგრამ აქვს სათქმელი , რომ მშენებარეში აქვს შეტანილი ცეცხლის ფასად ნასესხები ფული. მოკლედ ეს ხალხი სესხად აღებული ფულით აფინანსებს დეველოპერების ბიზნესს. მოაკლდათ დეველოპერებს უპროცენტო დაფინანსება და ავიშვიშდნენ.
5 წლის უკან