გოგი თოფაძემ „ყაზბეგი“ დათმო და ახალ ბიზნესზე ფიქრობს

გოგი თოფაძემ „ყაზბეგი“ დათმო და ახალ ბიზნესზე ფიქრობს

გოგი თოფაძემ დიდი ფიქრის შემდეგ „ყაზბეგის“ სავაჭრო ნიშანი დათმო. ამიერიდან იგი სულ სხვა ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანდება. გარიგება დასრულებულია და ფასიც ცნობილია. „ჯორჯია კაპიტალმა“ საქართველოს ლუდის უძველესი სავაჭრო ნიშანი „ყაზბეგი“ და მისი კომერციული აქტივები იყიდა, თუმცა ქარხანა და ტერიტორია კვლავ გოგი თოფაძის მფლობელობაში რჩება.

1881 წლიდან არსებული ბრენდის შესყიდვა გოგი თოფაძისგან საინვესტიციო კომპანიას 3.65 მლნ დოლარი დაუჯდა. „ყაზბეგი“ საქართველოს ლუდისა და ლიმონათის ბაზარზე 4-5%-იან წილს იკავებს.

„ჯორჯია კაპიტალის“ შვილობილი კი „გლობალ ბიერ ჯორჯია“ ლუდის ბაზარზე პოზიციებს იმყარებს. კომპანია უკვე აწარმოებს ლუდს „აისი“, ასევე იწყებს „ჰეინიკენის“ და „კრუშოვიცეს“ წარმოებას.

კომპანია „ყაზბეგის“ ბრენდის შეძენასთან დაკავშირებთ, „ჯორჯია კაპიტალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს შენაძენი კომპანიის პორტფელს გაამრავალფეროვნებს და მიზნობრივი აუდიტორიის მასშტაბსაც გაზრდის.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩვენს, სასმელების ბიზნესს შეემატა ადგილობრივი, უძველესი ბრენდი „ყაზბეგი“. ეს დაგვეხმარება გავზარდოთ ჩვენი ლუდის ქარხნის პროდუქტიულობა. გარდა ამისა, საშუალება გვეძლევა შევიდეთ უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების ბაზარზე, სადაც აქამდე არ ვიყავით წარმოდგენილნი.

ბოლოს, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ „ყაზბეგი“ შემოუერთდება ჩვენი ბრენდების პორტფელს, რომლებიც ადგილობრივი ბრენდების მიქსს შეიცავს და მათ შორისაა ლუდი „აისი“. ამასთანავე, გვაქვს მოლოდინი, რომ ყაზბეგი ჩვენი პროდუქტების სამიზნე ასაკობრივი ჯგუფის შემადგენლობას გააფართოვებს“, - განაცხადა გილაურმა.

მოგვიანებით პირველი კომენტარი გააკეთა ბიზნესმენმა გოგი თოფაძემ, რომელმაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან დააკონკრეტა, რომ გარიგების საგანს მხოლოდ სავაჭრო ნიშანი წარმოადგენდა, ხოლო ლუდის ქარხანა, ტერიტორიასთან ერთად, მის განკარგულებაში დარჩება.

„ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, მიმდინარეობს მოლაპარაკება. ქარხანა რუსთავში გაჩერებულია. ალბათ დავიწყებთ ახალ წარმოებას, რა იქნება ჯერ არ ვიცით. ლუდის და ლიმონათის 6 ქარხანაა საქართველოში. უფრო დიდი პროექტები გვაქვს ჩაფიქრებული და 1-2 თვეში გადავწყვეტთ, რას გავაკეთებთ ჩვენს ტერიტორიაზე.

რაც შეეხება „ყაზბეგთან“ დაკავშირებულ მოლაპარაკებებს, ალბათ, ძალიან მალე გადაწყდება ყველაფერი, არის პატარა ნიუანსები, რომელსაც დავასრულებთ. ბრენდი, დიდი ალბათობით, გაიყიდება, თუმცა ტერიტორია და ქარხანა რჩება, სადაც გავაკეთებთ ძალიან დიდ წარმოებას. გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა საქართველოსთვის, მაგალითად, არ გვაქვს საკონსერვო ქარხნები, შემცირდა მათი რაოდენობა და ა.შ.“ - განაცხადა „ბიზნეს მედიას“ თოფაძემ.

zviadi ლუდ ყაზბეგს ვინმე ყიდულობდა? რა სახელს აფუჭებდა ღრუსეთუმე დელეცი ტოპადზე
3 კვირის უკან