რა მდგომარეობაშია გიორგი ჩაკვეტაძე? - უახლესი ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტისგან

რა მდგომარეობაშია გიორგი ჩაკვეტაძე? - უახლესი ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტისგან

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ორ მატჩში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ყველაზე მეტად 19 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე დააკლდა, რომელიც ერთა ლიგაზე "ჯვაროსნების" ლიდერი იყო.

ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ბელგიური "გენტის" ღირსებას იცავს, 2018 წლის 14 დეკემბრის შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთხელ, "კორტრიკთან" მატჩში, 23 წუთის განმავლობაში გამოჩნდა, სადაც მან საგოლე გადაცემის შესრულებაც მოახერხა.

გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობის შესახებ მის აგენტს, ლაშა ჯაკობიას დავუკავშირდით, რომელიც 19 წლის მოთამაშის ინტერესებს გოგა გახოკიძესა და როჯერ ჰენროტისთან ერთად წარმოადგენს:

"გიორგიმ ტრავმის შემდეგ 6-კვირიანი რეაბილიტაცია გაიარა და ნელ-ნელა გუნდთან ერთად მთლიან დატვირთვებს იწყებს. როდესაც თავს კარგად იგრძნობს, მოედანსაც დაუბრუნდება.

გიორგის ყურადღება არ აკლია. ძალიან ბევრმა ექიმმა ნახა. მასთან ერთად ცხოვრობს თავისი ძმა, იქვე არიან ჩემი კოლეგები - გოგა გაკოხიძე და როჯერ ჰენროტი. მეც შეძლებისდაგვარად ჩავდივარ ხოლმე. კლუბის მხრიდანაც მაქსიმალური ყურადღებაა და მის მდგომარეობას ყველა უფრთხილდება.

მის მიმართ ინტერესი, რა თქმა უნდა, არის, თუმცა ამ ეტაპზე უმთავრესი მისი ჯანმრთელობაა", - გვითხრა ლაშა ჯაკობიამ.

"გენტმა", რომელმაც მიმდინარე სეზონში გიორგის გარეშე 10 შეხვედრა ჩაატარა, რეგულარულ ჩემპიონატში მეექვსე ადგილი დაიკავა და საჩემპიონო ჯგუფში მინიმუმ ევროპა ლიგის საგზურისთვის და მაქსიმუმ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.