„სისტემა, რომელიც ნაციონალებმა შექმნეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ მოსამართლეებმა გაასამართლეს“

„სისტემა, რომელიც ნაციონალებმა შექმნეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ მოსამართლეებმა გაასამართლეს“

დეპუტატ გიორგი კახიანის განცხადებით, თუ ვინმეს თვლის, რომ ვინმეს ხელები გასვრილი აქვს, მანვე უნდა დაასაბუთოს, რა აძლევს ამის თქმის საფუძველს. უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ არანაირი საფუძველი არ აქვს, რომელიმე მის თანაგუნდელზე, მოქმედი იქნება, თუ ყოფილი, ეჭვი შეიტანოს მის კეთილსინდისიერებაში. მაგრამ, თუ ვინმეს ამის ეჭვები და საფუძველი გააჩნია, ბუნებრივია, მათ თავად უნდა ისაუბრონ.

for.ge გიორგი კახიანს ესაუბრა.

პროცესები, რომელიცქართული ოცნებისგარშემო მიმდინარეობს, პარტიის გარეთ გავიდა. როგორი შეიძლება იყოს ამის პოლიტიკური გაგრძელება?

გიორგი კახიანი: თუ იმას გულისხმობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ რამდენიმე წევრი გამოაკლდა და ოპოზიციაში გადავიდა, მე ასე ვიტყოდი: „ქართული ოცნება“ და მთლიანად აღებული უმრავლესობა საკმაოდ დიდი გუნდია. ამ მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი იყო 116 წევრით. ის, რომ პარლამენტის წევრებს შორის არის განსხვავებული მოსაზრებები, ეს ჩვეულებრივი ამბავია.

ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც უმრავლესობის წევრები ერთმანეთს ბრალს სდებენ კორუფციაში, როდესაც უმრავლესობის წევრი ყოფილი უმრავლესობის წევრს ეუბნება, რომ –„შენს ხელებს ფულის სუნი ასდის“. არ მეთანხმებით, რომ ეს უფრო ბრალდებაა, ვიდრე განსხვავებული მოსაზრება?

– გეთანხმებით. განსხვავებული მოსაზრებები ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ მოწვევის პარლამენტი 2 წელი და რამდენიმე თვეა რაც ფუნქციონირებს, როგორც ჩანს, გაჩნდა ისეთი საკითხები, რაზეც პრინციპულად განსხვავებული შეხედულებები არსებობს, რაც ზოგიერთი პარლამენტის წევრის მიერ იძლევა საფუძველს, რომ თავისი თავი და ადგილი ვეღარ იპოვონ „ქართული ოცნების“ გუნდში. როგორც ჩანს, აქედან გამომდინარე, ზოგიერთმა მათგანმა მიიღო გადაწყვეტილება გამიჯვნოდა გუნდს. მაგრამ ის, რომ შემდეგ ასეთი სახის, ძალიან რადიკალური განცხადებები კეთდება ერთმანეთის მიმართ, ეს ჩემთვის პირადად არის მიუღებელი. სიმართლე გითხრათ, არ მესმის, როგორ შეიძლება ერთ დღეს ერთი გუნდის წარმომადგენელი იყო და მეორე დღეს რადიკალურად შეიცვალოს ყველაფერი და ძალიან მძაფრ კრიტიკაზე გადახვიდე თანაგუნდელების მიმართ. ეს ჩემთვის გაუგონარიც არის და ამავე დროს მიუღებელი. თუმცა, ყველამ თავისი საქმე იცის და თავისებურად აკეთებს შეფასებებს.

მაგრამ როდესაც დეპუტატი, მისსავე კოლეგას ეუბნება, რომ მის ხელებს ასდის ფულის სუნი და ღიად სდებს ბრალს კორუფციაში, თვითონ უმრავლესობამ არ უნდა დასვას კითხვა, თუკი ბესელიას ხელებს ასდის ფულის სუნი, .. არის დამნაშავე, დამნაშავის წინააღმდეგ კი უნდა გატარდეს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა, მაგრამ თუ ზარდიაშვილი მიზანმიამრთულად სდებს ბრალს, მაშინ მის მიმართ უნდა დაისვას კითხვები. არ ფიქრობთ, რომ ამ ბრალდებას უნდა ჰქონდეს გაგრძელება?

– განცხადება, რაზეც თქვენ საუბრობთ, მეც მოვისმინე, თუმცა, ამის იქით არანაირი ინფორმაცია არ მიმიღია. თუ ვინმეს თვლის, რომ ვინმეს ხელები გასვრილი აქვს, ალბათ, მანვე უნდა დაასაბუთოს და მანვე უნდა ახსნას რატომ ამბობს ამას და რა აძლევს ამის თქმის საფუძველს. მე არანაირი საფუძველი არ მაქვს რომელიმე ჩემს თანაგუნდელზე, მოქმედი იქნება, თუ ყოფილი, რაიმე ეჭვი შევიტანო მის კეთილსინდისიერებაში. მაგრამ, თუ ვინეს ამის ეჭვები და საფუძველი გააჩნია, ბუნებრივია, მათ თავად უნდა ისაუბრონ.

ჩემთვის თავად ფაქტი არის მიუღებელი, როგორ შეიძლება წლების განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ და უცებ, ერთ დღეში რადიკალურად შეიცვალოს ყველაფერი. ორივე მხრიდან ძალიან მძაფრი კრიტიკა ისმის. კრიტიკა, რომელიც ეთიკურ ნორმებს არის აცდენილი. ბუნებრივია, კრიტიკა ჩვეულებრივი ამბავია პოლიტიკაში, პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთს ვაკრიტიკებთ და ამის გარეშე პოლიტიკა არც არსებობს, მაგრამ რაღაცა ზღვარიც არის.

დაპირისპირების მიზეზი გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხი, რომელთა მიმართ და მათ მიერ განხილულ საქმეების მიმართ არსებობს ძალიან ბვერი პასუხგაუცემელი კითხვა. პარლამენტმა პირველი მოსმენით ისე მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომ არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას. რითი ხსნით ამ სიჩქარეს?

– ერთი მოსმენით არის მიღებული, მაგრამ როგორი მოცემულობა გვაქვს - რეგლამენტის გათვალისწინებით, კანონის მიღებას სჭირდება მინიმუმ ერთი თვე. კანონი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესაბამის პროცედურას ადგენს, რომელსაც თავის მხრივ, შეიძლება, ორთვენახევარი დასჭირდეს. კანონი ერთ თვეშიც რომ მივიღოთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას დასჭირდება სულ ცოტა სამი თვე, თუ მეტი არა.

ჩვენ არც დროში ვართ თავისუფალი. დღეს, უზენაეს სასამართლოში ნაცვლად 28 მოსამართლისა, არის 10 მოსამართლე, რაც მართლმსაჯულების განხორციელებისთვის გარკვეულ სირთულეებს ქმნის. ბუნებრივია 10 მოსამართლისთვის რთულია გაუმკლავდეს საქმეების რაოდენობას, მაგრამ მეორე მხრივ, სიჩქარეში არ უნდა დავაზიანოთ ის მიზანი, რასაც გამართული კანონმდებლობის მიღება ჰქვია და მათ შორის, ვენეციის კომისიის მოსაზრებების გათვალისწინება.

ამ თვალსაზრისითაც ყველაფერი თავის ადგილზეა. გამომდინარე იქიდან, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას, ალბათ, ამ კვირის ბოლოსკენ მივიღებთ. მანამდე შეჩერებული გვაქვს კანონპროექტის განხილვა. როცა გვეცოდინება ვენეციის კომისიის დამოკიდებულება და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საკითხთან მიმართებაში იქნება უარყოფითი დამოკიდებულება, მეორე მოსმენის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გავითავლისწინოთ. საბოლოო ჯამში, ამ პროცესის მიზანი არის, მივიღოთ სწორი და გამართული კანონმდებლობა. ჩვენ თვითონ ვართ დაინტერესებული, რომ გვქონდეს ვენეციის კომისიის დასკვნა და თუ რაიმე შენიშვნები იქნება, გავითვალისწინოთ.

თქვენ ამბობთ, რომ მიზანი გამართული კანონმდებლობის მიღება არის, მაგრამ ეს პროცესი გახდა უმრავლესობის დაშლის საფუძველი. რატომ გახდა აუცილებელი და რამდენად სწორია სასამართლო სისტემის იმ კატეგორიის მოსამართლეებით დაკომპლექტება, რომლებმაც თავის დროზე შექმნეს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები, ყველამ ვიცით რა შედეგი მოჰყვა ამ უკანონო განაჩენებს. ამ ადანიანების უსამართლო განაჩენის საფუძველზე მოიყვანა საზოგადოებამქართული ოცნებახელისუფლებაში. მიგაჩნიათ, რომ სწორია ასეთი დისკრედიდიტებული მოსამართლეებით სასამართლო სისტემის დაკომპლექტება?

– მიმაჩნია, რომ არ არის სწორი და არც არის გუნდში ისეთი განწყობა, რომ ასეთი პირებით მოხდეს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება. არ ვიცი, როგორი განწყობა იქმნება საზოგადოებაში ამ საკითხთან მიმართებაში, ანუ უმრავლესობის პოზიციასთან დაკავშირებით, მაგრამ ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ უმრავლესობის პოზიცია არის უზენაესი სასამართლო დაკომპლექტდეს კომპეტენტური, კეთლისინდისიერი და ისეთი წევრებით, რომლებიც საზოგადოებაში ნდობით სარგებლობენ. ასეთია განწყობა და ეს პროცესიც ამას ემსახურება. დარწმუნებული ვარ, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება მხარდაჭერილი იქნება საზოგადოების მიერ.

ოპონენტების არგუმენტია, რომ ივანიშვილს ასეთი მოსამართლეებით დაკომპლექტებული სასამართლო სჭირდება 2020 წლის არჩევნებისთვის და, რომ ესენი არიან მოსამართლეები, რომლებიც ყველაფერზე არიან ხელის მომწერნი. პარლამენტის თავმჯდომარეს და რამდენიმე დეპუტატს ღიად ადანაშაულებენ ამ მოსამართლეების მფარველობაში...

– ვერ გავიზიარებ ამ ბრალდებას. სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, არ შეიძლება მოსამართლე და ზოგადად, სასამართლო კორპუსი რაიმე პოლიტიკური პირის გავლენის ქვეშ იმყოფებოდეს.

მაგრამ ეს მოსამართლეები, რომლებმაც სააკაშვილის მმართველობის დროს უკანონო განაჩენებით გაითქვეს სახელი, დღეს თავისუფალი იქნებიან პოლიტიკური გავლენისგან?

– სწორად ამბობთ, მართლაც, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მივიღეთ სასამართლო კორპუსი, როდესაც სასამართლო მოქცეული იყო პოლიტიკური გავლენის ქვეშ. ეს გავლენა პირველ რიგში მოდიოდა პროკურატურისგან და იუსტიციის სამინისტროსგან, მთელს ამ პროცესს სათავეში ზურა ადეიშვილი ედგა. რა თქმა უნდა, ეს ყველა მოსამართლეს ერთნაირად არ ეხება, მაგრამ ზოგადი სურათი იყო ასეთი.

ჩვენ ეს გამოწვევაც გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ იყო, გარკვეული პერიოდი მოსამართლეებზე გავლენას კიდევ ინარჩუნებდა „ნაციონალური მოძრაობა“. დროთა განმავლობაში გატარებული რეფორმებიდან გამომდინარე, ამ გავლენებისგან განთავისუფლდა სასამართლო კორპუსი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა სრულად გარანტირებული იყოს.

დღეს იდეალური სასამართლო გვაქვს?

– არა, რა თქმა უნდა. იდეალურ მდგომარეობამდე კიდევ ბევრი გვიკლია. კიდევ მოგვიწევს არაერთი რეფორმის გატარება. თუმცა, თუ შევადარებთ 2012 წლამდე არსებულ მდგომარეობას, ვიტყოდი, რომ რადიკალურად განსხვავებული პროცესია. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ისეთი სურათი – ის სასამართლო კორპუსი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ იყო, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განთავისუფლდა ამ გავლენისგან და საბოლოო ჯამში ის გამამტყუნებელი განაჩენები, რომელიც დადგა იმ რეჟიმის არაერთი თანამდებობის პირის მიმართ, ამის დასტურია.

სასამართლო კორპუსი არ შეცვლილა, მაგრამ ასეთი შედეგი დადგა. ამით ვხსნი „ნაციონალური მოძრაობის“ თავდასხმებს სასამართლო კორპუსზე. ის სისტემა, რომელიც ნაციონალებმა შექმნეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ მოსამართლეებმა გაასამართლეს. ვიტყვი, რომ არ არის მარტივი მდგომარეობა, თუმცა ყველაფერი შედარებითია. სასამართლო სისტემა რადიკალურად განსხვავებულია იმ სასამართლო კორპუსთან, ვიდრე იყო ადრე. თუმცა, რა თქმა უნდა, ცვლილებები და რეფორმები კიდევ საჭიროა.

რაც შეეხება პარტიის გარშემო განვითრებულ მოვლენებს. პარტიაქართულ ოცნებაშიდაბრუნდა ირაკლი ღარიბაშვილი და პარალელურ რეჟიმში გუნდმა დაიწყო ახალი სახეების მოძიების პროცესი. 2020 წლისთვის განახლებული შემადგენლობით წარსდგებით ამორჩევლის წინაშე და როგორ ფიქრობთ, მიიღებთ იმ ნდობას ამომრჩევლისგან, როგორც 2012 წელს? კითხვებიქართული ოცნებისმმართველობასთან დაკავშირებით არის და განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც პირველ ადგილზე დგას კორუფციის საკითხი, ძალიან მძიმე ვითარებაა ამ თვალსაზრისით რეგიონებში...

– 2020 წლამდე თითქოს არ არის დიდი დრო დარჩენილი, მაგრამ პოლიტიკისთვის წელიწადნახევარი არ არის პატარა დრო. თანამედროვე პოლიტიკაში ყოველთვიურად იცვლება მოვლენები და შესაძლოა, 2020 წლის ოქტომბერზე ახლა ცოტა ნაადრევი იყოს საუბარი, მაგრამ რაც ცალსახად შეიძლება ითქვას, გუნდში განახლება იქნება, აუცილებლად იქნებიან ახალი სახეები. ნებისმიერი პოლიტიკური გუნდი ცდილობს გარკვეული სიახლეები შემოიტანოს მის შემადგენლობაში.

ახალი სახეების მოზიდვის რესურსი აქვსქართულ ოცნებას“?

– რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელსაც სურვილი აქვს შეიქმნას პოლიტიკური კარიერა და ეს კარიერა დაუკავშიროს „ქართულ ოცნებას“. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი ბევრია, ეს გუნდის განახლების თანმიმდევრული პროცესია, ეს არ არის ერთ დღეში, ან თუნდაც ერთ კვირაში გადასაწყვეტი საკითხი. ეს პროცესი თანმიმდევრულად მიმდინარეობს. ცხადია, რომ ამ თვალსაზრით უფრო მეტი სიახლე იქნება არჩევნების წინ.

რაც შეეხება იმას, შევძლებთ თუ არა საზოგადოების მხარდაჭერის მიღებას, ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. შევეცდებით, ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეები, რასაც ვაკეთებთ და ვახორციელებთ, მივიტანოთ საზოგადოებამდე. არ ვიტყოდი, რომ ჩვენი ხელისუფლება იდეალურია და ყველაფერი კარგად არის ქვეყანაში, თუმცა ერთ–ერთი ჩვენი გამოწვევა ისიც არის, რომ ის სიკეთეები რომელიც კეთდება, ვერ მიდის მოსახლეობამდე.

დამეთანხმეთ, რომ აქ არის პიარის ბრალეულობაც, რაცქართული ოცნებისპრობლემა არის 2012 წლიდან...

– აბსოლუტურად გეთანხმებით. ალბათ, იშვიათად ნახავთ ასეთ ქვეყანას, სადაც მედიაპლურალიზმის თავალსაზრისით მედია გაჯერებეულია ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად დამოკიდებული სატელევიზიო არხებით. ანუ, ძირითად მედია სივრციდან მოდის ხელისუფლებისადმი ნეგატიური განწყობები, უარყოფითი დამოკიდებულება, კრიტიკა. მეტ–ნაკლებად არიან მედიასაშუალებები, რომლებიც ცდილობენ ობიექტურობა შეინარჩუნონ.

ერთის მხრივ, დემოკრატიის თვალსაზრისით, ძალიან კარგია, თუმცა, როგორც ჩანს, თავისი ფასი აქვს დემოკრატიას. ხელისუფლებისთვის არ არის ეს მარტივი მოცემულობა. მაშინ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენი გაკეთებულის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას, ეს გადაიფარება იმ ნეგატიური, არასამართლიანი და ძირითადად დეზინფორმაციით, რომელიც არაერთი მედიასაშუალებისგან მოდის. ასეთი მდგომარეობა არის. ამას დემოკრატიული მეთოდებით უნდა დავუპირისპირდეთ.

თქვენ პიარი ახსენეთ და გეთანხმებით, ამ თვალსაზრისითაც მეტი გააქტიურება და მეტი კომუნიკაცია გვჭირდება საზოგადოებასთან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მივიღოთ 2020 წლის არჩევნებზე.

Serapina ეს გენიოსი, სადღა იპოვეთ?
აჰა, ნაციონალები გავლენას ახდენდნენ მოსამართლეებზე...
ახლა,დამოუკიდებელნი არიან(ე.ი. ოცნება არ ახდენს მათზე გავლენას) და ყველაფერი უკეთესობისაკენ მიდისო?!
მაშ, გავლენის ქვეშ რომ ექცეოდნენ, პროფესიონალიზმსა და პიროვნულ პრინციპებს რომ ფეხქვეშ თელავდნენ ეს (იგივე) მოსამართლეები(მიშას დროს), ამას არაფერი უჭირს ხომ?!

ჰმ, კობახიძის ნამღერი გადაამღერა. "არანჟიროვკა" სხვაა, ოღონდ სიმღერა იგივეა.

ე.ი. ამათი დაწინაურებისათვის აუცილებელი კრიტერიუმი: საკუთარი აზრის არ ქონა ყოფილა.

...და ბოლოს, ჭკვიანურად ნაკეთებს პიარი არ ჭირდება! ყანიდან გამოსულმა გლეხმაც იცის, რა შედეგი მოყვება ხელისუფლების ამა თუ იმ ნაბიჯს... ასე რომ, ამ გენიოსს რომ პიარი ჰგონია, ეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ვნახეთ ვრემიაში... სულ რომ გადაჭარბებით სრულდებოდა გეგმები...
...და ამის საბოლოო შედეგიც ვნახეთ!

იქმნიან პოლიტიკურ კარიერას და სახლში მიაქვთ ხელფასი,აბა ქვეყანაში რა ხდება, რაში აინტერესებთ?!

პ.ს. გუშინ, ძიძიგურმა დაგლიჯა!
5 წლის უკან