ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა - ფილარმონიულმა ორკესტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას მიმართა და ფილარმონიის გადაცემა ითხოვა. როგორც ორკესტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა განაცხადა, ორკესტრი იმსახურებს, რომ მუდმივი სარეპეტიციო ადგილი ჰქონდეს, სადაც შეძლებს საინტერესო და მრავალფეროვანი კონცერტების ჩატარებას.
„ეს ორკესტრი, რომელსაც 100 წლის ტრადიცია აქვს და ყველა დროში იყო უმნიშვნელოვანესი ჩვენი კულტურისათვის, იმსახურებს, რომ ჰქონდეს დარბაზი. ეს არის მრავალი წლის პრობლემა და ტკივილი. მსოფლიოში ჩვენი ორკესტრი მოხსენიენულია, როგორც საქართველოს ფილარმონიული ორკესტრი. თვითონ ეს სიტყვაც დარბაზისა და სიმფონიური ორკესტრის შესაბამისი სიტყვაა.
მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ ამჟამინდელ მმართველ ჯგუფს შეუწყდა ხელშეკრულება, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ განაახლოს ფილარმონიის ბედი, ჩვენ სამართლიანად მივმართეთ მათ და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, რათა ჩვენ დაგვაბრუნონ ფილარმონიაში, დარბაზში, რომელიც ჩვენი ორკესტრისთვის აშენდა“, - წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ რაჭველი.
მისი თქმით, საკონცერტოდ სივრცის დასაქირავებლად მინიმუმ 15-25 ათასი ლარი უნდა იშოვნონ, ხოლო ზოგ სახელმწიფოს კუთვნილ დარბაზში ფულის გადახდითაც არ უშვებენ.
ამჟამად, ფილარმონიის მმართველი კომპანია „ინტერნეიშენალ ივენთსია“, რომელიც დარბაზს 2007 წლიდან 49-წლიანი იჯარით მართავს. ამ დროისთვის დარბაზს სახელმწიფოს წინაშე 3 115 146 ლარის და 177 102 დოლარის დავალიანება ერიცხება.
2019 წლის 18 იანვარს ფილარმონიის მმართველმა ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას წერილით მიმართა, რომელშიც დავალიანება 9 წელზე გადანაწილებას სთხოვს. სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ნიკოლოზ რაჭველს მალევე გამოეხმაურა და საკმაოდ ხისტი პოზიციაც დაიჭირა.
„მე პირადად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ორკესტრის ხელმძღვანელმა მანტია მოისხა დაჩაგრული, გაუბედურებული ხელმძღვანელისა. თუმცა, მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი მენეჯმენტის პირობებში პირველად ორკესტრის ისტორიაში, მათ გამოეყოთ 250 ათასზე მეტი მხოლოდ პროექტის, ახალი შენობის პროექტის შესაქმნელად, თუმცა მესამე წელია ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა და თავი ვერ მოაბა ახალი პროექტის შექმნას, ორკესტრისთვის 15 მილიონი ლარი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის იყო გათვალისწინებული 2019-21 წლებისთვის, თუმცა თუ პროექტი არ არსებობს, ეს თანხაც ვერ იქნება გამოყენებული.
ამ პერიოდში სანამ პროექტი შეიქმნებოდა, იმისთვის, რომ ორკესტრი ასეთი დაჩაგრული და გაუბედურებული არ ყოფილიყო, დამატებით სამინისტრომ 150 ათასი ლარი სხვადასხვა სივრცეების დაქირავებისთვის გამოუყო ორკესტრს. რაც შეეხება ფილარმონიასთან დაკავშირებულ საკითხს, მოგეხსენებათ, სამინისტროს კომპეტენცია არ გახლავთ ეს საკითხი და ის რეგულირდება სხვა საჯარო უწყებების და კერძო კომპანიას შორის კონტრაქტით და ამ ურთიერთობაში შეჭრა ჩვენი კომპეტენცია არ არის.
ორკესტრის ხელმძღვანელს დაემართა გიგანტომანია, 15 მილიონი ლარი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებზე არასაკმარისი ეჩვენება და 40-დან 45 მილიონ ევროზე გამოაგზავნა მოთხოვნა ახალი შენობის ასაშენებლად, რაც სრულიად არაადეკვატურია. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას აწყობს ისპეკულიროს ყველა დონეზე“, - განაცხადა გიორგაძემ.
შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით კიდევ უფრო კონკრეტული პოზიცია აქვს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარგის ექსპერტის კახა კანდელაკს. მისი აზრით, ეკონომიკის სამინისტრომ ფილარმონიის მმართველ კომპანიას დაგროვილი დავალიანება უნდა გადაუნაწილოს და ხელშეკრულება არ უნდა შეუწყდეს.
„ფილარმონიის კერძო კომპანიისთვის მართვაში გადაცემა, თავიდანვე სახელმწიფო ინტერესს წარმოადგენდა, რადგან სახელმწიფო ვერ უვლიდა დარბაზს - ნახევარი მეტრი სიმაღლის წყალი იდგა, სკამზე ვერ დაჯდებოდი, „საუნდი“ საშინელი იყო, რაღაცეებს ყიდდნენ შიგნით, ყველა კვადრატულ მეტრზე ვიღაცა ქურდი იდგა... საშინელება ხდებოდა და რაც მთავარია, გათბობა-გაგრილების სისტემა საერთოდ არ იყო და კონცერტებს ვერც ზაფხულში და ვერც ზამთარში ვერ ატარებდნენ, მარტო შემდოგომაზე იყო საშუალება...
ამ სიტუაციაში კერძო ინვესტორმა აიღო დარბაზის მართვა საკუთარ თავზე, გაარემონტა, ჩადო ინვესტიცია, პლუს კიდევ ფართი ქირავდება შიგნით, იქიდან დღგ-ს გადასახადსაც ხომ იხდის და ბიუჯეტში შეაქვს, რაღაცეები ხომ არის კიდევ, სხვა პლუსები და ჯამში, სახელმწიფო მოგებაზეა.
2008 წლის ომის მერე საერთოდ არავის ეკონცერტებოდა, მერე რაღაც მოხდა, მერე ის მოხდა, მერე კიდევ ის მოხდა, მერე არჩევნები იყო, მერე მთავრობა შეიცვალა და როცა სულ რაღაც ხდება, ეს ყველაზე მეტად ურტყამს კონცერტებს. ასე რომ, ეს ბიზნესი არასტაბილურია, დარბაზი რთულად შესანახია და ამიტომ ახლა ეს ბიჭები ამას აკეთებენ და მე მგონი, მათ იქით ძეგლი უნდა დავუდგათ ისეთ მაგარ რაღაცას აკეთებენ, თან მით უმეტეს, თვითმფრინავებს ეგენი არ ყიდულობენ და მილიონერები ეგენი არ არიან“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ კანდელაკმა.
ის მიიჩნევს, რომ თბილისის საკონცერტო დარბაზის მმართველ კომპანიას დაგროვილი დავალიანება უნდა გადაუნაწილონ.
„ვთქვათ, „ინტერნეიშენალ ივენთსს“ ჩამოართვეს ფილარმონია, მერე სახელმწიფო რას იზამს? ის გადასახდელი დავალიანებაც ხომ დაიკარგება?! მაგათ კი არა მილიარდერებს გადაუვადეს სასტუმროებს რომ ვერ აშენებდნენ და რა მოხდა? ნელ-ნელა გადაიხდიან, ჩვეულებრივი ამბავია. ეკონომიკის სამინისტრო ყველას ეხმარება, კი არ უნდა მოკლას, პირიქით უნდა გააცოცხლოს და თუ გადაუნაწილებენ 8-9 წელზე, ისინიც ნელ-ნელა გადაიხდიან.
ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ სახელმწიფოს მართვაში თუ იქნება დარბაზი, იქ უფასოდ შეუშვებენ ქართველ მომღერლებს? სახელმწიფოსია ოპერის თეატრი, მაგრამ იქ შესვლა და ღონისძიების ჩატარება 35 000 ლარი ღირს“, - განაცხადა კახა კანდელაკმა.