საარსებო მინიმუმი იზრდება, ინფლაცია კიდევ უფრო მეტად მატულობს, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია იზრდება ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულება. ყველაზე სავალალო ისაა, რომ თვალშისაცემად გაზრდილია საკვები პროდუქტების იმპორტი. მარტო ამ მხრივ უკვე 1 მილიარდი დოლარის ნიშნულთან ვტრიალებთ. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ვითარება საგანგაშოა. სულ რაღაც 4 წლის წინათ 300-400 მილიონის დოლარის საკვების შემოტანა გვჭირდებოდა. ამ წლების განმავლობაში კი იმპორტი ერთბაშად 3-ჯერ გაიზარდა.
ინფლაციის მაჩვენებლის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში საარსებო მინიმუმმაც აიწია. ბოლო 6 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმსაც მიაღწია. მაგალითად, თუ 2004 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი სულ რაღაც 87,6 ლარი იყო, ახლა კი ის 145,5 ლარს აღწევს, ანუ ზრდა საკმაოდ დიდია და ის 60,2%-ს შეადგენს. რაც შეეხება ერთი საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს, ის 2004 წლის ოქტომბერში 146,9 ლარი იყო, 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 244,1 ლარი. აქაც ზრდის მაჩვენებელი, დაახლოებით, 60,1%-ია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი ეტაპობრივად იზრდება და ის ინფლაციის მაჩვენებელსაც კი უსწრებს. საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი ცვალებადი იყო 2010 წლის განმავლობაშიც. თუ ერთ თვეს ის იზრდებოდა, მეორე თვეს ამ მაჩვენებელში კლება შეინიშნებოდა. მაგალითად, სტატისტიკური მონაცემებით მიმდინარე წლის იანვარში ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 128 ლარი შეადგინა, თებერვალში -125,8 ლარი, მარტში - 125,5 ლარი, აპრილში - 127,4 ლარი, მაისში- 128,9 ლარი, ივნისში - 128,6 ლარი, ივლისში - 128,4 ლარი, აგვისტოში - 134 ლარი, სექტემბერში 140,9 ლარი და უკვე ოქტომბერში 145,5 ლარი.
„აშკარაა, რომ ჩვენ გადავედით იმ რეჟიმში, როდესაც სურსათის ფასები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს როგორც ინფლაციის, ასევე საარსებო მინიმუმის მაჩვენებელს. ეს მაჩვენებელი კი წლის ბოლომდე ისევ გაიზრდება, თუ რამე სასწაული არ მოხდა და ლარი დოლართან მიმართებაში 1,6-ზე არ გამყარდა“, - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე.
საარსებო მინიმუმის ზრდა უშუალოდ უკავშირდება ინფლაციას, ხოლო ინფლაცია კი იმპორტის კატასტროფულ ზრდას. რადგანაც მსოფლიოში ბოლო წლებში საკვების პროდუქტების ფასი მკვეთრად გაიზარდა, ხოლო საქართველოში იმპორტის მაჩვენებელმა იმატა, თავისთავად ცხადია, რომ ფასების ზრდა პირდაპირპროპორციულად მოხდა.
2009 წელს ქვეყანაში, დაახლოებით, 950 მილიონი დოლარის სურსათის იმპორტი განხორციელდა, 2010 წლის 9 თვის მონაცემებით, უკვე იმპორტირებულია 615 მილიონი დოლარის სოფლის მეურნეობის პროდუქცია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ მონაცემებში არ შედის საკვები პროდუქტის სხვა სახეობები, გამორიცხული არ არის, წლის ბოლომდე ამ სეგმენტში იმპორტის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ერთ მილიარდ დოლარსაც კი გადააჭარბოს.
რაც შეეხება იმპორტს, ცხადია, რომ ამის ფონზე გაიზრდება სურსათის, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი და მან შეიძლება მილიარდ დოლარსაც კი გადააჭარბოს. სურსათის იმპორტის არანორმალური ზრდა ჩვენთან 2006 წლის შემდეგ დაიწყო, მანამდე საქართველოში, დაახლოებით, 200-500 მილიონი დოლარის სასურსათო პროდუქციის შემოტანა ხდებოდა. 2007 წლიდან კი იმპორტის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 700 მილიონსაც კი გადააჭარბა. იმპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 2008 და 2009 წლებშიც.
ამ დროს კი ხელისუფლება მხოლოდ იმაზე ფიქრობს, საბიუჯეტო თანხები ხელფასებზე როგორ გაანაწილოს. არავის აქვს არც გეგმა და არც პროექტი, თუ როგორ უნდა მოხდეს სოფლის ფეხზე დაყენება, რომ იმპორტზე დამოკიდებულება შევამციროთ. ეს კი, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება“, - დასძინა პაატა კოღუაშვილმა.