საქართველოს ნაკრები თითქმის უშანსოდ დამარცხდა შვეიცარიასთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სასტარტო მატჩში. მატჩის პერიპეტიების შეფასება ვთხოვეთ ქართული ფეხბურთის ლეგენდას, რევაზ ძოძუაშვილს. ვფიქრობთ, გულშემატკივარი მის კომენტარებში არა ერთ საინტერესო მოსაზრებას წაიკითხავს...
"მე ვიტყოდი, რომ როცა სპორტსმენი ხარ, როცა ფეხბურთელი ხარ, ყველანაირად უნდა ეცადო, რომ შენი ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იყოს. მაქსიმალურად მაგრად უნდა მოემზადო თითოეული თამაშისთვის...
ეს რომ კლუბი იყოს, გაცილებით ადვილი იქნებოდა. მწვრთნელს ყოველთვის აქვს იმის დრო და საშუალება, რომ ფეხბურთელს უთხრას - იცი რა, დაივიწყე გუშინ და გუშინწინ რაც მოხდა, უკვე წარსულია ეს ყველაფერი და მხოლოდ მომავალზე იფიქრეო...
სანაკრებო რეალობა არის სხვა - აქ მწვრთნელი ყოველდღე ვერ იტყვის ამას. მე თავად მიმუშავია ნაკრებში და ზუსტად ვიცი, რა და როგორ არის...
რატომ ვამბობ ამას? ჩემიდან დავიწყებ. ალბათ მეც, თქვენც, ჟურნალისტებს, და გულშემატკივრებს, ყველას ერთად შეგვეყარა ვარსკვლავური ავადმყოფობა. ვიფიქრეთ, ეს ერთა ლიგა მოვიგეთ და შვეიცარია ვინ არის, რას გაგვიძლებს და ისიც თბილისურ მატჩშიო?!
არადა, სხვა დონეა, ძლიერი გუნდია ძალიან. ფეხბურთელებსაც შეეყარათ ალბათ ეს ვარსკვლავური ავადმყოფობა და რაც უფრო მალე განიკურნებიან, რაც უფრო მალე დაეშვებიან მიწაზე, მით უკეთესი იქნება ყველასთვის.
ჩვენ ყველა ერთად უნდა დავეშვათ მიწაზე და გავხდეთ ისევ "შავი მუშები", ოღონდ - კარგი გაგებით. სწორედ ასეთმა ფეხბურთმა მოგვაგებინა ერთა ლიგა. არ არის საჭირო, გადაჭარბებული წარმოდგენა გვქონდეს საკუთარ თავზე. ეს საქმეს ვნებს.
თამაშის წინ გითხარით, შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელის სიტყვები - შეიძლება, ქართველებმა ბურთი დაგვითმონ და დაცვაში ჩადგნენო, დიდი ალბათობით, შეიძლება შემოგდებული იყოს-მეთქი და, ჩვენ ზუსტად ასე ვითამაშეთ.
ჩვენი სქემა იყო 4-5-1, გნებავთ 4-3-3 და პირველ ტაიმში ამან დაცვაში გაამართლა. თუ დააკვირდით, პირველი 15-20 წუთის განმავლობაში შვეიცარიელები ხშირად ათამაშებდნენ ბურთს საკუთარი კარის სიახლოვეს. ალბათ, ასეთ დროს სასურველი იყო, ჩვენი პრესინგი უფრო ინტენსიური ყოფილიყო. კი, იყო პრესინგი, მაგრამ 2-3 კაცი მიდიოდა მცველების და მეკარის შესაწუხებლად - უპრიანი იქნებოდა, მეტი წასულიყო...
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გამოვარჩევდი ჯაბა კანკავას და გიორგი ლორიას. ორივემ მაღალ დონეზე ითამაშა. პირველ ტაიმში კაკაბაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ მეორე ნახევარი ჩაუვარდა...
კანკავამ ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. ერთადერთი, მეტად უნდა აეყოლიებინა პარტნიორები. კაპიტანი რომ ხარ, უნდა შეძლო და სხვებიც აიყოლიო. უნდა შეუძახო - ნუ გეშინიათ ბიჭები, ამათ მოვუგებთ, მივაწვეთ და ასე შემდეგ... ისე, მაგრად ითამაშა ძალიან. ირლანდიასთან თამაშში შეგვიძლია, ხასიათი გამოვისწოროთ".