„გონგოდან“ „ოპგონგოდ“ ქცეული სამოქალაქო სექტორი

„გონგოდან“ „ოპგონგოდ“ ქცეული სამოქალაქო სექტორი

ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო სექტორი ამჯერად ნაცმოძრაობის „გონგოდ“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ „გონგო“, რომელიც მასთან ერთად ოპოზიციაში გადავიდა და „ოპგონგოდ“ გადაიქცა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ლუსტრაცია საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოხდა და კარგად გამოჩნდა, რომ ისინი კონკრეტულ პარტიასთან არიან აფილირებული.

„ეს არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს არიან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. ბუნებრივია, ეს სწორი არ არის და იმაზე მეტყველებს, რომ არასამთავრობო სექტორი არის სუსტი. არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ პოლიტიკურად ნეიტრალური და ნეიტრალურად დააკვირდნენ მოვლენებს.

ასეთი განცხადებების ნაცვლად სჯობს, საგნობრივად ისაუბრონ და თავი გაიმართლონ, თუ რატომ გადაეფარნენ ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებას. უფრო მეტიც, მათ გვარამიას გამართლება დაიწყეს, როცა არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქცია სწორედ ასეთ განცხადებაზე რეაგირებაა“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

არასამთავრობო სექტორის მიმართ ტრადიციულად კრიტიკულია იუსტიციის მინისტრი და მათ პროფესიონალიზმს უწუნებს. თეა წულუკიანის განცხადებით, პოლიტიკურად არ მოსწონდათ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა და აკლდათ ნეიტრალიტეტი. წულუკიანმა არასამთავრობო სექტორის შეფასება კონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას მე პირადად მოვუწოდე, როგორც კომისიის თავმჯდომარემ, რომ დაეგმოთ და ჩართულიყვნენ კამპანიაში, გენდერული ნიშნით კანდიდატზე თავდასხმის წინააღმდეგ. ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მიპასუხა, რომ ისინი თავად გადაწყვეტდნენ, ჩართულიყვნენ თუ არა ქალი კანდიდატის წინააღმდეგ გენდერული ნიშნით თავდასხმების აღსაკვეთად კამპანიაში.

რეალურად მე ვთვლი, რომ მათ არაფერი, ან ძალიან ცოტა გააკეთეს იმისთვის, რომ ქალი კანდიდატი გენდერული თავდასხმებისგან დაეცვათ. მე მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ბოიკოტს უცხადებდა უწყებათაშორის კომისიას, იმიტომ, რომ როგორ აკადრეს და მტკიცებულება მოსთხოვეს. მათ არ მოსწონდათ პოლიტიკურად ქალბატონი სალომე და მას არ იცავდნენ, ან არასათანადოდ აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს, შესაბამისად მათ აკლდათ ნეიტრალიტეტი და პროფესიონალიზმი“, – განაცხდა თეა წულუკიანმა.

ხელისუფლების კრიტიკას, თავდასხმად აფასებენ თავად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პასუხობენ, რომ თუ ქვეყანაში რომელიმე სექტორი სუსტია, ეს ხელისუფლებაა და უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ორგანულად ვერ იტანს ორგანიზაციებს, რომელთაც სადამკვირვებლო მისიები ჰყავთ.

საიას თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს და იუსტიციის მინისტრს ამავე კონფერენციაზე უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში თუკი რომელიმე სექტორი სუსტია, ეს არის ხელისუფლება და მათ შორის პარლამენტი, მმართველი ძალა და მათი უსუსურობა ჩანს ყველგან და ყველაფერში.

„ბოლო მოვლენები ამის ყველაზე ნათელი დასტურია, სასამართლოსთან მიმართებაში მათი გადაწყვეტილებები, ის, თუ რა ფორმით იღებენ და როგორ კანონებს იღებენ. ჩვენ დიდი ხანია, მივეჩვიეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ორგანულად ვერ იტანს ორგანიზაციებს, რომელთაც ჰყავთ სადამკვირვებლო მისიები და რომლებიც წლებია, ამ მიმართულებით ვმუშაობთ.

მინდა მას შევახსენო, რომ ამ ორგანიზაციებს არსებობის უფრო დიდი ისტორია აქვთ, ვიდრე თავად „ქართულ ოცნებას“. ჩვენ 25 წლის ორგანიზაცია ვართ, ვაკვირდებით ყველა არჩევნებს, გავუძელით ყველა ხელისუფლებას, მაგრამ არ ვართ დარწმუნებული, რომ ამდენს გაუძლებს „ქართული ოცნება“, ყოველ შემთხვევაში, კობახიძის ხელმძღვანელობით და პარლამენტის თავმჯდომარეობით. ვფიქრობ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს პრობლემებსა და გამოწვევებზე, იქვე მას მეტი არგუმენტაციაც სჭირდება“, – აღნიშნა სულხან სალაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარეს ლექსიკას და ამავე დროს განათლებას უწუნებს იურისტი ლევეან ალაფიშვილი, რომლის განცხადებით, არ არის სწორი ამტვრიო, ან ეჩხუბო სარკეს, რომელიც შენს სახეს დაგანახებს. მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა თუ არა, ფაქტია, რომ სამოქალაქო საზოგადოება, მათი წარმომადგენლები საზოგადოებაში არსებულ განწყობებს წარმოაჩენენ, ახმოვანებენ და ეს არის მთავარი.

„რაც არ უნდა უწოდოს ვინმემ, ამით განწყობა შეიცვალა საზოგადოებაში? – არა. სხვათა შორის ვინც თქვა, რომ ისინი არიან „გონგო“ იმის ცოდნაზე და განწყობაზე მეტყველებს, რის დამკვიდრებას ცდილობს. რომ იცოდეს „გონგო“ ნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც პროსახელისფლებოა. ეს უწოდო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სირცხვილია, უცხოელების მაინც შერცხვეთ, იტყვიან არ იციანო, არადა ძალიან განათლებულობაზე და დასავლურ ღირებულებაზე აქვს პრეტენზია ამ ტერმინის დამკვიდრების მოსურნე პოლიტიკოსს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ დასავლეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მაგალითი არის „სოროსის ფონდი“, რომელსაც ძალიან ბვერი კარგი საქმე აქვს გაკეთებული, მაგრამ ამასთანავე, მისი თქმით „სოროსის ფონდი“ აქტიური იყო „ვარდების რევოლუციის“ პროცესში. საყვარელიძეს განცხადებით, თქმა იმისა, რომ ვინმეს მხარეს არის, რთული ფრაზაა, რადგან დაზუსტება უნდა რას გულისხმობს ამდაგავრი სიტყვების ავტორი.

„ვიღაცა არასამთავრობოს მართავს და მეორეა, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს თავისი პოლიტიკური პოზიცია და მიჰყვება მას, რომელიც შეიძლება პოლიტიკის მეორე მხარეს არ მოსწონდეს. ასეთი ვარიანტი, როდესაც არასამთავრობო სექტორის პოლიტიკა მეორე მხარეს არ მოსწონს, ძალიან ხშირია. სოროსი ვახსენე და იგი ახლაც აქტიურია, ტრამპს უპირისპირება და შესაბამისად, მასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაცია ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგია. რა ვქნათ ახლა, ეს ფაქტი შევაფასოთ როგორც ტრამპის ოპოზიციის გაგრძელება და „გონგო“, თუ ვთქვათ, რომ ამ არასამთვრობო ორგანიზაციის წევერები არიან ადამიანები და ამ ადამიანებს, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, გააჩნიათ პოლიტიკური პოზიციები და მოქმედებენ ამ პოლიტიკური პოზიციების გავლენით“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

 

tngh "გონგო" და "ოპგონგო" ვინ და რა არის არ ვიცი... მაგრამ "მეგრანტეები" ვინც ბრძანდებიან, კარგად ვიცი... და არა მარტო მე!!!
5 წლის უკან