კიდევ ერთი „გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის“

კიდევ ერთი „გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის“

25 ნოემბერს პარლამენტის წინ წარმომადგენლობითი სახალხო კრება გაიმართება. ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ შენობაში შეჭრას არავინ აპირებს. თუმცა, მისივე თმით, „იწყება გადამწყვეტი ბრძოლა დემოკრატიული მომავლისთვის, რომელიც აუცილებლად მოსახლეობის გამარჯვებით და სააკაშვილის ხელისუფლების წასვლით დამთავრდება“.

ქართული პარტიის ლიდერები კი აცხადებენ, რომ არანაირი 2012 და 2013 წლის არჩევნებზე საუბარი არ შეიძლება იყოს და სააკაშვილი უმაღლესი ხელისუფლებიდან მანამდე უნდა მოიცილონ.

ამ ფონზე ინტერესს იწვევს რუსული მედიით გაკეთებული შეფასებები. კერძოდ, 
„ნეზავისიმაია გაზეტას“ შეფასებით, „წარმომადგენლობითი სახალხო კრების შეკრებამდე ერთი კვირით ადრე, ქართულმა ოპოზიციამ აშშ-ის პრეზიდენტისგან დარტყმა მიიღო, რადგან იგი ნატო-ს ლისაბონის სამიტის ფარგლებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა“.

25 ნოემბერს „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე „აღშფოთებული ადამიანებისგან“ პარლამენტის შენობას უსაფრთხოების ჯგუფი დაიცავს. ამის შესახებ „სახალხო კრების“ ერთ-ერთმა ინიციატორმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა:

„კრებაზე იქნება ე. წ. უსაფრთხოების ჯგუფი, რომელიც ამას (პარლამენტში შეჭრას) არ დაუშვებს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ პროვოკაციისთვის ხელისუფლებამ გულწრფელად აღშფოთებული ადამიანებიც გამოიყენოს. ვიცი, რომ ხელისუფლება 25 ნოემბრისთვის საგანგებოდ ემზადება. ემზადოს, რამდენიც უნდა. ხალხის პროტესტს ვერ ჩაახშობს. 

თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაწყვეტს, რომ აღარ უნდა ეს ხელისუფლება, ხელისუფლება ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგება, ხოლო თუ მოსახლეობა გაჩუმდება და სამზარეულოში გააგრძელებს წუწუნს, რა ცუდი მთავრობა გვყავსო, ხელისუფლება კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს ძალაუფლებას“.

ბურჯანაძის განმარტებით, ძნელია „პროვოკატორობის ჩემპიონ“ ხელისუფლებას შეეჯიბრონ, მაგრამ თუ პროვოკაციის მცდელობა იქნება, მათაც აქვთ მექანიზმები, რომლის საშუალებითაც შეეცდებიან მათ აღკვეთას.

„ამის თაობაზე გაფრთხილებულია დიპკორპუსი, უამრავი წერილი გავგზავნეთ საერთაშორისო თანამეგობრობაში. პროვოკაციის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება და ეს ძალიან ძვირად დაუჯდება“, - განმარტავს ის. გარდა ამისა, ბურჯანაძის თქმით, თუ კრებაზე ბევრი ხალხი მივა, ხელისუფლება იძულებული გახდება, დათმობაზე წავიდეს.

„არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც 100 ან 200 ათასი კაცის პროტესტს უგულებელყოფს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ვითარება გამწვავდეს. ჩვენ ხალხს არ ვატყუებთ და არ ვამბობთ, 25-ში კრება რომ ჩატარდება, 26 ნოემბრის დილას საქართველო სააკაშვილის გარეშე შეხვდებაო. 25 ნოემბრიდან იწყება გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის, რომელიც აუცილებლად დამთავრდება საქართველოს მოსახლეობის გამარჯვებით და სააკაშვილის ხელისუფლების წასვლით, ოღონდ გონივრული მოქმედებაა საჭირო“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს სახალხო კრებასთან დაკავშირებით იმის გათვალისწინებას ურჩევს, რომ „ბრძოლის დროს კარგად ორგანიზებული მხარე რჩება ხოლმე მოგებული“.

როგორც საყვარელიძემ „პირWელს“ განუცხადა, „თუ ოპოზიციური პარტიები ერთდროულად, ინტეგრირებულად იქნებიან მიმართული მიზნისაკენ, მათ ხელისუფლებაზე გამარჯვება გაუადვილდებათ“.

„ხელისუფლება იმიტომ არის ძლიერი, რომ ის მეტად არის ორგანიზებული და ინტეგრირებული. ამ მხრივ ოპოზიციასთან მიმართებაში საქმე ცოტა უფრო რთულადაა, თუმცა თუ კარგი ორგანიზება იქნება უზრუნველყოფილი, ერთმანეთთან ინტეგრირებული მოქმედებებით გამარჯვებაც მიიღწევა. მხოლოდ მოქმედებით საქმე არ კეთდება, გამარჯვების საწინდარი ორგანიზებულობაა“, - დასძინა რამაზ საყვარელიძემ.

ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი „ათბ-ნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ არანაირი 2012 და 2013 წლის არჩევნებზე საუბარი არ შეიძლება იყოს და სააკაშვილი მანამდე უნდა მოიცილონ.

„უბრალოდ ეს პროცესი დროზე რომ დავამთავროთ, ამისთვის საჭიროა არსებობდეს ძლიერი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებს. ასეთი გუნდი არის ქართული პარტია და ჩვენ ამისთვის მზად ორ თვეში ვიქნებით“, - აცხადებს სუბარი.

კითხვაზე, თუ როგორ აპირებენ ამას, სუბარის თქმით განაცხადებენ მაშინ, როდესაც ამისთვის სრულ მზადყოფნაში იქნებიან. ქართული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს მიაჩნია, რომ სააკაშვილის ალტერნატივა მხოლოდ მათი პარტიაა და ამას საზოგადოება ზალიან მალე დაინახავს. „ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც ამ ხელისუფლებას შეცვლის“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

ქართული პარტიის კიდევ ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს: „ან მე გავაკეთებ იმას, რაც ჩავიფიქრე, ან ქვეყანა დაიღუპება“.

„წარმომადგენლობითი სახალხო კრების შეკრებამდე ერთი კვირით ადრე, ქართულმა ოპოზიციამ აშშ-ის პრეზიდენტისგან დარტყმა მიიღო, რადგან იგი ნატო-ს ლისაბონის სამიტის ფარგლებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა“, - წერს რუსული „ნეზავისიმაია გაზეტა“ . სტატიის ავტორი, იური სიმონიანი აღნიშნავს, სააკაშვილს მოწინააღმდეგეები არა მარტო გატარებული რეფორმებისთვის აკრიტიკებდნენ, არამედ აცხადებდნენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სააკაშვილი არა მარტო რუსეთის მხრიდან, არამედ ამერიკისგანაც გარიყული იყო. 

„ობამა-სააკაშვილის შეხვედრამ წერტილი დაუსვა კამათს იმაზე, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი დასავლეთმა გარიყა. ოპოზიცია მუდმივად აპელირებდა, რომ ვაშინგტონმა შეცვალა დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი და პოლიტიკური არენიდან მისი ვადამდელი წასვლის წინააღმდეგი სულაც არ იქნება. ერთის მხრივ, მსგავსი ინსინუაციები მთლად უსაფუძვლოც არ იყო. აგვისტოს ომიდან ორი წლის განმავლობაში, თეთრი სახლის ლიდერმა პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარ პროამერიკელთან შესახვედრად ვერც ერთი წუთი ვერ გამოძებნა, თუმცა ასეთი შესაძლებლობები არაერთ მსხვილ სამიტზე არსებობდა“, - ნათქვამია სტატიაში. 

როგორც პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, განსხვავება მკეთრად შესამჩნევი გახდა, მით უფრო, რომ ცნობილი იყო ქართველი ლიდერის მიმართ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის გულთბილი დამოკიდებულება. 

„მეორე მხრივ, ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ, თბილისს ოფიციალური ვიზიტებით ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ეწვივნენ. თუმცა, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი წრეებისათვის და თავად ხელისუფლებისთვისაც, მსგავსი „ჩანაცვლება“ თანაბარმნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა. 

უმაღლეს დონეზე შეხვედრების ორგანიზება კი, ადგილობრივი დიპლომატისთვის დროდადრო გართულებული იყო. შესაძლოა, როგორღაც სწორედ ამას უკავშირდება გადაწყვეტილება საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ მიიღო“, - ნათქვამია სტატიაში. 

პუბლიკაციის ავტორი წერს, რომ აშშ-ში ახალ ელჩად, დასავლურ ინსტიტუტებთან კარგი ურთიერთობებით ცნობილი სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი თემურ იაკობაშვილი დაინიშნა. თბილისს კი, როგორც სტატიაშია აღნიშნული, ვაშინგტონთან მრავალმხრივი ურთიერთობები და საიმედო კავშირები სჭირდება. 

„სააკაშვილს შეუძლია, ობამასთან შეხვედრა აქტივში შეიტანოს. განსაკუთრებით იმიტომ, რომ შესაძლოა, 25 ნოემბერს დაგეგმილმა წარმომადგენლობითმა სახალხო კრებამ სიტუაცია ქვეყანაში გაართულოს. როგორც ქართული მედიასაშუალებები იუწყებიან, აშშ-ის პრეზიდენტმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოში განხორციელებული რეფორმები, ასევე, ავღანეთში ნატო-ს სამხედრო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობა, ქვეყანას დაჰპირდა ეკონომიკურ დახმარებას და ასევე ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.