იტალიაში მიმდინარე ახალგაზრდულ ტურნირ "ვიარეჯიოს თასზე", რომელშიც ევროპისა და მსოფლიოს ქვეყნებიდან წამყვანი კლუბების 19-წლამდელთა გუნდები მონაწილეობენ, "ნორჩი დინამოს" გუნდი სკანდალში გაეხვა. მას მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ.
გამოცემის ცნობით, ევროპული კომპანია "ფედერბეთის" მტკიცებით, "ნორჩი დინამოს" სამივე მატჩზე უჩვეულოდ მაღალი ფსონები დაფიქსირდა. "ფედერბეთი" მსოფლიოში საეჭვო ფსონებსა და შესაძლო გარიგებულ მატჩებს სწავლობს.
კერძოდ, "ფედერბეთის" თქმით, "ნორჩი დინამოს" მიერ "რიეტისთან" (1:5), "ტორინოსთან" (1:7) და "ატლეტიკო პარანაენსესთან" (1:4) წაგებულ მატჩებზე წარმოუდგენლად დიდი ფსონები გაკეთდა.
"ფედერბეთის" წარმომადგენლის ფრანჩესკო ბარანკას თქმით, დიდი ფსონები იმაზე დაიდო, რომ "ნორჩი დინამო" გოლს მატჩების ბოლო წუთებზე გაუშვებდა: "თანხები იმდენად მაღალი იყო, რომ კოეფიციენტებიც კი საშუალოდ, 2,5-დან 1,4-მდე დაიწია", - აცხადებს ბარანკა.
"ნორჩი დინამოს" დამფუძნებელი ოთარ შენგელია საეჭვო მატჩებზე ინფორმაციას უარყოფს. მისი თქმით, არც გამოძიების დაწყების შესახებ იცის რამე.
"მხოლოდ ის ვიცი, რომ საეჭვო სიებში მოხვდა ეს მატჩები, ვინაიდან რაღაც ფსონები დაიდო. გუნდი 3 დღის წინ დაბრუნდა საქართველოში. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ორგანიზატორები ამ ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო. რა გამოძიება უნდა იყოს, მე არ მესმის", - თქვა ოთარ შენგელიამ.
"ფედერბეთის" ინფორმაციით, "ნორჩი დინამოს" სამი მატჩის შედეგად აღმოსავლეთ ევროპიდან და ჩინეთიდან დადებული ფსონებით მომხმარებლებმა მილიონობით ევრო მოიგეს. კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა იტალიის პროკურატურას გადაეგზავნა.