„ბარსელონას“ ვარსკვლავი, ლიონელ მესი, არგენტინის ნაკრებს საწვრთნელ შეკრებაზე შეუერთდა. არგენტინელები 22 და 26 მარტს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ, ვენესუელასთან და მაროკოსთან.
მესის ეროვნულ გუნდში შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ აღარ უთამაშია. გასულ მუნდიალზე კი ოთხი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა ნიგერიასთან (2:1). შემოდგომაზე მან ექვსი ამხანაგური შეხვედრა გამოტოვა.
„მესის ველაპარაკე და ერთად გადავწყვეტთ, ორივე მატჩში ითამაშებს თუ მხოლოდ ერთში.“ - უთხრა ჟურნალისტებს არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ.
ისე, მესი კარგ ხასიათზე უნდა იყოს. გასულ უქმეებზე მან კიდევ ერთი განსაკუთრებული მატჩი ჩაატარა „ბარსას“ მაისურით. „ბეტისს“ სამი ერთმანეთზე უკეთესი გოლი გაუტანა. ეს მისი 51-ე ჰეთ თრიქი გახლდათ კარიერაში.