საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა საქართველოს ნაკრების ლიდერის, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, სფფ-ს "გენტთან" კომუნიკაციის პრობლემა აქვს.
"გენტთან" კომუნიკაციის პრობლემა, სამწუხაროდ, არის. ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ფეხბურთელი არის ტრავმირებული, ჩვენს ექიმს ამის შესახებ ინფორმაცია აქვს.
ავიღოთ ერთი უბრალოდ მაგალითი - სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ლაშა დვალმა. პირდაპირ გამოაგზავნეს ექიმებმა სურათი და დასკვნა, თუ რა ჭირს ფეხბურთელს. ამის შემდეგ იოლია კომუნიკაცია.
სამწუხაროდ, ბელგიელებთან ეს გვიჭირს, სულ გვჭირდება ბევრი შეხსენება. ხშირად გვქონდა ხელმძღვანელობასთან საუბარი, რომ ეს პრობლემა გამოსწორებულიყო", - განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.
გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში შვეიცარიისა (23 მარტი) და ირლანდიის (27 მარტი) წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.