გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ადრიატიკის ლიგის რეგულარული სეზონის დასკვნით ტურში ხორვატული “ციბონა” 91:82 დაამარცხა, ჩვენებურმა კი 24 ქულა ჩააგდო და შეხვედრის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.
ბითაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 26:56 წუთში 9-დან 7 ორქულიანი, სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. 19 წლის ქართველ ცენტრს აქტივში 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარებაც ჰქონდა, პასივში კი – 4 პერსონალური ფოლი.
გოგას წინააღმდეგ თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 28-ს გაუტოლდა და ის მთლიანად ტურშიც მხოლოდ “იგოკეას” წევრ დანილო ანჯუშიჩს (30) ჩამორჩა.
ამგვარად, “ბუდუჩნოსტმა” სეზონი 16 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილი დაიკავა. პოდგორიცელები ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალში ზაგრებულ “ცედევიტას” ეთამაშებიან, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი სერბული გრანდები “ცრვენა ზვეზდა” და “პარტიზანი” იბრძოლებენ. პლეი-ოფი ორ მოგებამდეა და სტარტს 23 მარტს აიღებს.