როგორც იქნა, „ტოტენჰემმა“ მრავალჭირნახული ახალი სტადიონის გახსნის თარიღი დაასახელა - 3 აპრილს, „დეზები“ პრემიერლიგის 31-ე ტურის მატჩში, თანაქალაქელ „კრისტალ პალასს“ “ტოტენჰემ ჰოთსფურ სთედიუმზე” უმასპინძლებენ - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვრდი.
მერე, 9 აპრილს, ახალ არენაზე, ტოტენჰემელები ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრას გამართავენ „მანჩესტერ სიტისთან,“ შემდეგ კი ისევ პრემიერლიგის შეხვედრას „ბრაიტონთან“ (23 ან 24 აპრილს).
ახალი არენის მშენებლობა დაახლოებით 900 მილიონი გირვანქა დაჯდა და 62 ათას მაყურებელს იტევს.
შეგახსენებთ, რომ ისტორიულად, „ტოტენჰემი“ საშინაო მატჩებს „უაით ჰარტ ლეინზე“ მართავდა, მაგრამ ძველი სარბიელი 2017 წელს ნახევრად დაანგრიეს და მის ადგილზე ახალი ააშენეს.
სტადიონი კარგა ხნის წინათ უნდა გაეხსნათ, მაგრამ სხვადასხვა ტექნიკური თუ უსაფრთხოების პრობლემების გამო, პრეზენტაცია დაგვიანდა. ახალ არენაზე ამერიკული ფეხბურთის (NFL) მატჩებიც გაიმართება.
ამ დროის განმავლობაში „ტოტენჰემი“ საშინაო შეხვედრებს „უემბლიზე“ ატარებდა.