“ჯანდაბა”, ოღონდ, ინგლისურად

“ჯანდაბა”, ოღონდ, ინგლისურად

(გიგი მესვეტე)

პრეზიდენტს ახლა უკვე შეუძლია, რომ დროდადრო გამოგვეცხადოს ხოლმე და საკუთარი თავით იამაყოს. ამის საშუალება და საშუალებიდან გამომდინარე – უფლება, მას გუშინდელმა განცხადებამ მისცა. მაგრამ, რა ფასად დაჯდა...

როგორც მითხრეს, საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი, თავისთან დაიბარა ამერიკის ელჩმა, ამერიკული მასშტაბებით საშუალო რანგის დიპლომატმა, ბატონმა ჯონ ტეფტმა და უთხრა ყველაფერი ის, რასაც ამდენ ხანს უკიჟინებდნენ პოლიტიკური ოპონენტები. როგორც ამბობენ, ბატონმა ელჩმა სააკაშვილს რამდენჯერმე უთხრა ის სიტყვა, რომელიც ამერიკული ფილმების ქართულ თარგმანში ასე ჟღერს - “ჯანდაბა”.

ტეფტი რომ არა, სააკაშვილის რიტორიკა უცვლელი იქნებოდა.

ახლა უკვე შეუძლია იამაყოს და ხშირ-ხშირად გაიმეოროს, რომ როდესაც საქმე გონივრულ კომპრომისზე მიდგება, მას და მის გუნდს დედამიწაზე ბადალი არ ჰყავთ.

რაც ეს ამბები დაიწყო, რამდენჯერმე ვთქვი ახლობლების წრეში, სააკაშვილის ადგილას რომ ვიყო, კომპრომისზე წავიდოდი, არჩევნებს გადმოვიტანდი, მაგრამ არა აპრილ-მაისში, როგორც ამას ოპოზიცია ითხოვს, არამედ იანვარ-თებერვალში-მეთქი.

ამას ვამბობდი მე, ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს მხოლოდ განცდების, ემოციების და ინტუიციის დონეზე თუ ვაფასებ. მე ვკითხულობდი ვაშინგტონის აზრებს, თუ ვაშინგტონი იჯდა ჩემს გულში, ამაზე შთამომავლობამ იკამათოს.

მე ის მიკვირს, ეს რჩევა არავინ რომ არ მიაწოდა. არადა, ხომ დადიან სემინარებზე, კონფერენციებზე და კონგრესებზე და ხომ ხვდებიან ჭკვიან ადამიანებს? დროებით შერისხულებს ხომ მაშინვე უცხოეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში აგზავნიან სასწავლებლად? საქმეც იმაშია, რომ ჭკვიან ადამიანებს კი ხვდებიან, მაგრამ არ უსმენენ. აუდიტორიებში სხედან (ან სხედან და ან – არა), მაგრამ ვერაფერს იგებენ.

მერე იტყვიან, გაგება მთავარი არ არისო. ალბათ, მთავარი მაინც ფორმა და ენაა. თავის ენაზე უნდა ესაუბრო, მშობლიურზე. მთელი ამ დღეების განმავლობაში ოპოზიცია და ქუჩაში შეკრებილი ხალხი ხელისუფლებას იმ ენაზე ესაუბრებოდა, რომელიც ყველაზე კარგად ესმის, თუმცა, ამ საუბარს მაინც აკლდა მთავარი, ერთი გადამწყვეტი სიტყვა. სწორედ ეს სიტყვა უთხრა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს და მის გუნდს. ეს ის სიტყვაა, ამერიკულ ფილმებში არცთუ იშვიათად რომ ამბობენ და ქართულად “ჯანდაბად” რომ ითარგმნება.

ისე, ხალხიც ეუბნებოდა, მაგრამ ქართულად.

ახლა პრეზიდენტი საკუთარი თავით ამაყობს. ზაზა ბეგაშვილიც ამაყობს პრეზიდენტით და სპეცრაზმელებით. სპეცრაზმელები ამაყობენ სპეცრაზმელობით და პრინციპში, პრეზიდენტი ამაყობს პრეზიდენტობით და ბეგაშვილი ახლა რა თანამდებობაზე ზის, ნამდვილად არ მახსოვს. ბეგაშვილი ამაყობს იმით, რაზეც ზის.

აი, ამ სიამაყეს, მუნდირის ღირსებას იცავდნენ, თორემ სიტყვა “კომპრომისი” მხოლოდ მას შემდეგ გაიხსენეს, რაც ჯონმა მიშას უთხრა “ჯანდაბა”, ოღონდ, ინგლისურად.

ამ “ჯანდაბაში” იყო უმუშევრობა, შიმშილი, მათხოვრობა და სასოწარკვეთილება იმ ადამიანებში, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ეწოდება და უვიცობა, გულგრილობა და ძალაუფლებით ტკბობა იმ ხალხში, საქართველოს პრეზიდენტი და მისი გუნდი რომ ჰქვია.

ახლა უკვე აღარ ღირს სიტუაციის დაძაბვა და შეხსენება, რომ კომპრომისზე იძულებით წავიდა, მაგრამ ის, რომ არ შევახსენებთ, არ ნიშნავს იმას, რომ როდესმე დავივიწყებთ.

გავა დრო, იმ კადრებს აღარასოდეს ვნახავთ, მაგრამ განცდა ყოველთვის გვექნება, მაგრამ მხოლოდ განცდა საქმეს არ შველის. საჭიროა მეტი ჭკუა, მეტი დაფიქრება და ხანდახან ინტუიციაც კარგი მრჩეველია.

ინტუიცია კი მკარნახობს, რომ ამ ხელისუფლებას და ყველა მომდევნოს, რომელიც ქვეყნის სათავეში მოვა, დროულად და ჭკვიანურად უნდა ვუთხრათ ის სიტყვა, რომელიც ამერიკის ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმეჯერ გაუმეორა. იმან ინგლისურად უთხრა. ჩვენ ქართულად ვეტყვით.