თბილისის ქვაშვეთის ტაძარში, რომელიც წმინდა გიორგის სახელობისაა, განსაკუთრებიით გიორგობა დღეს არის ბევრი მომლოცველი. ქვაშვეთი თბილისში წმინდა გიორგის სახელზე აშენებული ყველაზე დიდი ტაძარია და თავისი მეტად საინტერესო ისტორიაც გააჩნია.
სწორედ ქვაშვეთის ტაძრის განახლების 100 წლისთავს ეძღვნება, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს გახსნილი გამოფენა. გამოფენაზე წარდგენილი იქნება, თბილისის ქვაშვეთის ტაძრის უნიკალურ არქივში დაცული ისტორიული მნიშვნელობის საღვთისმსახურო წიგნები, ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის, ასევე, ტაძრის წინამძღვრებისა და იქ მოღვაწე სხვა სასულიერო პირების ფოტოები.
ასევე გემოიფინება, საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული წერილობითი დოკუმენტები: ქვაშვეთის ეკლესიის სამრევლო უწყისი, სააქტო ჩანაწერების წიგნი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორეს მიმართვა საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოსადმი ქვაშვეთის ეკლესიის, როგორც ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშის ხელუხლებლად დატოვების თაობაზე, ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის, ასევე, ტაძრის სამლოცველო ოთახის პროექტი, ტაძრის ეზოში მდებარე თავად ბარათოვის საფლავზე ასაშენებელი მარმარილოს სამლოცველოს პროექტი.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარადგენს კალისტრატე ცინცაძის არქივში დაცულ ფოტოალბომს სახელწოდებით – “ტფილისის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია“. ალბომში შესულია ქვაშვეთის ტაძრის ინტერიერის, ფასადების, ხატების, ფრესკების, საკულტო და არქიტექტურული დეტალების ფოტოები, რომლებიც გადაღებულია 1904-1910 წლებში.
გარდა ამისა, დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ პერიოდულ პრესაში დაბეჭდილი სტატიები და სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები ქვაშვეთის ტაძრის შესახებ.