Eurohoops.net: ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ტიტულისთვის ბრძოლაში ფავორიტი გოგა ბითაძეა

Eurohoops.net: ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ტიტულისთვის ბრძოლაში ფავორიტი გოგა ბითაძეა

ცნობილმა საკალათბურთო პორტალმა Eurohoops.net ევროლიგის მიმდინარე სეზონის ამომავალი ვარსკლავების მისეული რეიტინგი გამოაქვეყნა და სასიხარულოა, რომ აღნიშნული ტიტულის უმთავრეს მაძიებლად “ბუდუჩნოსტის” 19 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე დაასახელა.

აი, რას წერს აღნიშნული ვებგვერდი ჩვენებურის შესახებ:

“გოგა ბითაძე ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის წოდების მიღების უმთავრესი კანდიდატია და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმებმა მისი აღმასვლა მცირედით შეაფერხა. ტურნირში ჩატარებულ 9 შეხვედრაში ბითაძის საშუალო მონაგარი 11.9 ქულა, 6.4 მოხსნა და 2.7 დაფარებაა და უდავოა, რომ ის ევროლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ცენტრია.

გოგა მხოლოდ 19 წლისაა და ცხადია, კიდევ მომატება შეუძლია, თუმცა, სადღეისოდაც კი გაცილებით მეტია, ვიდრე – უბრალოდ კარგი კალათბურთელი. ბითაძემ ევროლიგაში საუკეთესო მატჩი “მილანთან” ჩაატარა, როდესაც 23 ქულა, 8 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. ის შეხვედრა იტალიელებმა 111:94 მოიგეს, გოგა კი ძალიან შთამბეჭდავი იყო”.

Eurohoops.net-ის აზრით, ბითაძესთან ჭიდილის მცირე შანსი აქვთ სხვა იმედისმომცემ მოთამაშეებს – იოველ ზოოსმანს (“მაკაბი”, ისრაელი), გეორგიოს პაპაიანისს (“პანათინაიკოსი”, საბერძნეთი), პეტარ პოპოვიჩსა (“ბუდუჩნოსტი”, მონტენეგრო) და ლაურინას ბირუტისს (“ჟალგირისი”, ლიტვა).

ცნობისთვის, თავის დროზე, ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ტიტული ისეთ კალათბურთელებს მიუღიათ, როგორებიც ლუკა დონჩიჩი, რუდი ფერნანდესი, დანილო გალინარი, რიკი რუბიო, ნიკოლა მიროტიჩი, ბოგდან ბოგდანოვიჩი და სხვები არიან.

შეგახსენებთ, რომ ბითაძის კლუბს ევროლიგაში მომდევნო შეხვედრა 15 მარტს ელის. პოდგორიცელებს გაჯიბრება საქართველოს ნაკრების კალათბურთელების – თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის “ბასკონიასთან” ჭიდილი მოუწევთ.