საქართველოს კონროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებულ რეგიონში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი გადმოასვენეს.
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს ამ წუთებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ათვალიერებს, რისი ფოტო და ვიდეო გადაღება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კვარაცხელიას სუიციდის ფაქტის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლებამ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდში, როგორც დევნილი, ბინის რეგისტრაციასთან დაკავშირებით აპლიკაციის შესავსებად გადმოდიოდა. კვარაცხელია რუსმა სამხედროებმა თაგილონი-ნაბაკევის საოკუპაციო ზოლზე დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იძულებულები გახდნენ, რუსული სამხედრო ბაზიდან მედდა გამოეძახებინათ. მედიკოსი მკაცრად გააფრთხილეს, რომ სასტიკად ნაცემი ბიჭის მდგომარეობის შესახებ არაფერი ეთქვა. არსებული ინფორმაციით, კვარაცხელიას მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა. მას შემდეგ, რაც კვარაცხელიას ცემის ფაქტზე ინფორმაციამ მაინც გაჟონა, საოკუპაციო რეჟიმმა კი განაცხადა, რომ 29 წლის ბიჭმა თავი მოიკლა.