საქალაქო სასამართლოში საქართველოს სამეფო ოჯახში არსებულ დაპირისპირებაზე იმსჯელეს. ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახის სახელისა და სამეფო ტიტულების გამოყენების გამო ედავებიან. მოსარჩელე მხარე მოითხოვს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს მათი სახელის გამოყენების უფლება აეკრძალოს. თავის მხრივ, დავით ბაგრატიონის ადვოკატი აცხადებს, რომ ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი და სიხარულიძეა.
ბაგრატოვანთა სამეფო დინასტიის წარმომადგენლებმა შიდა საგვარეულო დავის გადასაწყვეტად სასამართლოს პირველად მიმართა. სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ უნდა გადაწყვიტოს ვის ეკუთვნის არარსებული სამეფოს ტახტი და რომელი შტოა ჭეშმარიტად მეფური წარმომავლობის.
საქართველოს სამეფო ოჯახში არსებულ დაპირისპირებაზე ატეხილ აჟიოტაჟს მხატვარი შოთა გლურჯიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“ბაგრატიონთა გვარის დისკრედიტაციის მცდელობა, საქართველოს წინააღმდეგ ბინძური ძალების დაგეგმილი დივერსიაა, ის კი ვინც ამას ხელს უწყობს, ან სრული იდიოტია, ან ამ ძალების აგენტურა საქართველოში!!! ” – წერს შოთა გლურჯიძე.
საკითხთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო პროცესი 11 აპრილს, 15:00 საათზე გაიმართება.