როდის მოუღერეს ჟვანიას კაზაკური ხმალი

როდის მოუღერეს ჟვანიას კაზაკური ხმალი

ქართველი თანამდებობის პირების საჩუქრები ისეთივე ტაბუდადებულია, როგორც მათი ფინანსური შემოსავლები.

კანცელარია თეთრი სახლი არ არის. იქ ვერც ტურისტებს ნახავთ. მნახველები ქვეყნის პოლიტიკური ისტორიის გარდა, პრეზიდენტების საჩუქრებითაც ტკბებიან. ეს თავისებური პოლიტ-ისტორიაა. სხვათა შორის, დასავლეთისთვის ეს მოქალაქეებთან ურთიერთობის ერთ-ერთი ფორმაა. არა მხოლოდ პრეზიდენტების სამფლობელოში შეგიძლიათ შეჭყეტვა, არამედ პარლამენტის შენობებშიც.

საქართველოში მხოლოდ პარლამენტის შენობის მონახულების საშუალება არსებობს. მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ აქ საკუთარი საჩუქრებიც გამოფინა. პოლიტმუზეუმი მხოლოდ აქ არსებობს. ჟვანია თვლის, რომ ეს საჩუქრები პარლამენტის საკუთრებაა, იმიტომ, რომ აჩუქეს როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს.

კანცელარიას მნახველები არა ჰყავს. პრეზიდენტის საჩუქრების ასავალ-დასავალზე საუბარი ძნელია. კანცელარიაში ირწმუნებიან, რომ შევარდნაძის საჩუქრებში განსაკუთრებული არაფერია. მხოლოდ წიგნები და კალმისტრები. მათი ხილვა თურმე პრეზიდენტის მისაღებში შეგვიძლია. თუმცა, იქ რომ მოხვდეთ, დაცვის რამდენიმე პოსტი უნდა გაიაროთ. მოკლედ, შეუძლებელია.

სიტყვამ მოიტანა და გეტყვით, რომ სახელმწიფო მოხელე ძირითადად ორი სახის საჩუქარს იღებს: პირადულს და ოფიციალურს. ნებისმიერი სტატუსის საჩუქარი, რომელიც 500 ლარს აღემატება, დეკლარაციებში უნდა მოხვდეს. გასაოცარია, მაგრამ არც პრეზიდენტს, არც პარლამენტის ყოფილ და ახლანდელ თავმჯდომარეებს, არც ერთ მინისტრს ბოლო დეკლარაციაში სიტყვა საჩუქარიც კი არ აქვთ დაფიქსირებული.

ასე, რომ ჩვენთვის ძნელია თქმა, როგორი საჩუქრები აქვს პრეზიდენტს. ერთადერთი რაც გავიგეთ, პრეზიდენტ შევარდნაძეს ძალიან უყვარს ერთი ხალიჩა, სადაც თავად არის გამოსახული მეუღლესთან ერთად. ეს ხალიჩა ალიევმა პირადად აახლა შევარდნაძეს კანცელარიაში.

პარლამენტის მესამე სართულზე ზურაბ ჟვანიას და ნინო ბურჯანაძის საჩუქრებია განთავსებული.

მარტო ჟვანიას საჩუქრების ღირებულება ასი ათას დოლარს აჭარბებს. ალბათ ამდენივეა ბურჯანაძის საჩუქრების ღირებულებაც. ამ ნივთებით მთელი ექვსი კარადაა სავსე. მათ სხვადასხვა რანგის ოფიციალური პირები უძღვნიდნენ საჩუქრებს: პრეზიდენტები, საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეები და მათი პირველი მოადგილეები, ელჩები, ქალაქის მერები, მინისტრები, უნივერსიტეტები, ინვალიდები, ევროსაბჭოს მდივნები და კიდევ ათასი სხვა ვინმე. თითოეულ საჩუქარს თავისი ისტორია აქვს. მაგალითად ჟვანიას კაზაკების მეთაურმა ძვირფასი ხმალი აჩუქა. ცერემონია ჟვანიას კაბინეტში გაიმართა. ყვებიან, რომ სანამ ხმალს გადასცემდნენ, საჩუქარი ჯერ ცხვირწინ მოუქნიეს და თვალის დახამხამებაში პიჯაკზე ღილი ააწყვიტეს. ეს იმდენად სწრაფი მოქმედებით მოხდა, რომ დაცვამ რეაგირება ვერ მოასწრო. მერე კი გაიქაჩნენ, მაგრამ კაზაკებმა მათ აუხსნეს, რომ ეს ტრადიცია იყო და ამით ხმლის ხარისხი მოწმდებოდა...

მიუხედავად იმისა, რომ ამ კარადებში ვერ ნახავთ ოქროს საკინძეებს, ძვირფასთვლიან სამკაულებს, ცნობილი დიზაინერების ტანისამოსსა და ჰალსტუხებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ იქ მთელი მსოფლიოა წარმოდგენილი, ხელოვნების ნიმუშები, ძვირფასი შუშა და ფაიფური, ჩინური ფაიფურისგან და რუსული ხისგან დამზადებული ჩაის სერვიზები და ლარნაკები.

მუსლიმანური და ქრისტიანული, სოციალისტური და კაპიტალისტური სამყარო. ძველი და ახალი წელთაღრიცხვა. უბრალო საკანცელარიო ნივთები. გერბები და სიმბოლიკები. ეს ექვსი კარადა სავსებით დააკმაყოფილებს ყველა გემოვნების ადამიანს.

იქ ნახავთ ვირზე შემომჯდარ ოსს, სასმისით ხელში, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტმა აჩუქა ზურაბ ჟვანიას. ჩინეთის კედელს და შავ ხავერდზე ოქროს ძაფით ამოქარგულ რუსეთის ფედერაციის დუმას - ნინო ბურჯანაძისთვის ნაჩუქარს. აქვეა ჩინურ ვარდებიანი სურა - ბურჯანაძისა და ჟვანიასათვის - ჩინური წარმომადგენლობისგან. სომხეთის კათალიკოს - პატრიარქისგან ბურჯანაძეს - ფანქრით შესრულებული ტაძრის სურათი. ლატუნში გამოხატული ბაქო და ხალიჩა - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრისგან - ჟვანიას. ჩინური ლურჯი ჩაის სერვიზი ვერცხლით მოპირკეთებული - ჟვანიასთვის ნაჩუქარი ჩინეთის სახალხო წარმომადგენლობის თავმჯდომარის მიერ. უძველესი ხანის სპილენძის ხარზე შემომჯდარი კაცი - ბურჯანაძეს - ევროსაბჭოს მდივნისგან.

უამრავი საინტერესო ნივთი, ძვირფასიც და ძალიან უბრალოც... მაგალითად, სელეზნიოვს ჟვანიასთვის რუსული ბროლის საკამფეტეც უჩუქებია. ისეთი, კომუნისტების დროს 2-3 მანეთი რომ ღირდა. ნინო ბურჯანაძისთვის კი თურქეთის მეჯლისის თავმჯდომარეს იაფფასიანი სუშის სამელნე გაუმეტებია ორი კალმით. გამოფენილი საჩუქრების მხილველებს დასკვნის გამოტანაც კი შეუძლიათ - ვის რა განწყობა ჰქონდა მათ მიმართ.