ბითაძემ ყოფილი გუნდი არ დაინდო

ბითაძემ ყოფილი გუნდი არ დაინდო

“ბუდუჩნოსტის” 19 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე მცირე ტრავმის მერე, მოედანს ადრიატიკის ლიგის 21-ე ტურში დაუბრუნდა და მორიგი შოუ შემოგვთავაზა.

პოდგორიცელებმა სერბეთში გოგას ყოფილი კლუბი “მეგა ბემაქსი” 77:70 დაამარცხეს, ქართველი ლეგიონერი კი მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა და დიდი ალბათობით, მას ტურის საუკეთესო კალათბურთელადაც დაასახელებენ.

ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 27:10 წუთში 22 ქულა, 8 მოხსნა (5 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.

ჩვენებურმა 12-დან 8 ორქულიანი, სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, გოგას სარგებლიანობის კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა, რაც არა მხოლოდ აღნიშნული მატჩის, არამედ, 21-ე ტურის საუკეთესო მაჩვენებელია.

“ბუდუჩნოსტმა” ხორვატული “ცედევიტას” მსგავსად 15 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა, თუმცა, ვინაიდან მეტოქეს ურთიერთშეხვედრებში ჩამორჩება, მე-3 ადგილი უკავია.

პოდგორიცელები რეგულარული პირველობის დასკვნით შეხვედრას 17 მარტს, ისევ შინ, ზაგრების “ციბონასთან” გამართავენ.