კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირების სისტემით დაფარვა აბონენტებს 2011 წლის იანვრიდან მოუწევთ. ამჟამად თითქმის დასრულდა მუშაობა მონაცემთა ერთიან ბაზასთან დაკავშირებით. ბილინგ-სისტემის დახვეწის შემდეგ, ერთიანი ქვითრებიც დამზადდება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) N24/3 დადგენილებით, თბილისში კომუნალური გადასახადების ერთიან ადმინისტრატორებად, ელექტროენერგიის განაწილების სალიცენზიო არეალის მიხედვით, „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ განისაზღვრნენ. მოსახლეობიდან კომუნალური დავალიანებების ამოღებას ელექტროგამანაწილებელი კომპანიები განახორციელებენ. ცვლილება პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისს ეხება. თუ აბონენტს წყლისა და დასუფთავების მომსახურების დავალიანება გაუჩნდება, მას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ბუნებრივი აირის მიწოდებას, ეს შეზღუდვა არ ეხება.
საპარლამენტო ოპოზცია კვლავ მკვეთრად აკრიტიკებს კომუნალურ სიახლეს. „ქართული დასის“ ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია „საქართველოს კანონში ელექტროენერგეტიკისა და გაზის შესახებ“ ცვლილების შეტანას ითხოვს. მან პარლამეტის ბიუროს, აღმიშნული კანონის 59-ე მუხლის მე-6 პრიმა მუხლის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ კანონით გათვალისწინებული ეს გადაწყვეტილება უსამართლოა. ბაღათურია მიმართავს პარლამენტის ბიუროს, სწრაფად მოხდეს საკითხის გადაწყვეტა, რადგან უახლოეს პერიოდში დავალიანებების გამო, მოსახლეობისთვის წყლისა და ელექტროენერგიის გათიშვები დაიწყება.
ცალსახა და გამოკვეთილად უარყოფით პოზიციას აფიქსირებენ ექსპერტები. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ მხარდასაჭერად მიიღეს.
„ალბათ არავის აქვს იმის ილუზია, რომ მერიის დასუფთავების სამსახური აქ რამესთან კავშირშია, რადგან იგი სახელმწიფო კომპანიაა და დამერწმუნეთ, მთავრობას ის უფრო აწყობს, რომ მოსახლეობას ნაგვის გადასახადის დავალიანება ჰქონდეს დაგროვილი, ვიდრე მას ყველა პირნათლად იხდიდეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ გავიხსენებთ ბოლო რამდენიმე არჩევნებს, ყოველი არჩევნების წინა პერიოდში ხდებოდა მოსახლეობისთვის ნაგვის დავალიანების ჩამოწერა. ამით სახელისუფლებო გუნდი საკმაოდ ბევრი პლუსის ჩაწერას ახდენდა თავის აქტივში, წინასაარჩევნოდ“, - ამბობს ჯანიაშვილი.
„ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ეს გადაწყვეტილება არღვევს მომხმარებელსა და კომპანიას შორის არსებულ ხელშეკრულებებს. როდესაც მოქალაქეს „თელასთან“ ან „ყასტრანსგაზ-თბილისთან“ ყველა ვალდებულება გასტუმრებული აქვს, რა უფლებით უთიშავენ დენს ან გაზს იმის, გამო, რომ სხვა, სრულიად უცხო კომპანიასთან მომხმარებელმა დავალიანება არ გადაიხადა? ამ პრინციპით თუ ვიმოქმედებთ, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია, პარლამენტმა შემოგვთავაზოს შემდგები სახის კანონები - არ გადაიხდი ინტერნეტს, გაგეთიშება დენი, დააგვიანებ საბანკო კრედიტის გადახდას, კვლავ უშუქობა და უგაზობა გემუქრება. ეს ბოლო იდეა ბანკებს განსაკუთრებით მოეწონებათ, ამის მეშვეობით, ხომ ისინი უფრო მარტივად ამოიღებენ უიმედო სესხებს“, - დასძენს მერაბ ჯანიაშვილი.
მისი აზრით, სემეკ-მა ამ შემთხვევაში გარკვეული პოზიცია ვერ დაიკავა. „როგორი დამოუკიდებელი ორგანოც იყო სემეკი ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნათლად გამოჩნდა. მარეგულირებელი სამინისტროს აბრალებდა ამ ცვლილებას, სამინისტრო - მარეგულირებელს. ენერგოობმუდსმენს ხომ საერთო ღრმა ძილით ეძინა, როდესაც პარლამენტი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებას იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცვლილებით მომხმარებლის უფლებების სერიოზულად ირღვევა, ენერგოობმუდსმენს ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია“, - აღნიშნა აფბა-ს პრეზიდენტმა.