მოახლოებული ევროშესარჩევის დაწყებამდე კვლავ აქტუალური რჩება გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. "გენტის" საიტმა "ოსტენდესთან" 10 მარტის დაპირისპირების წინ ინტერვიუ ჩაწერა გუნდის მწვრთნელ იეს ტორუპთან, რომელმაც ქართველ "ბრილიანტზეც" (შედარება ჩვენი არ გეგონოთ, სწორედ ასე წერს საიტი) ილაპარაკა: "გასულ კვირას ჩაკვეტაძემ ინდივიდუალურად ივარჯიშა ბურთით. არის გაუმჯობესების ტენდენციები, მაგრამ გიორგისაც კარგად ესმის, რომ ჯერ ადრეა მოედანზე დაბრუნება".
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ჯობია, ჩაკვეტაძე პლეი ოფებისთვის (ბელგიაში რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტური დარჩა და "გენტი" საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს) შემოინახოთო, ტორუპი პასუხობს: "რა თქმა უნდა, ამაზეც ვფიქრობ, მაგრამ თუ ჩაკვეტაძე დაგვჭირდება და თან ჯანმრთელიც იქნება, რა თქმა უნდა, მოედანზე გავა, რადგან ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც მარტოს შეუძლია თამაშის შეცვლა. თუმცა სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ მას მოედანზე დაბრუნება დავაძალოთ".
მწვრთნელის კომენტარიდან ჩანს, რომ ჩაკვეტაძე, დიდი ალბათობით, ვერ იქნება მზად შესარჩევი ციკლის სტარტისთვის. ვეჭვობდით და ტორუპის კომენტარმა (ჟურნალისტის კითხვასთან ერთად) გააღრმავა ეჭვი - შეგნებულად ხომ არ აყოვნებს "გენტი" ჩაკვეტაძის დაბრუნებას, რათა თავიდან ააცილოს მას სანაკრებო მატჩები?
ერთი მხრივ, გასაგებია, რომ კლუბს სჭირდება ჯანმრთელი ჩაკვეტაძე მიმდინარე სატურნირო და სამომავლო სატრანსფერო მიზნებისთვის. ამიტომ, უმჯობესი ხომ არ იქნება, ჩაკვეტაძე ჩამოვიდეს შეკრებაზე და აქაც შემოწმდეს მისი ტრავმის სირთულე. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ეჭვია, მაგრამ... ეჭვი იმისაა, რომ შეამოწმო...