თბილისში პარკირების საფასური A, B და C ზონების მიხედვით, განსხვავებული იქნება. საათობრივ პარკირებაზე ყველაზე დაბალი საფასური A კატეგორიის ადგილებზე, ყველაზე მაღალი კი - C ზონაში შესულ ქუჩებზე დაწესდება. როგორც ჩანს, გადასახადი მართლაც რომ დიდი წესდება, რაც ავტომფლობელებში უკმაყოფილებას და აგრესიას გამოიწვევს.
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ მათი რეკომენდაციაა A კატეგორიის ქუჩაზე პარკირების საათობრვი საფასური 1 ლარი, B კატეგორიის ქუჩებზე - 1,50 ლარი, ხოლო C კატეგორიის ქუჩებზე - 2 ლარი იყოს.
„თბილისში ამ ეტაპზე იქნება A, B და C კატეგორიის ქუჩები. A კატეგორიის ქუჩები შესაძლებელია იყოს გარეუბნებში და ისეთ ადგილებში, სადაც პარკინგზე მოთხოვნა ნაკლებია, B კატეგორიის იქნება საშუალოდ მოთხოვნადი ქუჩები, ხოლო C კატეგორიაში შევა ქუჩები, სადაც პარკინგზე მაღალი მოთხოვნაა. კატეგორიების მინიჭება ჯერ დადგენილი არ არის, თუ რომელი უბანი რომელ კატეგორიაში შევა.
საუბარი ფასზე ჯერ იდეების დონეზეა, გავიარეთ კონსულტაციები და ვფიქრობთ, რომ საათში მინიმუმ 1 ლარი უნდა იყოს A კატეგორია, B – 1,50 ლარი, ხოლო C – 2 ლარი. ზონალური პარკირების იდეაა კონკრეტულ ადგილებზე მანქანების რაოდენობა შეიზღუდოს, მაგრამ ამასთანავე ფასიც არ უნდა იყოს ისეთი, რომ მოსახლეობამ მისი გადახდა ვერ შეძლოს.
როგორც იცით, საპილოტე პროექტის ფარგლებში ზონალურ-საათობრივი პარკირება 1-ლი ივლისიდან კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება, თუმცა, რამდენი საპარკინგე ადგილი გამოიყოფა ამ ქუჩებზე, ჯერჯერობით არ ვიცით. ეს დამოკიდებულია ადგილობრივი მაცხოვრებლების რაოდენობაზე, რამდენი ადგილი შეიძლება დაიკავონ მათ. ასევე, ამ ქუჩებზე განთავსდება სწრაფი გადახდის აპარატები. რაც შეეხება პარკირების მეორე ეტაპს, სავარაუდოდ, 2020 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება“, - განუცხადა „აიპიენს“ ლალიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე დაისვა საკითხი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება გარეუბნებიდან დაიწყოს და ზონალურ-საათობრივი პარკირება ამის შემდეგ თბილისის სხვა უბნებზე გავრცელდეს. ლალიაშვილის თქმით, გარეუბნებიდან თბილისის ცენტრში ეს ავტომანქანების გადინებას შეამცირებს, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების გარეშე მოსახლეობაში აგრესიას გამოიწვევს.
საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნების“ სიით, შალვა ოგბაიძე პარკირების გადასახადის შემოღებას აუცილებლად მიიჩნევს, რადგან ეს მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყნის პრაქტიკაა და აუცილებლად უნდა დაინერგოს საქართველოშიც.
„რადგან საპარკინგე ადგილები, პრაქტიკულად, უფასოა, ყველა ვცდილობთ, ავტომობილით ვიაროთ. გასაგებია, უფრო კომფორტულია, მაგრამ ადგილები, რომლებიც კომერციულად და ტურისტულად მიმზიდველია, არ შეიძლება დილიდან საღამომდე იყოს ოკუპირებული ერთ ადგილას გაჩერებული მანქანებით. ამიტომ ისე, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია, უნდა დავიწყოთ დიფერენცირებული გადასახადის შემოღება, ანუ ზონალური გადასახადის დანერგვა. პირველ რიგში, ეს მოხდება ყველაზე დატვირთულ კოტე აფხაზის ქუჩაზე. მერწმუნეთ, ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ნაბიჯი თბილისის სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებისათვის“, - განაცხადა ოგბაიძემ.
საპილოტე პროგრამით კოტე აფხაზის ქუჩაზე 1 საათში 50-თეთრიანი პარკირება დაწესდება. როგორც ელემენტარული გამოთვლით დადგინდა, ესეც კი ძალიან დიდ სირთულეს შეუქმნის იმ ავტომფლობელებს, ვინც საათობრივი პარკირების ზონაში მუშაობენ და ყოველ საათში მანქანის გაჩერებისთვის, მინიმუმ, 50 თეთრის გადახდა მოუწევთ. ელემენტარული კალკულაციით დასტურდება, რომ ასეთ შემთხვევაში თვიური ხარჯი 80 ლარს გაუტოლდება, ხოლო წელიწადში 960 ლარს მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ დასაქმებულმა ადამიანმა ხელფასის მნიშვნელოვანი ნაწილი ავტომობილის პარკირებაში უნდა გადაიხადოს. თუმცა ახლა ირკვევა, რომ ხარჯი შეიძლება გაორმაგდეს და გასამმგადეს. ასეთ შემთხვევაში ავტომფლობელთა მხრიდან აგრესია გარდაუვალია.