ჯერაც არ ცხრება მითქმა-მოთქმა თუ რამდენი გადაიხადა „ქართუმ“ სესხების განულების პროგრამაში. სახელდება აბსოლუტურად განსხვავებული მონაცემები და ციფრები. ინფორმაციები მოჟონავს როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, ასევე ბანკირებისგან.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ ხელმძღვანელის ბესიკ შენგელიას განცხადებით, ვალების განულების პროგრამაში ჩართვისთვის „ფონდმა ქართუმ“ ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ძირი თანხის 9%-დან 14%-მდე თანხის გადახდა შესთავაზა.
როგორც ბესიკ შენგელია განმარტავს, სასესხო პორტფელი დაყოფილი იყო 2 ნაწილად:
- 2018 წლის პირველ იანვრამდე გაცემული სესხები, რომლის ძირი თანხის 9%-ის იხდიდა „ქართუ“
- 2018 წლის პირველი იანვრიდან გაცემული სესხები, რომლის ძირი თანხის 14%-ს იხდიდა „ქართუ“ თუ „ლაზიკა კაპიტალი“ სესხების განულების პროგრამაში ჩაერთვებოდა.
თუმცა, ბესიკ შენგელია ამბობს, რომ პრობლემური სესხების ჩამოწერის აქციაში ჩართვა მათთვის ხელსაყრელი არ იყო და სესხები მხოლოდ სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებს გაუნულეს.
„რატომ ვთქვით უარი ვალების განულების აქციაში ჩართვაზე? ბევრი მიზეზი იყო. ერთი იყო ის, რომ კომერციულად არ იყო ჩვენთვის მისაღები. კონტრაქტის მიხედვით, ან 1000 ლარზე ორგანიზაცია იღებდა 90 ლარს, ან 140 ლარს. ეს არ იყო კომერციულად მიმზიდველი.
მეორე მიზეზი იყო ის, რომ ეს ნაბიჯი არ იქნებოდა სხვა მსესხებლებთან კორექტული, ვინც კეთილსინდისიერი გადამხდელები იყვნენ და ცუდი მესიჯი იქნებოდა მსესხებლებისთვის. ამას შეიძლება გამოეწვია წახალისება ურჩი გადამხდელებისა, რაც მოხდა კიდეც“, - აცხადებს „ბიემთან“ ბესიკ შენგელია.
ვალების განულების ვებ-გვერდის მიხედვით, სულ სესხი 615 ათას პირს ჩამოეწერა, ჯამური დავალიანების თანხამ კი 4 მილიარდ 104 მილიონი ლარი შეადგინა. პროგრამაში 11 ბანკი და 40-ზე მეტი არასაბანკო ორგანიზაცია ჩაერთო, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ფინანსური ინსტიტუტების ნაწილს არ სურდა სესხების ჩამოწერა.
მსგავსი განცხადება საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ თანდამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემაც გააკეთა. მისი თქმით, სესხების განულების პროგრამაში თიბისი ბანკმა 120-მილიონიანი პორტფელი 3 მილიონად დაუთმო „ქართუს“. ეს ნიშნავს, რომ „ქართუმ“ თიბისი ბანკს ჩამოსაწერი სესხების მთლიანი მოცულობის (ძირი თანხა, ჯარიმა, პროცენტი) 2,5% გადაუხადა. ვის რა პირობებით შესთავაზა ფონდმა „ქართუმ“ სესხების ჩამოწერა, ოფიციალურად გაცხადებული არ არის.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, დეკემბერში მოხდა 1 მლრდ 500 მლნ ლარის ჩამოწერა, ამ თანხიდან საბანკო სექტორის წილი იყო 20 პროცენტი, „თიბისის“ კი – 6 პროცენტი.
„ვინ არიან დანარჩენები, ესენი არიან ის დაურეგულირებელი მიკროსაფინანსო ინსტიტუტები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ არ დაარეგულირა და მისცა საშუალება 300-პროცენტიან, ზოგ შემთხვევაში 500-პროცენტიანი სესხების პასპორტის ქვეშ გაცემაზე. ამ დროს პოლიტიკური ქოლგა მიდიოდა, რომ ესენი არიან ბანკები, რადგან ადამიანისთვის, რომელიც ფულს იღებს, ყველა ბანკია. ეს იყო ძალიან დიდი დანაშაული.
საბოლოო ჯამში, მთელ მოსახლეობას შეაძულეს ბანკები, ეს გამართული სექტორი. მიდის საუბარი საბანკო სექტორზე, როგორც ფულის პოტენციურ გამთეთრებელზე და ჭარბვალიანობის გამომწვევზე. ჩვენ, ბანკები რომ არ ჩავრთულიყავით, ჭარბვალიანობა გაიზრდებოდა 2 მილიარდ-ნახევრამდე. იძულებული ვიყავით, 300-პროცენტიან სესხებს დაპირისპირებოდა 40-პროცენტიანი სესხები.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მივმართეთ ოფიციალური წერილით და ვუთხარით, თქვენ რომ დღეს გვეუბნებით, ჩვენი 120-მილიონიანი პორტფელი მილიარდ 500 მილიონში უნდა ჩამოვწეროთ, სამი წლის მერე ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი რომ მოვა, ხომ შეიძლება მანაც უკანა რიცხვით თქვას, ან ჩემმა აქციონერმა ნიუ იორკში, რატომ ჩამოწერეთ 120 მილიონი სამ მილიონად, ვინ იყო ის, რომელსაც დაუთმეთ. ჩვენ სულ სხვა გათვლები გვქონდა, არ ვთვლით, რომ ეს 120 მლნ გასანულებელი იყო“, – განაცხადა პარლამენტში მამუკა ხაზარაძე.