შემოდგომის დადგომისთანავე საქართველოში ხორბლის სატვირთო მანქანებით შემოტანა აიკრძალება. გადაწყვეტილება კარგა ხნის მიღებულია და წესით ძალაში ჯერ კიდევ შარშან უნდა შესულიყო, თუმცა გადამზიდავების მწვავე პროტესტმა მისი გადადება გამოიწვია. რა ელის ამჯერად მარცვლეულის ბაზარს და პურის ფასს?
ფინანსთა მინისტრის ახალი ბრძანება, რომელმაც ხორბლის იმპორტი სახმელეთო გზით აკრძალვას ეხება, ძალაში 15 სექტემბრიდან შევა. იმპორტიორები საკითხს აპროტესტებენ და ქვეყნის მთავარ ფინანსისტს, ამ თემაზე კიდევ ერთი განმარტების გაკეთება მოუწია და ეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე არსებული რიგებითა და ტურისტების უკმაყოფილებით ახსნა.
ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სეგმენტია, ამ ფონზე კი, რუსეთის ტურიზმის სამსახური და თავად ტურისტებიც მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ხორბლის სახმელეთო გზებით გადაზიდვა ბოლო რამდენიმე წელია დაიწყო, მანამდე კი ეს ისედაც საზღვაო და სარკინიგზო რესურსებით ხდებოდა. სექტემბრიდან ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ხორბლის ექსპორტ-იმპორტი მხოლოდ რკინიგზითა და პორტებით იქნება შესაძლებელი.
ახალი აკრძალვის მიუხედავად, ფქვილის მწარმოებლები პურზე ფასის მატებას არ ვარაუდობენ. საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ რუსეთში ხორბლის ექსპორტის პროცედურების გართულება საქართველოს ბაზარზე გავლენას მოახდენს, მაგრამ მისი ვარაუდით, პურის ფასი არ გაიზრდება.
„რუსეთში არსებობს შიში, რომ შარშანდელ წელთან შედარებით ხორბლის მოსავალი ნაკლები იქნება. გარდამავალი მარაგების მხრივ, შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ. აქედან გამომდინარე, მათ აქვთ მცდელობა, რომ შეამცირონ ხორბლის ექსპორტი, მისი შეფერხება კი, თავისთავად იწვევს ფასების მატებას. ეს გარკვეულწილად იმოქმედებს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე.
ჩვენს რამდენიმე გემს, რომელიც რუსეთიდან გამოდიოდა დატვირთული ხორბლით, პრობლემა შეექმნა, ისევე როგორც სხვა ქვეყნის გემებს. თუ ადრე ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი კეთდებოდა 1 დღის განმავლობაში, ახლა 4-5 დღეა საჭირო.
პურის გაძვირების შესახებ პურის მწარმოებლები მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუმცა ის ტალღა, რომლის შემდეგაც პროდუქტი გაძვირდა, სერიოზული მატება მოხდა, ახლა ასეთი სიტუაცია არაა. ამ მექანიზმის შედეგად შესაძლებელია 1-2 ლარით მოიმატოს ფქვილის ფასმა, თუმცა ვფიქრობ, პურის ფასზე ეს პროცესები არ იმოქმედებს“, - აცხადებს ის.
სილაგავა ასევე განმარტავს, რომ მოსალოდნელია საიმპორტო ბაზრის დივერსიფიცირება, რადგან ფასების მომატების შემდეგ სხვა ქვეყნიდან ხორბლის იმპორტიც რეალურია, თუმცა მიუხედავად მსგავსი ფაქტორებისა, რუსეთის ბაზარი კვლავ კონკურენტუნარიანი რჩება.
„რაც შეეხება ბაზრის დივერსიფიცირებას, ნაწილი უკვე შემოგვაქვს ყაზახეთიდან, სხვა ბაზრებზე ნელ-ნელა გადავერთვებით. მიუხედავად ამისა, ყაზახეთის ბაზარი ჯერჯერობით, მაინც ძვირია რუსეთთან შედარებით. ყველა ქვეყნიდან შეიძლება იმპორტი, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოებიდანაც, მაგრამ ფასის გაძვირების მიუხედავად, რუსეთის ბაზრი მაინც კონკურენტუნარიანი რჩება“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ სილაგავამ.
ჯერჯერობით კი რეალობა ისაა, რომ ჩვენს მეზობლად მარცვლეული ძვირდება, მაშინ, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ფასები დაბლა მოდის. ზაფხულიდან მოყოლებული საერთაშორისო ბირჟებზე 1 ბუშელი ხორბალი 25%-ით არის გაიაფებული. ამ დროს რუსული პროდუქტი ცოცვა-ცოცვით ძვირდება.