ყველა ფორმატში, პროკურატურა იქნება თუ პარლამენტი, მზად ვარ ღიად ვისაუბრო – შს მინისტრი

ყველა ფორმატში, პროკურატურა იქნება თუ პარლამენტი, მზად ვარ ღიად ვისაუბრო – შს მინისტრი

ყველა ფორმატში, პროკურატურა იქნება თუ პარლამენტი, მზად ვარ ღიად ვისაუბრო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომლებმაც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებთან დაკავშირებით ჰკითხეს.

„მესმის, რომ კითხვები უამრავია დაგროვილი, განსაკუთრებით ამ ბოლო დღეების განმავლობაში. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ყველა ფორმატში. პროკურატურა იქნება ეს თუ პარლამენტი, როგორც ყოველთვის, მზად ვარ, ღიად ვისაუბრო ობიექტურ გარემოებებზე და იმ შეფასებებზე, რომელიც მე მაქვს.

პირველი – სამწუხაროდ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტის ტრიბუნა იყო გამოყენებული ჩვეულებრივი ჭორაობისა და ტყუილებისთვის. მეორე  – ამას, რა თქმა უნდა, თავისი მიზანი ჰქონდა. ნათელია, რომ ამის მიზანი იყო შინაარსობრივი საუბრიდან აქცენტების გატანა რაღაც სკანდალებზე და სამწუხაროდ, ეს გამოვიდა“

დღეს როგორც შს მინისტრი და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, ასევე ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია. საერთოდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენ ვსაუბრობთ როგორც ეკონომიკაზე, ასევე უსაფრთხოებაზე. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა, რომ სკანდალებით, რაღაც შეთქმულების თეორიებით ადამიანები ცდილობენ, თავიანთ ვალდებულებებს თავი აარიდონ და ამით დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ამ ქვეყნის მომავალი, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის კონტექსტში და არავის გამოუვა, არც ერთ შემთხვევაში, რომ შეთქმულების თეორიებით, სკანდალებითა და ჭორაობებით, ვალდებულებებს, რომელიც აღებულია წლების წინ, თავი აარიდოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველო“ გიორგი გახარიას „თიბისი ბანკის“ საქმეზე პარლამენტში იბარებს. რამდენიმე დღის წინ კი, ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში თქვა, რომ მას გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.