მინდა ვკითხო ბესელიას, 2 წელი როცა ერთ  მაგიდასთან ვისხედით, მაშინ არ ვიყავი პირსისხლიანი?

მინდა ვკითხო ბესელიას, 2 წელი როცა ერთ  მაგიდასთან ვისხედით, მაშინ არ ვიყავი პირსისხლიანი?

მინდა ვკითხო ქალბატონ ეკა ბესელიას, 2 წელი ვისხედით ერთ მაგიდასთან, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც შეიქმნა სასამართლო რეფორმირების თვალსაზრისით, მაშინ არ ვიყავი პირსისხლიანი და წინა რეჟიმის მოსამართლე? - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა განუცხადა.

ის გამოეხმაურა დეპუტატების: ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძისა და ეკა ბესელიას საჩივარს, რომლითაც მათ მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების - სერგო მეთოფიშვილისა და დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართეს და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები პოლიტიკურ შინაარსს არ შეიცავს.

როგორც მეთოფიშვილმა აღნიშნა, ჩვეულებრივად მიღებული საერთაშორისო პრაქტიკაა, როდესაც მოსამართლეებსა და სასამართლო სისტემაზე თავდასხმის შემთხვევაში საბჭო იცავს ინდივიდუალურ მოსამართლეეებს და შესაბამის განცხადებებს აკეთებს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ევროპულ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო დასკვნაში ამბობს, რომ დროული და ეფექტური რეაგირება უნდა მოახდინონ იუსტიციის საბჭომ და მოსამართლეთა ასოციაციამ.

„2 წელი ხან ბორჯომში, ხან აჭარასა და თბილისში სამუშაო ჯგუფში, ძალიან კარგი და ტკბილი სალმით ვხვდებოდით ერთმანეთს. მაშინ არ ვიყავი პირსისხლიანი? მაშინ არ ვიყავი წინა რეჟიმის მოსამართლე? ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი. მე არ ვიცი ეკა ბესელიას რა პრობლემა შეექმნა და არც მაინტერესებს, თუმცა გუნდში რაღაც პირადი პრობლემა შეექმნა, მოსამართლეების თემა კი ხელოვნურად იმიტომაც ააგორა. ჰკითხეთ, რატომ იჯდა სერგო მეთოფიშვილთან და იგივე მურუსიძესთან და საბჭოს სხვა მოსამართლე წევრებთან? ერთხელ არ ამოუღია ხმა, რატომ სხედან ესენი აქ. მაშინ ძალიან ტკბილად და მშვიდად ვთანამშრომლობით, ჩვენს პოზიციას აქტიურად იზიარებდა. საინტერესოა, მერე რა მოხდა, ახლა გაიღვიძა? მოსამართლეების თემა კარგი თემაა და დრო ჩაუვარდა ხელში, პოპულისტ ადამიანს მეტი არაფერი სჭირდება. სრულიად კანონიერად წარდგენილ სიაზე ასეთი აჟიოტაჟი ატეხა. ეს არის ორმაგი სტანდარტი. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანი იყო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. ბესელიას მე სხვანაირად ვიცობდი და ახლა სულ სხვანაირად დავინახე, ვინ არის. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიტყვი, რომ ამ ადამიანმა ნიღაბი ჩამოიხსნა და ნათელი გახდა, თუ ვინ არის“, - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

რაც შეეხება დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს, სერგო მეთოფიშვილის თქმით, გოგიჩაიშვილი მისივე წარსულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, განაწყენებულია სასამართლოს სისტემაზე.

„მასთან დაკავშირებით ერთ რაღაცას ვიტყვი, მაგას წინა მთავრობის დროს, ადამიანის დაჭრა ჯიბეში ჩაუდეს? ალბათ, ამის გამო სასამართლო სისტემაზე რატომღაც განაწყენებულია, რატომ დარჩა მისი განაჩენი კანონიერ ძალაში. თუ მართალია, განაჩენის გადასინჯვაზე განაცხადი რატომ არ შეაქვს? თუ მართალია, თავი გაიმართლოს“, - აღნიშნა სერგო მეთოფიშვილმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ დეპუტატს გედევან ფოფხაძეს, მოსამართლე ამბობს, რომ ამ დეპუტატთან მიმართებაში განცხადების გაკეთება გარკვეული მიზეზების გამო არ უღირს.

„გედევან ფოფხაძეზე საუბარი არ მინდა იმიტომ, რომ ეს ადამიანი მართლაც არ არის ღირსი რაიმე სახის კომენტარი გავაკეთო იმის მერე რაც თქვა. მან თქვა, რომ ეს ის მოსამართლეები არიან, რომლებიც ციხეში უვადოდ უნდა იჯდნენ და არა უვადოდ გამწესდნენო. მისი დონე ალბათ, ამ ფრაზიდან გამოჩნდა. სადმე თუ უნახავთ ისეთი სასამართლო სისტემა, სადაც დეპუტატი ასე უსაფუძვლოდ, დაუბალანსებლად ლანძღავდეს იმ სასამართლო სისტემას, რომელიც ყველა საერთაშორისო ექსპერტის დასკვნებითა და კვლევების მიხედვით, რეგიონში პირველ ადგილზეა. ასეთ დროს სასამართლომ არაფერი უპასუხოს, სად ნახეთ?! უბრალოდ, არ მინდა, რომ მათ სასამართლოში ვუჩივლო. მერე იტყვიან, რომ სასამართლოს იყენებს საბჭოს წევრი და ა.შ. არ მინდა ამის გაკეთება. ვგულისხმობ გოგიჩაიშვილს, ბესელიას და ფოფხაძეს. მათი განცხადებები არის ლანძღვა და არა კრიტიკა“, - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა: ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების - სერგო მეთოფიშვილისა და დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საჩივრით მიმართეს.

საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მოსამართლეების ბოლო დროინდელი განცხადებები, რომლებსაც ისინი აკეთებენ სოციალური ქსელებისა და სატელევიზიო გადაცემების მეშვეობით, უხეშად არღვევს სამოსამართლო ეთიკურ ნორმებს. პარლამენტის წევრები ითხოვენ კანონის თანახმად დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება ამ მოსამართლეების მიმართ მიუკერძოებელი და ობიექტრური პროცედურებით და დადგეს მათი პასუხისმგელობის საკითხი.