დიახ, ადამიანის დაჭრა „ჯიბეში ჩამიდეს“

დიახ, ადამიანის დაჭრა „ჯიბეში ჩამიდეს“

დიახ, ჯიბეში ჩამიდეს ადამიანის დაჭრა და რეჟიმის შენნაირმა მსახურებმა სრულიად უკანონოდ მომისაჯეს 7 წელი, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, გოგიჩაიშვილი სასამართლო სისტემაზე განაწყენებულია მისი საქმის გამო.

მეთოფიშვილმა გოგიჩაიშვილს კითხვით მიმართა, ჩაუდეს თუ არა მას ადამიანის დაჭრა ჯიბეში.

"დიახ, ჯიბეში ჩამიდეს ადამიანის დაჭრა და რეჟიმის შენნაირმა მსახურებმა სრულიად უკანონოდ მომისაჯეს 7 წელი. იმის გამო, რომ ჩემნაირი ადამიანები მომავალში არ აღმოჩნდნენ ასეთი დაზარალებულები, ძალიან სწრაფად მოგაშორებთ შენნაირ ადამიანებს სასამართლოსგან,"- მიმართა გოგიჩაიშვილმა მეთოფიშვილს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი დღეს გამოეხმაურა დეპუტატების: ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძისა და ეკა ბესელიას საჩივარს, რომლითაც მათ მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების - სერგო მეთოფიშვილისა და დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართეს და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები პოლიტიკურ შინაარსს არ შეიცავს.

„მინდა ვკითხო ბესელიას, 2 წელი როცა ერთ მაგიდასთან ვისხედით, მაშინ არ ვიყავი პირსისხლიანი? - ლევან გოგიჩაიშვილს ადამიანის დაჭრა ჯიბეში ჩაუდეს? - ფოფხაძეზე კომენტარის გაკეთებაც არ მინდა“, - აღნიშნა მეთოფიშვილმა.