კობახიძის იმპიჩმენტის საკითხი მწიფდება

კობახიძის იმპიჩმენტის საკითხი მწიფდება

„თუ უმრავლესობა ირაკლი კობახიძეს არ შეცვლის დროულად, მაშინ ამას გავაკეთებთ ჩვენ“, – აცხადებს დეპუტატი ეკა ბესელია, რომლის შეფასებით, კობახიძეს არ აქვს ის ნდობა და ავტორიტეტი, რომელიც ამ პოზიციაზეა საჭირო. შესაბამისად, ის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურებს იწყებს. ბესელია დარწმუნებულია, რომ ე.წ. კობახიძის ჯგუფი უკვე წარსულია.

„გარწმუნებთ იმასაც, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც სამწუხაროდ, ვერ გაამართლა იმედები, მოლოდინები და ის როლი და პოზიცია, რომელიც უმნიშვნელოვანესია საპარლამენტო რესპუბლიკაში, თუ მას არ შეცვლიან დროულად და არ მოიძებნებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებიც პარლამენტს მისცემენ შესაძლებლობას, გამართულად გააგრძელოს ფუნქციონირება, მაშინ ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ბატონი კობახიძე შეიცვალოს და ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ბესელიამ.

უმრავლესობიდან გასული დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის დაწყებისთვის პროცესებს ამზადებს და ამ შემთხვევაში დეპუტატებს მხარს უჭერს „პატრიოტთა ალიანსი“, და ასევე საპარლამენტო ოპოზიცია. იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება, ირამა ინაშვილი ამბობს, რომ პარტია მხარს დაუჭერს. ინაშვილი ჟურნალისებთან საუბრისას აცხადეს, რომ პარლამენტში მენეჯმენტი და მართვის სტილი შესაცვლელია.

„დიდი ხანია ვსაუბრობ, რომ პარლამენტში მენეჯმენტი და მართვის სტილი შესაცვლელია. პარლამენტს პარლამენტის თავმჯდომარე მართავს. ვიცე–სპიკერებთან არავითარი კოორდინაცია არ არის და მთელი ამ ორი წლის განმავლობაში არ ყოფილა. თუ კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება, მე პირადად ირაკლი კობახიძეს ბიუროზე ვუთხარი, რომ ამას მხარს დავუჭერ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ეკა ბესელიას ინიციატივას სერიოზულად არ უყურებს „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი, ვანო ზარდიაშვილი რომლის განცხადებით, ბესელიასგან კობახიძის იმპიჩმენტზე საუბარი ისეთივე პოპულისტურია, როგორც კანონპროექტი, რატომაც ოროსანი უწოდა.

„ნებისმიერ შემთხვევაში ბესელიას ინიციატივების კობახიძის თანამდებობიდან გადაყენებასთან ასოცირება აბსურდული და არარეალურია. ირაკლი კობახიძისთვის ეკა ბესელია არა თუ საფრთხეს წარმოადგენს, არამედ საერთოდ არაადეკვატურია. შესაბამისად, ბესელიას მხრიდან ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტზე საუბარი ისეთივე პოპულისტურია, როგორც კანონპროექტი, რომლის გამოც ვუწოდე, რომ ოროსანი იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენად არაკონსტიტუციურ კანონპროექტს არეგისტრირებდა“, – აცხადებს ვანო ზარდიაშვილი და აქვე დასძენს, რომ ბესელია „ქართულ ოცნებას“ აღარ წარმოადგენს და შეუძლია, ახალ პარტიასთან ერთად დაგეგმოს, რა ღონისძიებებიც სურს.

ზარდიაშვილისგან განსხვავებით, პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის დაწყებას რეალისტურად უყურებენ ანალიტიკოსები.

რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ სწორედ კობახიძემ და მისმა ჯგუფმა ნაციონალებისთვის სასიამოვნო ნაბიჯებით დაშალეს პარტია, პროცესები მიდიოდა ისე, როგორც მეტ–ნაკლებად აწყობდათ ნაციონალებს.

მისი თქმით, ახალგაზრდების ეს ჯგუფი ვერ იგებს რას ნიშნავს პოლიტიკაში ყოფნა და რაც მთავარია ამ ახალგაზრდების ერთ–ერთი დამსახურება იყო პრეზიდენტის არჩევნებში პირველი ტურის ისე დასრულება, როგორც დამთავრდა, რაც პოლიტოლოგის შეფასებით, ნაციონალების წისქვილზე დასხმული წყალი იყო.

„საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა კობახიძე. ამავე დროს ნაციონალური ფრთა საკმაოდ არის წარმოდგენილი. არ ვიცი სამზარეულო როგორია და ქვედა სართულებზე რამდენად ვრცელდება მათი გავლენა, მაგრამ არ არის გამორცხული, სადაც მოსამართლეების სიას ასე ღიად და თავგანწირვით იცავდა კობახიძე, თან ისეთი არგუმენტით, რომ გუშინ ცუდები იყვნენ და დღეს გამოსწორდნენო, არ არის გამორიცხული სხვაგანაც უფრო დაფარულ პროცესში ჩარეულიყო.

არიან ფარული ნაციონალები, რომლებიც არ აიგივებენ თავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ თავიანთი აზროვნებით და ღირებულებებით ნაციონალები არიან. არიან ისეთები, რომელთათვის დისკომფორტრია ივანიშვილთან მუშაობა და ნაციონალებისკენ იხრებიან, ასევე არიან ნაციონალები, რომლებიც საზოგადოებასთან „ოცნების“ წევრობას თამაშობენ და რეალურად ნაციონალებზე მუშაობენ“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურას, რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ კობახიძის იმპიჩენტის თემა მარტივი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობის უმრავლესობამ პროცედურას მხარი არ დაუჭირა, შეიძლება უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან საზოგადოებაში არის კიდევ ერთი უმრავლესეობა და ეს არის ამომრჩეველი.

„ამომრჩეველმა შეიძლება გამოიტანოს საბოლოო განაჩენი, ეს იმპიჩმენტი არ იქნება, მაგრამ პარტიას დაარტყამს, ანუ პარტიას უარყოფს ამომრჩეველი. თუ პარტიის ხელმძღვანელობა ამ აზრს გაიზიარებს, რომ დღეს კობახიძის ბედ–იღბალის იქით რეალურად პარტიის ბედ–იღბალი წყდება, შეიძლება ამის გააზრებამ ბევრს პოზიციები შეაცვლევინოს.

მე არ ვამბობ ზარდიაშვილზე, მაგრამ დიდი რაოდენობა თუ დაგროვდა ისეთებისა, ვისაც მიუთითებენ რა არის გასაკეთებელი, მერე შეიძლება იმპიჩმენტის საკითხი უფრო რეალური აღმოჩნდეს, მაგრამ მეეჭვება იმპიჩმენტამდე მივიდეს საკითხი. იმიტომ, რომ როცა ეს საკითხი მწიფდება, პოლიტიკოსები თვითონ მიდიან დასასვენებლად“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ შექმნილი პოლიტიკურიი ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც ქვეყანაში არის სისტემური კრიზისი და ეს კრიზისი ვითარდება ყველა მიმართულებით, ამ ფონზე, კობახიძის იმპიჩმენტის საკითხი აზრს კარგავს.

„მიუხედავად ჩემი „ტკიბილი“ დამოკიდებულებისა კობახიძის მიმართ, მე ვერანაირ აზრს მის იმპიჩმენტში ვერ ვხედავ. ეს არის პატარა ადამიანების ბაქი–ბუქი, აბსოლუტურად უაზრო. იმიტომ, რომ დღეს კობახიძის ბედს არ წყვეტს პარლამენტი. კობახიძის ბედი წყდება სულ სხვაგან, შუშის სასახლეში და ეს ყველამ იცის. განსაკუთრებით გულის ამრევია ზარდიაშვილის აქტიურობა და აქედან გამომდინარე საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ?!

ეს ბაბილონის გოდოლი, რომელიც ჩემმა მეგობარმა ააშენა, ის უკვე ნგრევის პროცესშია, ამას აღარაფერი არ ეშველება. რა მნიშვნელობა აქვს ამ ნგრევის პროცესში რომელი რომელ სკამზე იჯდება? ყველა დაკარგავს სკამს და არცთუ ისე შორს არის ეს დრო. ინგრევა ყველაფერი და ჯობია ამას უყურონ, ვიდრე კაბინეტების განაწილებაზე იფიქრონ“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

ექსპერტი იმპიჩმენტის დაწყების პროცესს არ გამორიცხავს, მით უფრო მისი თქმით, აბსოლუტურად არადეკვატური გახდა ხელისუფლება.

„ფაქტობრივად ხელი მოაწერა „ნაციონალური მოძრაობასთან“ სამართალმემკვიდრეობაზე ყველა თავისი მანკიერებით, არაფერზე უარი არ თქვა. ორი საკითხი იყო დარჩენილი, მართლმსაჯულება და ეკონომიკური პროცესი და ორივე მიმართულებით გადადგა აგრესიული ნაბიჯები და თქვა, რომ ჩემი პარტიორია მურუსიძე, ბიზნესს ხელი დაუქნია. ეს კინო ხომ ნანახი გვაქს, რასაც ახლა აკეთებენ. რითი მთავრდება ესეც ხომ ნანახი გვქვს. შესაბამისად, ამ ქვეყანაში ხელისუფლება უკვე აღარ არსებობს, არსებობს ინტერეს ჯგუფი. არსებობს ძალაუფლება და არა ხელისუფლება. დანარჩენი ყველაფერი მორჩენილია უკვე“, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

გამი დიმიტრი კანსტანტინოვიჩის /"არაჩვეულებრივი გამოფენიდან"/ არ იყოს -- ვინ არის ხუხაშვილის მეგობარი?!
4 თვის უკან
თბილისელი ბუძგურია გახდება განტევების ვაცი. ასე მგონია მე.
4 თვის უკან