პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ ჩამოთვალა სამი ძირითადი მიზეზი, რომელთა გამოც გადაწყდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება პოლიტიკაში.
"ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზის გამო მოხდა. პირველი: "ქართული ოცნების" პოლიტიკური "ლიდერშიპი" დიდწილად კობახიძეზეა მიბმული, მათ შორის ადგილობრივი ორგანიზაციები და იქ კვირიკაშვილის კადრებიც არიან. ივანიშვილს რომ დაეწყო რადიკალური საკადრო ცვლილებები, ალტერნატიული დასაყრდენი უნდა ჰქონოდა, ასეთი კი დღეს ირაკლი ღარიბაშვილი აღმოჩნდა. დარწმუნებული ვარ, ამას მოჰყვება პარტიის მთელ ვერტიკალში განახლება. იგივე კობახიძის თუ კვირიკაშვილის კადრები გადახალისდებიან, ჩანაცვლდებიან ან გაჯერდებიან ღარიბაშვილის კადრებით. ეს ფაქტობრივად, განაჩენს ნიშნავს კობახიძისთვის, რომელიც თანდათან გაიწევს გვერდზე და მისი გავლენა როგორც პარტიულ ვერტიკალში, ისე პარლამენტში ცალსახად შემცირდება.
მეორე მიზეზია, რომ "ოცნებას", განსაკუთრებით მოსამართლეების თემის ფონზე ხელიდან ეცლება მისი ძირძველი ელექტორატი, განსაკუთრებით ის ე.წ. ძველი გვარდიის ნაწილი, რომელსაც ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პირადად მოუწოდა, თქვენ ოღონდ მობრუნდით და ზურაბიშვილს ხმა მიეცით, დანარჩენი ჩემზეაო. დღეს აღმოჩნდა, რომ "ქართულ ოცნებასა" და ძველ გვარდიას შორის უზარმაზარი უფსკრულია. ღარიბაშვილს მოუხმეს, როგორც პირველი თაობის "ქართული ოცნების" ერთგვარ სიმბოლოს, ის ძველი გვარდიისთვის შეასრულებს როლს, რომ "ოცნება" პირველ საწყისებს, იმ ღირებულებებსა თუ პრინციპებს უბრუნდება, რაზე დაყრდნობითაც ხელისუფლებაში მოვიდა. მესამე მიზეზი დაშლისა და გადინების პროცესის შეჩერებაა, აქაც ძველ თაობაზე ვსაუბრობ", - აღნიშნა "აიპიენთან" ლაგაზიძემ.