19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე ტრავმით გამოწვეული სამკვირიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.
ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ევროლიგის 24-ე ტურში მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლა და მართალია, პირველი ტაიმი 3 ქულით მოიგო, საბოლოოდ უშანსოდ – 75:89 დამარცხდა.
გოგა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 21:55 წუთში 2 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
აღსანიშნავია, რომ “ბუდუჩნოსტი” ძალიან არეულად გამოიყურებოდა, ბითაძეზე ფაქტობრივად კომბინაცია საერთოდ არ კეთდებოდა და ყველაფერი ინდივიდუალურ ქმედებებზე იყო დაყვანილი.
პოდგორიცელებს 6 მოგება და 18 მარცხი მოუგროვდათ და კვლავაც ბოლოსწინა მე-15 ადგილზე რჩებიან, მომდევნო შეხვედრას კი 8 მარტს, ისევ შინ, ბერძნულ “ოლიმპიაკოსთან” გამართავენ.