„მანჩესტერ იუნაიტედი“ ახალ კონტრაქტზე ვერ მოელაპარაკა ესპანელ მეკარე დავიდ დე ხეას - გვამცნობს Evening Standard. წყაროს ცნობით, ინგლისურმა კლუბმა მას წელიწადში 20,4 მილიონევროიანი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.
თანხმობის შემთხვევაში, დე ხეა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე გახდებოდა მსოფლიოში, თუმცა ახალი ხელშეკრულებით, მას მეტის მიღება სურს. ამასთან, კონკრეტულად რა თანხა სურს ესპანელ კარის დარაჯს, არ სახელდება.
28 წლის დე ხეა „მანჩესტერში“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ გადავიდა 2011 წელს. ტრანსფერი 25 მილიონი ევრო დაჯდა. მიმდინარე სეზონში მან „მანჩესტერის“ მაისურით, პრემიერლიგაში 27 მატჩი ჩაატარა და 35 გოლი გაუშვა. მანკუნიანელებთან მისი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.