„ლიდერი აყალიბებს ამოცანას და ქვეშემდგომებმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უნდა გადაწყვიტონ - ტიპური საბჭოთა ფენომენია“

„ლიდერი აყალიბებს ამოცანას და ქვეშემდგომებმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უნდა გადაწყვიტონ - ტიპური საბჭოთა ფენომენია“

ზაზა ფირალიშვილი თვლის, რომ ივანიშვილის ბედი და ადგილი მთლიანად იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებს სიტუაციის გააზრებას. ფილოსოფოსი ამბობს, რომ ივანიშვილის გარშემო ახლა ბევრი ადამიანია, ვინც ცდილობს, რეალობის გრძნობა დააკარგვინონ, თუმცა საბოლოოდ, მისი არჩევანია, დაკარგავს თუ არა რეალობის გრძნობას.

for.ge ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

ბესელიაფოხაძის კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას გულისხმობდა, ჩავარდა, რასაც მოჰყვა ბესელიაგოგიჩაიშვილიფოფხაძის წასვლა უმრავლესობიდან. ამ შემთხვევაში გაიმარჯვა პარლამენტის ახალგაზრდა ჯგუფმა, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს და სწორედ ეს ჯგუფი ლობირებს საზოგადოებისთვის მიუღებელ მოსამართლეთა სიას. ბესელია ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების ფასი იქნება ძალიან მძიმე. მმართველ გუნდში უთანხმოება იმდენად მკაფიოა, რომ მმართველი გუნდის შიგნით ახალი ჯგუფის ჩამოყალიბების პროცესებს ვაკვირდებით. რამდენად გავლენიანი და ანგარიშგასაწევი შეიძლება აღმოჩნდეს ეს ჯგუფი, რომელის სათავეში ირაკლი კობახიძე დგას?

ზაზა ფირალიშვილი: მიჭირს ამ ჯგუფის რაიმე განსაკუთრებულ პერსპექტივაზე ლაპარაკი. თუკი ის შეინარჩუნებს მდგომარეობას, შეინარჩუნებს დიდი ფინანსური რესურსების წყალობით და არა იმის გამო, რომ მის წევრებს რაიმე განსაკუთრებული ავტორიტეტი ან პოლიტიკური კაპიტალი აქვთ. ეს უკვე საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოჩნდა.

თუ საზოგადოებისაგან მათი გაუცხოვების პროცესი ასეთი სისწრაფით გაგრძელდა, დადგება მომენტი, როდესაც ფინანსები საქმეს ვეღარ უშველის. ცუდი ის არის, რომ ამას ბევრი მათგანი ვერ გრძნობს. ლამის უსაზღვრო ფინანსური რესურსების იმედით უარს ამბობდე არა მხოლოდ ოპონენტებთან, არამედ საკუთარი გუნდის წარმომადგენლებთან დიალოგზე და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებაზე, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია.

თუ ნდობის ხარისხის დაცემა ასეთი სიჩქარით გაგრძელდა, სიტუაციას ვეღარ უშველიან სოციალურ ქსელებში და ფორუმებში ჩანერგილი პროპაგანდისტები. როგორც ჩანს, მთავარი, რასაც ამ ჯგუფის წარმომადგენლები ვერ მიხვდნენ, ისაა, რომ დაუშვებელია მოსამართლეს, მით უფრო, უვადოდ არჩეულს, მორალურ დანაშაულში ედებოდეს ბრალი. აღარ ვამბობ სამართლებრივ დანაშაულზე. ჩვენ სასამართლო სისტემაში გვჭირდებიან ადამიანები, ვისაც გარდა სამართლებრივი განათლებისა, ზნეობრივი ღერძიც ექნებათ. ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მომწიფდა ამის გასაგებად.

კარგად გვესმის, რომ სამართალი ზნეობის სფეროა და არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი დისციპლინისა. და თუ ამ ჯგუფის წევრებს ეს არ ესმით და მოცემული მომენტის პოლიტიკური კონიუნქტურისათვის თავი ვერ დაუღწევიათ, დღეს შეიძლება წარმატებას მიაღწიონ, მაგრამ თავადვე შექმნიან ბზარს, რომელსაც ვეღარ ამოავსებ ფინანსური ინვესტიციებით თუ PR ხრიკებით. სამწუხაროა, და ამით ისინი სწორედ იმ „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსგავსებიან, რომელმაც დაიჯერა, რომ ხელისუფლებაში ლამის სამუდამოდ იყო მოსული და ნებისმიერი სოუსი შეიძლებოდა მიერთმია ჩვენი საზოგადოებისათვის.

ისინი ძალზე ცუდ პრეცენდენტს ქმნიან იმისა, რომ, თურმე, თუ ხელისუფალი კეთილად არის შენს მიმართ განწყობილი, ნებისმიერი დანაშაული შეიძლება გეპატიოს. სწორედ ასე ყვრნიდნენ ჩვენს საზოგადოებას ბოლშევიკებიც. საბედნიეროდ, ზნეობრივი ინსტიქტი ისეთი რამაა, წვალებით, ტანჯვით, მაგრამ მაინც რომ გაიღვიძებს და ამას ვერც ფინანსური რესურსები აღუდგება წინ და ვერც საინფორმაციო ძალადობა.

პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი დაპირდა საზოგადოებას, რომ საკადრო პოლიტიკა აღარ წარიმართებოდა ლოიალობის ნიშნით. ეს დაპირება ხომ არ გაცვდა უკვე?

– სამწუხაროდ, სულ ორიოდე თვეში დაივიწყეს ეს დაპირება. მანკიერი ტრადიციაა: ჩვენი ყველა მმართველი ზნეობრივი განახლებისა და დემოკრატიული აღმშენებლობის ლოზუნგით იწყებს და აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვების მცდელობით ამთავრებს. ვერა და ვერ გავკვეთეთ გორდიას ეს კვანძი. თუმცა, სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ ყოველ მორიგ ხელისუფლებას თავად ჩვენც ვუქმნით ხოლმე შთაბეჭდილებას, რომ ერთადერთია და განუმეორებელი და აბსოლუტური ძალაუფლება აქვე ახლოს აქვს, ხელის გაწვდების მანძილზე.

პოლიტიკურ მარცხს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. რასაც ახლა ვიტყვი, შეიძლება ვინმეს გულუბრყვილობად მოეჩვენოს, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. ნებისმიერი პოლიტიკოსისათვის მთავარი კაპიტალი საკუთარი სიმართლის გრძნობაა. უბრალო ადამიანი მეექვსე გრძნობით აღიქვამს, ეს გრძნობა გაქვს, თუ არა. თქვენს მიერ დასახელებული ჯგუფი თითქოს თვალსა და ხელს შორის ჰკარგავს ამ რწმენას, თუმცა კი ყველა ხერხით ცდილობს სიმშვიდისა და თავდაჯერების შენარჩუნებას.

როგორც ჩანს, გუნდის ეროზია გაგრძელდება და სახელისუფლებო გუნდში მალე დავინახავთ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია მართვის ასეთ სტილს შეეგუოს: ლიდერი აყალიბებს ამოცანას და ქვეშემდგომებმა ეს ამოცანა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უნდა გადაწყვიტონ - ტიპური საბჭოთა ფენომენია და მიკვირს მისი ასე ცხადად გამეორება 2019 წლის საქართველოში.

ბატონო ზაზა, დღეს ბევრს საუბრობენქართულ ოცნებასადამოქალაქეთა კავშირსშორის არსებულ მსგავსებაზე, როდესაც სააკშვილის ახალგაზრდული ფრთა გამოეყო შევარდნაძისმოქალაქეთა კავშირისძირითად ბირთვს. რა პარალელები შეიძლება გაავლოთ ამ გუნდს შორის და როგორ ფიქრობთ, რამდენად მძიმე იქნება პოლიტიკური თვალსაზრისით ამ დაპირისპირების ფინალი და სად ხედავთ აქ ივანიშვილის ადგილს, როგორც პარტიის თავმჯდომარის?

– წარსული გვაფრთხილებს, თუმცა კი ერთი–ერთზე არასოდეს მეორდება. შესაძლოა, გარეგნულად მსგავსება თითქოს მართლაც არის, მაგრამ მაშინდელ „ახალგაზრდა რეფორმატორებს“, სულ მცირე, ორი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდათ. და მაინც, დღევანდელ ჯგუფს ძალზე სერიოზული როლის შესრულება შეუძლია. თუნდაც მათი პოლიტიკური კარიერა მომავალში არ იყოს ბრწყინვალე, მათ უკვე დაუდეს სათავე პროცესებს, რომელთა შეჩერებაც შეუძლებელი იქნება.

ამ ჯგუფს ის მაინც უთუოდ უნდა დავუფასოთ, რომ ისინი ბოლომდე არ გაჰყვენ წეღან ნახსენებ მართვის სტილს და პრინციპებისა და იდეების ენაზე თარგმნეს ის, რაც ხდებოდა. მათ დაინახეს, თუ რა მანკიერი იყო მთელი პოლიტიკური დისკურსის „სისხლიან ცხრა წლის დისკურსზე დაყვანა“. განდგომილთა ჯგუფს ისიც უთუოდ უნდა დავუფასოთ, რომ მისმა წევრებმა შეძლეს გარედან შეეხედათ პროცესებისათვის და დაენახათ, თუ (თუნდაც მხოლოდ პრაგმატული აზრით) რას ნიშნავს, როდესაც უარს ამბობ იმ პრინციპებზე, რომელთა წყალობითაც ხელისუფლება მოიპოვე და რომ სააკაშვილის მიერ მისი ზეაქტიურობით მაშველი რგოლების გადმოგდება მალე მხოლოდ ირონიას თუ გამოიწვევს.

რაც შეეხება ივანიშვილს, მისი ბედი და ადგილი მთლიანად იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებს სიტუაციის გააზრებას. მის გარშემო ახლა ბევრი ადამიანია, ვინც ცდილობს, რეალობის გრძნობა დააკარგვინონ, თუმცა, საბოლოოდ, მისი არჩევანია, დაკარგავს თუ არა.

პროცესი რომელსაც ვაკვირდებით, გამორიცხავს მესამე ძალის ფორმირებას, თუნდაც, „ქართული ოცნებისწიაღში ანგარიშგასაწევი ოპოზიცის ფორმირებას და ეს შეიძლება იყოს ძალა, რომელმაც შეიძლება მოიზიდოს სხვა პოლიტიკური ძალები, რომლის დაფინანსების წყარო შესაძლოა ისევ ივანიშვილი გახდეს?

– გულახდილად გითხრათ, მე ვერ ვიხსენებ ჩვენი უახლესი ისტორიიდან შემთხვევას, როდესაც ხელისუფალის მიერ შექმნილმა „ალტერნატივამ“ რაიმე სერიოზულ წარმატებას მიაღწია. ყველა ხელისუფალს ჰქონდა ამისი სურვილი, მაგრამ, საბოლოოდ ან მის მიერ შექმნილი ჯგუფზე ჰკარგავდა კონტროლს, ან კიდევ ეს ჯგუფი მცირე წარმატების შემდეგ მარგინალიზდებოდა. თუ ასეთი „ალტერნატივა“ აღმავალი გზით მიდის, უკვე მის ინტერესებშია მმართველთან ყოველგვარი ბმის გაწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, დაემართებათ ის, რაც არაერთს დამართნია. თავის დროზე „ახალგაზრდა რეფორმატორების“ ჯგუფიც ხომ შევარდნაძემ პროდასავლური და პროგრესისტული ფასადისათვის წამოწია წინა პლანზე.

რაც შეეხება დაფინანსებას, თუ დამიჯერებთ, საკმარისია, ამა თუ იმ პოლიტიკოსმა ან პოლიტიკურმა ჯგუფმა რაღაც წარმატებას მიაღწიოს, რომ დამფინანსებლებიც გამოჩნდებიან. პოლიტიკაში ძალიან ბევრს წყვეტს ის, თუ ვინაა დამფინანსებელი, მაგრამ ყველაფერს – ვერა. მიუხედავად იმისა, რომ რუსებს ლამის ამოუწურავი ფინანსური რესურსების გამოყოფა შეუძლიათ, დღემდე ვერ მიაღწიეს ღიად პრორუსული სერიოზული პოლიტიკური პლატფორმის შექმნას. ფინანსები იქ ჩნდება, სადაც სერიოზული პოლიტიკური კონფიგურაციაა.

ასე ხელოვნურად კი, მხოლოდ ფინანსებზე დაყრდნობით, შეუძლებელია პოლიტიკოსების, ექსპერტების, ჟურნალისტების და ა.შ. ახალი თაობის შექმნა. რაღა შორს წავიდეთ: სულ რამდენიმე წლის წინ ვხედავდით, თუ როგორ ცდილობდნენ იმ ადამიანების ჩაძირვას, ვინც საზოგადოებრივ აზრზე რაიმე გავლენას ახდენდა. როდესაც ვერ შეძლეს, მიმართეს ხერხებს, რომლებსაც წელსქვევით დარტყმის მეტს ვერაფერს უწოდებ კაცი. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დეპუტაციის იმ ნაწილს, რომელიც ბოლო ხანებში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, ვხედავთ, რომ მათ წინააღმდეგაც უკეთურ მეთოდებს მიმართეს. ქალბატონი ეკა ბესელიას შესახებ გავრცელებულ კადრებს ვგულისხმობ.

როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესში შედიოდა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება სწორედ მაშინ, როდესაც ღიად დაუპირისპირდა პარლამენტის ახალგაზრდა გუნდს?

– შეიძლება ვიმკითხაოთ იმაზე, თუ ვინ გაავრცელა ეს კადრები. ასეთი პოლიტიზებული სამართალდამცავი სისტემის პირობებში ძნელი წარმოსადგენია, ოდესმე საბოლოოდ გავარკვიოთ ეს. მაგრამ კადრები, დიდი ალბათობით, გაავრცელეს იმათ, ვინც შეაწუხა იმ ფაქტმა, რომ ქალბატონი ეკა მათთვის არასასურველად ექცეოდა ყურადღების ცენტრში, ვფიქრობ, აშკარაა. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის გამავრცელებელი, ეს ფაქტი სრულიად მოულოდნელი ალიანსის შედეგიც შეიძლება იყოს. ფაქტია, რომ ეს სამარცხვინო მეთოდი ჩვენში კვლავ აქტუალურია.

იმედი მაქვს, დღევანდელი ხელისუფლება იქნება ბოლო, რომელსაც ერთხელ და სამუდამოდ არჩეულის ილუზია ექნება. თუმცა, არც ახლაა გვიან კრახისათვის თავის არიდება, თუკი მისი წარმომადგენლები შეძლებენ და გაიაზრებენ, რომ დღევანდელი გამარჯვებები და ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს ფორსირებული დაუფლება, პიროსის გამარჯვებებია. ჯერჯერობით ისინი ვერ უძლებენ ძალაუფლებით გამოცდას ისევე, როგორც ვერ გაუძლო წინამორბედმაც.

მე არ ვიცი, როგორ გაჩნდება მესამე ძალა. ვფიქრობ, მოვლენების ცენტრში აღმოჩნდება ის, ვისაც ეყოფა ნიჭიერება და სითამამე, რომ თამაშის ახალი წესები, ახალი, მაგრამ, თურმე, სადღაც საზოგადოების წიაღში მომწიფებული იდეები შესთავაზოს უბრალო ადამიანს. დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის ლიდერები კვლავ და კვლავ უკვე არსებულ პრეცენდენტებს და იდეებს იმეორებენ უარყოფითი ან დადებითი ნიშნით და მათგან არავითარი სიახლის მოლოდინი არა მაქვს. ისინი თავადაც იმ ჩიხის ნაწილები არიან, რომელშიც აღმოვჩნდით. ასე გამორჩეულად და არსებული ჩიხის დამანგრევლად აღიქვა უბრალო ადამიანმა თავის დროზე ზვიად გამსახურდია, შემდეგში – მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ არც ერთს და არც მეორეს უნარი არ აღმოაჩნდათ, პროცესები თავად გადაეყვანათ სტაბილურობი რელსებზე, ვერ გაითვალისწინეს, რომ ქართველ კაცს, მართალია, უყვარს მიტინგების ორგიასტული განწყობა, მაგრამ – არა მუდმივად.

რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ეს არ იქნება ადამიანი, რომელიც ერთი–ერთზე გაიმეორებს უკვე ათასჯერ ნათქვამს და 1991, 2003 ან 2012 წლებში ხელისუფლებაში მოსვლის მოდელებიდან ერთ–ერთის განხორციელებას მოინდომებს. წარმატებას ვერც ის მიაღწევს, ვისაც ცალი ყური მუდმივად დასავლეთით ან ჩრდილოეთით ექნება მიპყრობილი იმის გასაგებად, იქ უწონებენ თუ არა.

მან უნდა შეძლოს და შფოთი შეიტანოს დღევანდელ პოლიტიკურ რელიეფში და ზედაპირზე ამოიტანოს ის იდეები და განწყობები, რომლებიც, თურმე მწიფდებოდა. ამას ვერავითარი სოციოლოგია ვერ უკარნახებს პოლიტიკოსებს. სოციოლოგიას მხოლოდ მინიშნება ძალუძს. საბოლოო სურათის აღქმას და მოქმედებას პოლიტიკური ნიჭიერება უნდა.

ამ პროცესში საინტერესოათბისი ბანკისგარშემო განვითარებული პროცესები. პროკურატურამ გამოძიება ფულის გათეთრების მუხლით დაიწყო მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ და აქ საინტერესოა ისიც, რომ საქმე ეხება 11 წლის წინანდელ საქმეს. რეალურად რასთან გვაქვს საქმე, ეს არის პოლიტიკის დიდი ნაწილი, რომლის მიზანია ანაკლიის პორტის, როგორც სტარტეგიული ობიექტის დათმობა, რაც, როგორც ამბობენ, თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილის და გიორგი კვირიკაშვილის დაპირისპირების მიზეზი გახდა?

როდესაც დღეს იხსენებენ 11 წლის წინანდელ საქმეს და, მით უმეტეს, ეს ასე აშკარად იღებს პიროვნული დაპირისპირების სახეს, სიტუაცია ნათელია. საქმეს აქ ვეღარ უშველის განცხადება, რომ მავანს ეს საქმე არ აინტერესებს. ეჭვი ჩაითესა ისეთი ადამიანების გულებშიც კი, ვინც აქამდე ბანკების წინააღმდეგ არსებული ზოგადი გაღიზიანების გამო თვალს ხუჭავდა ამაზე. ფაქტია, რომ სულ მცირე ხნის წინ ხელისუფლება ანაკლიის პორტის მშენებლობის იგნორირებას ახდენდა.

რა გასაკვირია, თუ ორი ბიზნესმენი სფეროების გადასანაწილებლად ერთმანეთს უპირისპირდება. ასეთი რამ სამყაროში მუდმივად ხდება. ბიზნესი ისეთივე მძიმე სამყაროა, როგორც პოლიტიკა, მაგრამ მასშიც კი აკრძალულ ილეთად ითვლება, როდესაც ერთ–ერთი კონკურენტი თავის პოლიტიკურ ძალაუფლებას და სახელმწიფოს კუნთებს იყენებს მეორის გასანადგურებლად. ამას მთელი ეკონომიკის დაზიანება და საზოგადოების პასიური ადამიანების ერთობად გადაქცევა შეუძლია. წარმომიდგენია, რა მოხდება შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტმა პოლიტიკური გავლენა თავისი ბიზნესის ინტერესებისთვის რომ გამოიყენოს.

სწორედ ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს და ეჭვია, რომ დღევანდელი იგივეს იმეორებს. როდესაც ბანკების მიერ დაწესებულ მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე ლაპარაკობ და ამავდროულად, მოსამართლეთა ზნეობრივ წარსულზე თვალს ხუჭავ, ეჭვი ბუნებრივად ჩნდება. ამიტომაცაა, რომ შეიძლება აღტაცებული არ ვიყო თიბისი ბანკის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ბანკის სასესხო პოლიტიკით, მაგრამ ძალიან არ მომეწონოს, თუკი მის წინააღმდეგ აკრძალული ხერხებით დაიწყებენ ბრძოლას. აშკარაა, ამან მომავალში გაცილებით მეტი უბედურება შეიძლება მოგვიტანოს, ვიდრე მაღალი სასეხო განაკვეთებმა.

თანაც, თიბისი ბანკი არ იყო, უბრალოდ, დიდი კაპიტალის მქონე ბანკი. სასწორის მეორე პინაზე დევს ამ ბანკის დამსახურება მომავალზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებაში. ანაკლიის პორტიც რომ არ იყოს, ისიც გავიხსენოთ, თუ რა დახმარებას უწევდა ეს ბანკი ჩვენს მწერლობას და, რომ ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტები, უბრალოდ, მწერლების გამოკვებას კი არ ნიშნავდა, არამედ – თავად ლიტერატურული პროცესის განვითარებისათვის ძალზე მნიშვნელოვანი სტიმულის მიცემას.

მარტო პრემია „საბას“ და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსენება კმარა. ეს იყო ქველმოქმედების ჩვენთვის ჯერაც უჩვეულო პარადიგმა, როდესაც ბიზნესს ქველმოქმედებას მომავლისაკენ მიმართულ პროექტებს უძღვნის და არა მხოლოდ მოცემული მომენტის საჭიროებას. პირველ რიგში, სწორედ ამას ნიშნავს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა. იაპონელები ამბობენ, გაჭირვებულს არ მისცე თევზი, ანკესი მიეციო.

ანაკლიის პორტის პროექტი მიმართულია ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის მაქსიმალურად მომგებიანი ათვისებისაკენ და მას ალტერნატივა არ გააჩნია, მით უმეტეს, ალტერნატივა ე.წ. მარიჰუანას ეკონომიური ეფექტის სახით. ეს და მსგავსი პროექტები თუ გაამყარებენ ჩვენს საერთაშორისო მდგომარეობას. ხოლო ის, თუ ვინ არის დაინტერესებული, რომ ეს არ მოხდეს, ვფიქრობ, ბევრ განსჯას არ საჭიროებს. ისინი ხომ უკვე 25 წელზე მეტია, ცდილობენ ჩაშალონ ჩვენი ნებისმიერი მსგავსი მცდელობა. ბევრს უკვე აღარ ახსოვს ნავთობსადენთან დაკავშირებული პერიპეტიები.

ამ ეტაპზე მხოლოდ იმედი მაქვს, ეს პროექტი არ დაზარალდება და სერიოზულად არ მოინდომებენ მის შეცვლას მარიხუანას თემით, უმალ, მავნე საპნის ბუშტის შთაბეჭდილებას რომ ტოვებს. როგორც არ უნდა მიმტკიცონ, ვერ დამარწმუნებენ, რომ ყველაფერი უვნებელი სამედიცინო მარიხუანას მოყვანის ფარგლებში დარჩება და კონტროლის მექანიზმები იარსებებს. იმასაც არ დავივიწყებ, მარიხუანას მომხმარებელთა დაცვასთან დაკავშირებული როგორი საინფორმაციო მომზადება უძღოდა წინ ამ პროექტის შემოთავაზებას. ერთია, მოხმარების დეკრიმინალიზაცია და მეორე – სრულიად არათანაზომადი საინფორმაციო ხმაურის ატეხვა და მარიხუანას უვნებლობაზე ლაპარაკი.