„ჩუგოშვილის ინიციატივის მიზანია, ჯანეზაშვილი მსხვერპლად შევწიროთ „კლანს“

„ჩუგოშვილის ინიციატივის მიზანია, ჯანეზაშვილი მსხვერპლად შევწიროთ „კლანს“

თამარ ჩუგოშვილი პარლამენტს სთავაზობს, რომ, თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი გადაწყვეტილებით მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, პარლამენტმა საბჭოდან საკუთარი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი გამოიწვიოს.

როგორც ვიცე–სპიკერი განმარტავს, პარლამენტის მიერ დანიშნული წევრების გარეშე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ გამწესებაზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სწორედ პარლამენტის მიერ შეყვანილი წევრების მხარდაჭერითა და ხმებით ხორციელდება.

როგორც ცნობილია, 2013 წლის 1 ნოემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისგან. საბჭოს 8 წევრს ირჩევს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს პარლამენტი ირჩევს, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც ასევე, თანამდებობრივად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიც არის.

ვიცე–სპიკერის ინიციატივას, რომელიც იუსტიციის საბჭოდან წევრების გამოწვევას გულისხმობს, მხარს უჭერს უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია და აცხდებს, რომ დაიწყოს თამარ ჩუგოშვილმა ეს პროცესი და პირველი მოუწერს ხელს, თუმცა აქვე ამბობს, რომ ეს ინიციატივა ნაზი ჯანეზაშვილს არ უნდა შეეხოს.

„ნაზი ჯანეზაშვილის გამოწვევა არ არის სწორი. ვფიქრობ, მას არ უნდა შეეხოს ეს ინიციატივა. თამარ ჩუგოშვილს მე შევთავაზე, რომ ლოზუნგების და მოწოდებების დრო აღარ არის. ამიტომ, დაიწყოს მან ეს პროცესი და მე პირველი მოვუწერ ამ ინიციატივაზე ხელს, ოღონდ პირველი ნაბიჯი გადავდგათ და ლოზუნგებს თავი დავანებოთ“, – აცხდებს ეკა ბესელია.

ჩუგოშვილის ინიციატივას მხარს უჭერს „ევროპული საქართველო“. ოთარ კახიძეს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინიციატივას შეიძლება თავისი ნაკლოვანებები ჰქონდეს, ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ყველა კრიზისს რამენაირად მოაგვარებს.

„ჩვენ გვაქვს საკუთარი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მოსამართლე წევრებს უნდა ჩამოერთვათ ექსკლუზივი და მონოპოლია, რომ პარლამენტს მხოლოდ მათი გაფილტრული სია მოუვიდეს და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს მაგალითად, ქალბატონ ნაზის ან ქალბატონ ანას მიეცეთ იმის საშუალება, რომ პარლამენტს წარუდგინონ თავიანთი კანდიდატურა.

ქალბატონი თამარის ამ ინიციატივასაც მხარს დავუჭერ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინიციატივას შეიძლება თავისი ნაკლოვანებები ჰქონდეს. ეს ინიციატივა არის ლოგიკური და სრულიად ლეგიტიმური და მიუხედავად სხვადასხვა კითხვებისა, ჩვენ მაინც დავუჭერთ მხარს. ვთვლით, რომ ეს არის ერთ–ერთი შესაძლო გამოსავალი უმძიმესი მდგომარეობიდან“, – განმარტავს ოთარ კახიძე.

იუსტიციის საბჭოდან წევრების გამოწვევას მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობაც“, თუმცა იმ დათქმით, რომ გამოიწვიონ იუსტიციის საბჭოს ოთხი წევრი, მაგრამ არა ნაზი ჯანეზაშვილი. როგორც რომან გოცირიძე ამბობს, ჩუგოშვილს უნდოდა სიკეთის გაკეთება და გამოსდის ბოროტება.

„ნაზი ჯანეზაშვილი რატომ უნდა გამოვიწვიოთ? უნდა ეთქვა, რომ გამოვიწვიოთ ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ამ კლანურ სასამართლო მმართველობას. მაშინ ანა დოლიძეც რომ გამოიწვიოს პრეზიდენტმა, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის გარეშე კლანს „ოქროს ხანა“ დაუდგება. გადაწყვეტილება იქნებოდა ლოგიკური, რომ პერსონალურად, ინდივიდუალურად გვემსჯელა ცალკეულ ადამიანებთან დაკავშირებით.

ვერასდროს ამ ახალი კონსტორუციის ქვორუმით და ამ პარლამენტის პირობებში ნაზი ჯანეზაშვილი ან მსგავსი პრინციპული შეხედულებების მქონე ადამიანები ვერ დაბრუნდებიან იუსტიციის საბჭოში. მივიღებთ გაცილებით უარესს, ვიდრე არის დღეს. თანახმა ვართ, გამოიწვიონ ოთხი, მაგრამ ხელები შორს ნაზისაგან“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

როგორც მოსალოდნელი იყო, თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას არ იზიარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე და ვიცე–სპიკერისგან მეტი არგუმენტის და სამართლებრივი საფუძვლების მოსმენას ითხოვს. როგორც მიქაუტაძე აცხადებს, არსებობს სპეციალური საფუძვლები, თუ როდის შეიძლება, შეუწყდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება.

„არსებობს სპეციალური საფუძვლები, თუ როგორ შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს. მაგალითად, შეიძლება ეს მოხდეს მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. ვფიქრობ, მეტი არგუმენტი და სამართლებრივი საფუძვლები უნდა მოვისმინოთ და ამის შემდეგ იქნება სწორი კომენტარი“, – აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.

ჩუგოშვილის ინიციატივა მიუღებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძესთვის და მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივის მიზანია, ჯანეზაშვილის „კლანისთვის“ მსხვერპლად შეწირვა.

„ეს წინადადება ჩემთვის მოულოდნელი და, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ამ ხუთი ადამიანის გაყვანაში იგულისხმება ნაზი ჯანეზაშვილიც. რადგანაც ეს იგულისხმება, ერთადერთი აზრი მაქვს, რომ ამ ინიციატივის მიზანია ნაზი ჯანეზაშვილი, რაღაცნაირად, მსხვერპლად შევწიროთ „კლანს“ და ვეცადოთ, რომ ნაკლები დისკომფორტი იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. სხვა შემთხვევაში, თუ მართლა მართლმსაჯულების ინტერესი გაქვს, როგორ შეიძლება მოგაფიქრდეს, რომ ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოდან გაიყვანო?!

პირიქით, ათი ნაზი ჯანეზაშვილი უნდა შემოიყვანო. მეორე პრობლემა ის არის, რომ უმრავლესობას ყველანაირი ბერკეტი აქვს, შეცვალოს კანონმდებლობა და საბჭოს დანიშვნებზე ქვორუმი 14 კაცამდე ასწიოს, კაციშვილს ვეღარ დანიშნავენ ნაზის და ჩემს გარეშე. ანუ, აქ იმის გარდა ვერაფერს ვხედავ, რომ გაიყვანონ ხუთი ადამიანი და შემოიყვანონ ხუთი ზაზა ხარებავა. ამას ვინ დაუშლის პარლამენტს და ვანო ზარდიაშვილს?! ამიტომ ეს შემოთავაზება მიუღებელია“, – აცხადებს ანა დოლიძე.

ანა დოლიძე მიმართავს ეკა ბესელიას, მამუკა მდინარაძეს და თამარ ჩუგოშვილს, დაასახელონ, თუ როგორ მოხვდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „კლანის“ მხარდამჭერი არამოსამართლე წევრები, მაშინ როდესაც საბჭოში ვერ მოხვდნენ ისეთი გამოცდილი პროფესორები როგორებიც არიან: ირაკლი დვალიძე, კახა წიქარიშვილი და მაია ივანიძე.

„მინდა ყველას ვკითხო, ვინც ამ საკითხში „ოცნებიდან“ მონაწილეობდა, მათ შორის, თამარ ჩუგოშვილს, დაასახელოს მისცა თუ არა მან ხმა ზაზა ხარებავას, ადამიანს, რომელსაც უბრალოდ არ აქვს პროფესიული ბიოგრაფია და რომელიც ამ „კლანის“ მთავარი მხარდამჭერია. დაასახელონ როგორ მოიპოვა ზაზა ხარებავამ 84 ხმა საბჭოში გასამწესებლად.

ახლა რომ ძალიან გული შესტკივათ, იგივე კითხვით მინდა მივმართო მამუკა მდინარაძეს, ეკა ბესელიას. მარტივი შესაძლებელია გამოიწვიონ სამი კაცი, რა საჭიროა გამოიწვიო ხუთი კაცი?! თუ აწუხებთ „კლანის“ თანამოაზრეები ეს ხალხი არის – შოთა ქადაგიძე, ზაზა ხარებავა და ლევან გზირიშვილი. ყველა გადაწყვეტილებას უდასტურებენ „კლანს“. თამარ ჩუგოშვილი ძალიან კარგი იურისტია, ამიტომ არ მჯერა, რომ თავის წინადადებებში ვერ გაითვალისწინა, რომ ამ ხუთში მოიაზრება ადამიანი, ვინც მართლა კარგი გაგებით „ააფეთქა“ იუსტიციის უმაღლესი საბჭო“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

თავად ნაზი ჯანეზაშვილი მზად არის თანამდებობა დავტოვოს, მაგრამ იმ პირობით, თუ გადადგებიან მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები. როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხის პარლამენტში განსახილველად გატანა მისთვის შეურაცხმყოფელია და ვფიქრობ, რომ პარლამენტისთვის ეს იქნება გამოუსწორებელი შეცდომა.

„ამ ვითარებაში მესმის, თუ რას ცდილობს პარლამენტი. პარლამენტი გამოსავალს ეძებს. გამოსავლის ძებნა შესაძლებელია და მზად ვარ, რომ ამ გამოსავლის მოძებნაში დავეხმარო ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს. მე ამ გამოწვევას ვღებულობ, მზად ვარ კონსულტაციები გავიარო საკითხის ინიციატორთან და ვიმსჯელოთ გამოსავალზე, მაგრამ აქვე უნდა ითქვას სიმართლე და სიმართლე არის ის, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრები სერიოზულ გავლენას ახდენენ საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლის თანამდებობებიდან გადადგებიან ჩინჩალაძე, მურუსიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები, იმავე დღეს მეც დავწერ განცხადებას ჩემი გადადგომის შესახებ და წარვუდგენ პარლამენტს. შეუძლებელია სამართლიანი სასამართლო სისტემის შექმნა იმ პირობებში, როცა ამ დრომდე სასამართლოს კლანი და კლანის წევრები მართავენ“, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

tngh ოდრი ჰერბერი არ ყოფილა იმდენჯერ და იმდენი დროით ეკრანზე, რამდენიც ღრმად პატივცემული ქ-ნი ნაზი ჯანეზაშვილია...
5 წლის უკან