თბილისში დიდგაბარიტიანი მანქანების გადაადგილება შეიზღუდება. ქალაქის მერიის ინფორმაციით, სადისტრიბუციო მანქანებისთვის მუშაობის საათებით გაწერილი სქემა ზაფხულის შემდეგ გახდება ცნობილი, რაზეც კერძო სექტორთან მუშაობა, პრაქტიკულად, დასრულებულია. რაც შეეხება დიდი მოცულობის ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვას, აქ ჯერ ყველაფერი დასადგენი და გასაანგარიშებელია.
ვიცე-მერის მაია ბითაძის თქმით მერიამ მოსალოდნელი შეზღუდვების ტექნიკური ნაწილი შემოსავლების სამსახურთან უკვე შეათანხმა.
„ტექნიკური ნაწილი შემოსავლების სამსახურთან მთლიანად გავლილია. ამის ამოქმედება შესაძლებელია, უბრალოდ ძალიან სიფრთხილით ვეკიდებით ამ საკითხს, რადგან გარდა სადისტრიბუციო მანქანებისა, ამ ნაწილში ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გადაადგილების გრაფიკსაც შევთავაზებთ. ეს არ უნდა იყოს სპონტანური გადაწყვეტილება. ამიტომ მეტი სიფრთხილით ვეკიდებით ამ საკითხს. ვფიქრობთ, რომ ზაფხულის მერე მზად ვიქნებით, რომ სქემა ავამუშაოთ“, – განაცხადა მერის მოადგილემ.
ჟერ კიდევ შარშან თბილისის მთავრობა სადისტრიბუციო მანქანების ღამის საათებში მუშაობის ინიციატივით გამოვიდა, რაც დღის განმავლობაში დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის ერთ–ერთ გზად განიხილება. თავდაპირველად, ამ მხრივ შეზღუდვების დაწესება 2018 წლის ზაფხულში იგეგმებოდა.
სადისტრიბუციო კომპანიები თვლიან, რომ ცვლილებები ქალაქს საცობისაგან ვერ გაანთავსუფლებს. სამაგიეროდ, რეგულაციები მეწარმეებს შეუქმნით პრობლემას და პროდუქციის რეალიზებას შეამცირებს.
წვრილი და საშუალო მაღაზიების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ პროცესებმა შესაძლოა მათი სავაჭრო ობიექტები დახურვის საფრთხის წინაშე დააყენოს.
დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებლის განმარტებით, დისტრიბუციის ავტომანქანების ღამის საათებში მოძრაობა ქალაქში ავტომანქანების რაოდენობას არ შეამცირებს. ღამე დიდგაბარიატიანი მანქანების გადაადგილება და საქონლის ჩამოტვირთვა კი გამოიწვევს ხმაურს და მოსახლეობას დისკომფორტს შეუქმნის
„თუ პატარა მაღაზია ღამის დისტრიბუციაზე უარს იტყვის იმის გამო, რომ ცვლილება ხარჯებს გაუძვირებს, თავის გადარჩენის მიზნით, თავად წავა ბაზარში და მოიტანს პროდუქტს. ანუ ის მანქანა ქალაქში მაინც იმოძრავებს. ცვლილება გააჩენს იმ პრობლემას, რომ აღურიცხავი საქონელის რაოდენობა გაიზრდება. წვრილი სავაჭრო ობიექტები თვითმომარაგებაზე გადავლენ, რომ ხარჯი ნაკლები ჰქონდეთ.
კიდევ ერთი უარყოფითი ფაქტორი, რაც ამ ცვლილებას ექნება, არის ის, რომ ღამის დისტრიბუცია გამოიწვევს ხმაურს, რაც მოსახლეობას დისკომფორტს შეუქმნის“, - აცხადებს ივა ჭყონია.
პარლამენტში დადგენილებაა მიღებული, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ თვითმმართველობები გადაწყვეტენ რომელ პერიოდში შეძლებენ სადისტრიბუციო მანქანები გადაადგილებას. სატრანსპორტო პოლიტიკა თბილისის მერის საარჩევნო დაპირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.
რაც შეეხება სხვა დიდგაბარიტიანი ავტომობილების გადაადგილებს შეზღუდვას, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. არც ის არის ცნობილი დიდი მოცულობის მანქანებში რომელი ტიპის ტრანსპორტი – მხოლოდ სატვირთო მანქანები და სპეცტექნიკა თუ ავტობუსები და მინივენებიც იგულისხმება, რომლებიც დღის განმავლობაში განუწყვეტლივ გადადგილდებიან დედაქალაქის ქუჩებში.