„ჩვენ რომ ნაციონალებს ვებრძოდით, ტყვიების ზუზუნში ვიდექით, კობახიძე გოგლიმოგლს მიირთმევდა“

„ჩვენ რომ ნაციონალებს ვებრძოდით, ტყვიების ზუზუნში ვიდექით, კობახიძე გოგლიმოგლს მიირთმევდა“

„ევროპული საქართველო“ ეკა ბესელიას და მისი თანაგუნდელების საკანონმდებლო ინიციატივას მხარს უჭერს. კანონპროექტს მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობაც“. როგორც ნიკა მელია აცხადებს, ხმა უნდა მისცენ ამ კანონპროექტს, რათა დროებით ეს მეტასტაზირების პროცესი შეჩერდეს. ბესელიას და კანონპროექტის ავტორების უმრავლესობაში დარჩენა სწორედ ამ კანონპროექტების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ბესელიას ინიციატივას მხარს არ დაუჭერს უმრავლესობა და ეს მმართველმა გუნდმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ღიად დადასტურდა.

ბესელიას კანონპროექტის მიმართ ოპოზიციის მხარდაჭერაში,  პარლამენტის თავმჯდომარემ ლევან გოგიჩაიშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კონსენსუსი აღმოაჩინა და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან ნიშანდობლივი.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არის კონკრეტული პოლიტიკური მოცემულობა. ეს კონსენსუსი ამ დარბაზში, რომელიც არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამდენიმე წევრს და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე. აქ საუბარია მარტივ რაღაცაზე, საფუძველი იმის, რომ ეს კანონპროექტი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს მხარდაჭერილი, არის ის, რომ კანონპროექტის ტექსტი პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ტექსტს. შესაბამისად, ამ პირობებში, არის ამ კანონპროექტის მხარდაჭერა აბსოლუტურად დაუშვებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა კანონპროექტს მხარს დაუჭერს, ლევან გოგიჩაშვილის განცხადებით, სწორედ კობახიძე უნდა წავიდეს პარლამენტიდან, რომელიც არ შეესაბამება იმ თანამდებობას, რაზეც ის არის.

„ძალიან არაადეკვატურია ეს ადამიანი. პირდაპირ გეტყვით, არ შეესაბამება იმ თანამდებობას, რაზეც ის არის. აბსოლუტურად დაკარგული აქვს რეალობის განცდა, მორალზე აღარ ვსაუბრობ. ჩინჩალაძის მორალია თავიდან ბოლომდე, როცა ამბობ, რომ ის ცუდი იყო და ახლა კარგი გახდა. საკუთარი სიტყვებით თავის მორალს ხაზი გაუსვა. ბუნებრივია, თუ უმრავლესობა მხარს დაუჭერს, მე ვფიქრობ, მე კი არა, კობახიძე უნდა წავიდეს. თუ არ დაუჭერს, ბუნებრივია, მე ჩემს გადაწყვეტილებას მივიღებ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს უარყოფს ეკა ბესელია და პარლამენტის თავმჯდიმარეს მის წარსულს ახსენებს: „ჩვენ რომ ნაციონალებს ვებრძოდით, ტყვიების ზუზუნში ვიდექით, კობახიძე გოგლიმოგლს მიირთმევდა“, – და დასძენს, რომ ირაკლი კობახიძეს მორალური უფლება არ აქვს, ამ ტონით ესაუბროს მას და მის თანამოაზრეებს.

„ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ გუშინ ბოროტებას სჩადიოდნენ, დღეს კეთილად გასხივოსდნენ, ეს ადამიანი მორალურად ზუსტად იქ დგას, სადაც იდგნენ ის ადამიანები, ვისაც ჩვენ ვებრძოდით. ნიკა მელია თუ სამადაშვილი თუ რატიანი, ჩემთვის ერთი მთლიანია ესენი, არც გაყოფილია და არც გამოყოფილია. დაუჭერენ თუ არა მხარს, ეს არ არის ჩემთვის მთავარი, უბრალოდ, ხმების რაოდენობა გვჭირდება, რომ ინიციატივა გავიდეს, მაგრამ ისინიც კი ხვდებიან, რომ არაპოპულარულია ამ ინიციატივის მხარდაჭერაზე უარის თქმა. ისინიც ხვდებიან ამას და ამას ვერ ხვდება კობახიძე, რომელიც თურმე კონსტიტუციას იცავს. კონსტიტუციას კი არ იცავს, ზარდიაშვილს და ჩინჩალაძეს იცავს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

თუკი კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციასთან შესაბამისობის მინიმალურ სტანდარტს, მას არ ექნება მხარდაჭერა – ასეთია უმრავლესობის გზავნილი, რაც ნიშნავს, რომ ბესელიას ჯერ კანონპროექტს ჩაუგდებენ და შემდეგ უმრავლესობიდან გასარიცხად მოამზადებენ. როგორც ანრი ოხანაშვილი აცხადებს, მოსამართლეების შესახებ კანონპროექტის ავტორები ითხოვენ საქართველოს კონსტიტუციის გვერდით გადადებას.

„აღნიშნული კანონპროექტის ავტორები ჩვენ გვთავაზობენ, რომ ქვეყნის უზენაესი კანონი, საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც შეიმუშავა ქართველმა ხალხმა და რომელთა ურყევი ნებაა დაცული იყოს საქართველოს სახელმწიფოში კონსტიტუციური წეს-წყობილება და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, გადავდოთ გვერდით.

მე ვსვამ შეკითხვას და მივმართავ საზოგადოებას, რამდენად სამართლიანი ვიქნებით, რამდენად გვაქვს ამისი ლეგიტიმაცია ჩვენი საზოგადოების მიერ მიღებული უზენაესი კანონის საპირისპირო გადაწყვეტილება მივიღოთ? უზენაეს კანონს უნდა შეესაბამებოდეს ყველა სხვა საკანონმდებლო აქტი, რომელსაც მიიღებს პარლამენტი.

ეს კანონპროექტი კიდევ უფრო გადატვირთულ სასამართლო სისტემას კოლაფსთან მიიყვანს. ამ კანონის მიღების შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ იმას, რომ 2021 წლისთვის სასამართლო სისტემა ასი მოსამართლით შემცირდება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ასე არ ფიქრობს კანონპრეოქტის ერთ–ერთი ავტორი ლევან კობერიძე, რომლის განცხადებით, კანონპროექტი კონსტიტუციას შეესაბამება და ის აუცილებლად უნდა მიიღონ. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი დასტური უნდა იყოს, რომ პარლამენტის საშვი, რომელიც ყოველ ჩვენგანს გვიდევს უბეში, არ არის მხოლოდ პარლამენტში შემოსასვლელი საშვი და ეს არის ის მანდატი, რომელიც მოსახლეობისგან გვაქვს მიღებული.

„შეიძლება პიროვნულად ვიღაცას არ მოსწონდეს ლევან კობერიძე, გოგიჩაიშვილი, ბესელია, ფოფხაძე და ა.შ. მაგრამ გთხოვდით, რომ ეს სუბიექტური მიდგომა გვერდზე გადავდოთ, რადგან დღეს ჩვენ რა კანონზეც ვსაუბრობთ, მგონია, რომ არის გარკვეული ნიშანსვეტი - საქართველოს პარლამენტს შეუძლია თუ არა ადეკვატური რეაგირება მოახდინოს იმ შექმნილ სიტუაციაზე, რომელიც დღეს არის სასამართლოს გარშემო.

სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ იუსტიციის საბჭო მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე გააკეთებდა განცხადებას, რომ ის თვითონ აჩერებს დროებით რაიმე ნორმატიული აქტით უვადოდ დანიშვნებს, მაგრამ ეს არ გაკეთდა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ მას ეს პასუხისმგებლობა რეალურად არ გააჩნია, არ სურს, რომ გააჩნდეს და ალბათ, აქვს, რაღაც ერთი კონკრეტული მიზანი დასახული“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

კანონპროექტის კონსტიტუციურობაზე საუბრობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, რომლის განცხადებით, წარმოდგენილი პროექტით უზენაეს სასამართლოში გარედან ჩიტიც ვერ შეფრინდება თუ არა მურუსიძე–ჩინჩალაძის ხელდასმა. ანა დოლიძე ამბობს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები დიდი ხნის წინ უნდა გაჩერებულიყო.

„სამწუხაროდ, წარმოდგენილი პროექტით ირაკლი კობახიძემ არ გაითვალისწინა ის პრინციპული მოთხოვნა, რომელიც აქვს ხალხს და ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნები ხელიდან გამოსცლოდა კლანს. წარმოდგენილი პროექტით გარედან ჩიტიც ვერ შეფრინდება უზენაეს სასამართლოში თუ არა მურუსიძე–ჩინჩალაძის ხელდასმა. ამით ირაკლი კობახიძემ მოახდინა საკუთარი თავის თვითლუსტრაცია. ამ შენობის შიგნით ის არის კლანის უშუალო და პირდაპირი მფარველი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერების შესახებ პროექტი კონსტიტუციურობაზე სამართლიან კითხვებს აჩენს. მისი შეფასებით, საჭიროა გაანალიზდეს პროექტის ხარვეზები და მისი ინიცირება ხელახლა მოხდეს.

„მესმის რა სურვილი უდევს საფუძვლად უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, მოსამართლეთა დანიშვნების შეჩერებასთან დაკავშირებით. მათ სურთ შეაკავონ კლანის ძალაუფლება საბჭოში და ეს სურვილი დასაფასებელია, მაგრამ ამ პროექტს აქვს ტექნიკური ხარვეზები, ვვარაუდობ სიჩქარით გამოწვეული, რომელიც მის კონსტიტუციურობაზე სამართლიან კითხვებს აჩენს.

ამიტომ მგონია, რომ უნდა გაანალიზდეს ეს ხარვეზები და პროექტის ინიცირება ხელახლა მოხდეს, რათა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არგუმენტებს ლეგიტიმურობა გამოეცალოს. მაგალითად, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები 6 წლით კი არ უნდა შეჩერდეს, არამედ რამდენიმე თვით – მანამ, სანამ ის პრობლემები არ გამოსწრდება რომელიც კანონმდებლობაშია“, – აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

trampi ვიმეორებ...................................წირვას გამოუყვანს ბესელია ამ კომსომოლების თამადობით ოცნებას
5 წლის უკან